ლივერპულელთა სეპარატიზმი

AutoSharing Option
"ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სურვილი გამოთქვა, რომ კლუბებსა და ინგლისის პრემიერლიგას შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულებიდან გამოვიდეს და საკუთარი სატელევიზიო ტრანსლაციების უფლება თავად განკარგოს.

მერსისაიდელთა "სეპარატისტული" იდეების უმთავრესი მოტივაცია ის არის, რომ მათი თქმით, ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ მოქმედი ხელშეკრულება წამყვანი კლუბებისთვის წამგებიანია და თუკი ისინი საკუთარ უფლებებს თავად გაყიდიან, ბევრად მეტი შემოსავლის მიღებას უნდა ელოდონ.

პრემიერლიგასთან მოქმედი ხელშეკრულებით "ლივერპული" 3,2 მილიარდი ფუნტის (3,5 მილიარდი ევრო) შემოსავლიდან კუთვნილ წილს, წელიწადში 1/20-თანხას იღებს და ეს წილი ყველა კლუბისთვის თანაბარია.

"ლივერპულის" მმართველი დირექტორი იან ეირი
მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლად მოქმედების შემთხვევაში ენფილდელები უფრო სარფიან გარიგებას გამოჰკრავენ ხელს.

"თუკი "რეალი", "ბარსელონა" და სხვა წამყვანი ევროპული კლუბები ახერხებენ თავიანთი მედიაუფლებების გაყიდვას, რატომ არიან ამას მოკლებულნი "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" და სხვა პრემიერლიგელები? - ჰკითხა ეირიმ "გარდიანს ". - ჩვენ მხოლოდ იმ წილის მიღება გვინდა, რაც გვეკუთვნის.

რას გადავწყვეტთ ამ სიტუაციაში? ჯერ აღნიშნულ თემაზე ხელშეკრულების სხვა მონაწილეებმა გამოხატონ თავიანთი პოზიცია. შეიძლება ერთადერთი სწორი გამოსავალი საკუთარი ტელევიზიის ჩამოყალიბება იყოს, როგორც ეს ესპანეთში ხდება.

ჩვენს პრემიერლიგელ კოლეგებს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, თუკი ბრიტანეთში ცხოვრობს და "ბოლტონის" გულშემატკივარია, შესაძლოა SKY-ს ან ESPN-ს იმიტომ უყურებდე, რომ შენი კლუბის მატჩების ყურება გსურდეს, მაგრამ თუკი კუალა ლუმპურში ცხოვრობ, ამ ტელევიზიებს არ გამოიწერ ამ კლუბის მატჩების საყურებლად. შეიძლება ასეთებიც არიან, მაგრამ უმრავლესობას "ლივერპულის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "ჩელსის" ან "არსენალის" ყურება სურს. როცა სიტუაციას ვაანალიზებთ, ვხვდებით, რომ ჩვენივე ნებით საკუთარ თავებს წამგებიან სიტუაციაში ვაყენებთ".

ბატონმა იან ეირიმ "ლივერპულის" შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას. როგორც აღმოჩნდა, ტომ ჰიკსთან და ჯორჯ ჯილეტთან განშორების დროს კლუბი სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა: "ბანკს ჰქონდა უფლება, ჩვენთვის ვალის გადახდა მოეთხოვა. გარწმუნებთ, ნამდვილად არავინ იყო ისეთი, ვინც ამ ფულის გადახდას საკუთარ თავზე აიღებდა. თავისუფლად წარმოსადგენი იყო, რომ "ლივერპული" დროებითი მმართველების ხელში აღმოჩენილიყო. კლუბი მხოლოდ ბოლო საათებში გადარჩა, რომ ამ გზას არ გაუყვა," - განაცხადა ეირიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული