გზა სკოლიდან ნაკრებამდე

AutoSharing Option
ფილ ჯონსის კარიერული ნახტომი ბავშვთა გუნდ "რობლ უონდერერსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედამდე" მართლაც თავბრუდამხვევია.

სამი წლის წინ ხომ ის ჯერ კიდევ სკოლის ფოტოგრაფისთვის პოზირებდა. მას მერე კი რაც სერ ალექს ფერგიუსონმა მასში 16,5 მილიონი გირვანქა გადაიხადა, 3 თვეში მან ჩემპიონთა ლიგაში დებიუტიც მოასწრო და ინგლისის ნაკრებშიც ითამაშა.

"დეილი მეილის" რეპორტიორებმა ჯონ ედვარდსმა და იან ლედიმენმა გადაწყვიტეს, მის ფენომენს გასცნობოდნენ. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

დანი ჰინდლი. (რობლ უონდერერსის მთავარი მწვრთნელი)
- სადაც არ უნდა ეთამაშა ფილ ჯონსს, დაცვის ცენტრში თუ მარჯვენა ფლანგზე, ყოველთვის ბევრი
გოლი გაჰქონდა. საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავდა. ყოველთვის ლიდერებში შევდიოდით და ერთხელ ლანკაშირის საგრაფოს თასის ფინალშიც კი გავედით. ჩვენი ყოველი თამაში სკაუტთა დიდ ყურადღებას იპყრობდა.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ "მეორე სართულზე" თამაში ყოველთვის იყო ფილის საუკეთესო თვისება. მან ეს რეპუტაცია ალალად დაიმსახურა. მეტოქეები მის წინააღმდეგ ყოველთვის ორ მცველს აყენებდნენ, როცა საქმე სტანდარტულ მდგომარეობაზე მიდგებოდა. ახლა კი როცა მის თამაშს ვუყურებ და ვხედავ, რა დამაჯერებლად ამოაქვს ბურთი დაცვიდან, მასში იმ თვისებებს ვხედავ, რაც მას ჩვენთან თავდამსხმელად თამაშის დროს განუვითარდა. ჩვენგან წასვლის შემდეგ მასთან რამდენჯერმე მქონდა კონტაქტი.

ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ ფილმა დიდი გზა ფეხბურთში სწორედ ჩვენგან დაიწყო. ამასთან მისი მადლობლებიც ვართ. მისი თვისებებიდან ყველაზე მეტად რაც დამახსომდა, ეს შრომისმოყვარეობა იყო.

რისთვისაც არ უნდა მოეკიდა ხელი, დაუღალავად მუშაობდა მასზე. ეს მინდორზეც ჩანდა. უცნაური კი ის არის, რომ სხვების ფონზე ის არასოდეს ჩანდა განსაკუთრებულად ნიჭიერად.

არასოდეს მქონია წინაპირობა, მეფიქრა, რომ ეს ბიჭი ერთ დღესაც, ვთქვათ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშებს-თქო. ვფიქრობ, ეს იმის ბრალი იყო, რომ ყოველთვის გუნდის ინტერესებზე აკეთებდა კონცენტრაციას და არა იმის, რომ ნიჭი აკლდა.

მისი ტოლი ბიჭებისგან განსხვავებით, როცა ბურთს იღებდა, არასოდეს ცდილობდა ფინტების კასკადი ეჩვენებინა. ის ბურთს ყოველთვის თავისუფალ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს აწვდიდა. არ დაგავიწყდეთ, რომ "ბლექბერნმა" ის თავის სკოლაში 8 წლისა მიიწვია, სადაც ის ოთხშაბათობით ვარჯიშობდა ხოლმე. მასზე ბევრის თქმა შეიძლება მისი ატესტატითაც. მხოლოდ უმაღლესი შეფასებები აქვს სპორტის ყველა სახეობაში და... კულინარიაში.

გარი ბოუიერი (ბლექბერნის დუბლების მთავარი მწვრთნელი)
ფილი აკადემიაში მარჯვენა თავდამსხმელის ამპლუაში მოვიდა. ჩვენ ის ჯერ ნახევარდაცვის ცენტრში გადავიყვანეთ, შემდეგ კიდევ უკან დაცვაში დავხიეთ. სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა ის ინგლისის 16 და 18-წლამდელთა ნაკრებებშიც.

როცა ამბობენ, რომ ფილი სხვებისგან დიდად არ გამოირჩეოდა, ეს მართალია. აკადემიაში გადმოსვლის შემდეგ პირველი წელიწადი ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. შემდეგ კი ისე ცუდად ათამაშდა, რომ არ ველოდით. ერთხელ "ნოტინგემ ფორესტთან" ისეთი შეცდომები დაუშვა, ერთ ხანს განაცხადშიც კი აღარ შეგვყავდა.

ამით მას დავეხმარეთ, რომ საკუთარ შეცდომებზე ბევრი ეფიქრა. ამ ამბებიდან ზუსტად ერთ წელიწადში კი მას ძირითად გუნდში ინგლისის თასის შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა. შემდეგ კი პრემიერლიგაში "ჩელსისთანაც" ითამაშა "ივუდ პარკზე". მახსოვს, როგორ შეებრძოლა ჯერ დიდიე დროგბას, შემდეგ კი ფრენკ ლემპარდს და ორივე ეს ბრძოლა მოიგო, რის მერეც იდგა და მუშტი მაგრად ჰქონდა მოკუმული.

როცა საქმე ფეხბურთს ეხება, ის ყოველთვის ენთუზიაზმითაა სავსე. როცა მასთან "მანჩესტერ იუნაიტედზე" ველაპარაკებოდი, იმ ბავშვივით უხაროდა, საყვარელ საკონდიტროში რომ მოხვდება. როცა ჩვენს აკადემიაში ბავშვები მოდიან, მათთვის მისაბაძ მაგალითად სწორედ ფილი მომყავს ხოლმე, ვაჩვენებ მის ფოტოს და ვეუბნები, აი, რისი მიღწევა შეგიძლიათ თუ არ იზარმაცებთ-თქო.

სემ ელერდაისი (ბლექბერნის ყოფილი მწვრთნელი)
ზოგ ფეხბურთელს შანსი, რომ თავი გამოიჩინოს, ფსკერისკენ უბიძგებს, ზოგიერთი კი ამ შანსს იყენებს. ფილი აშკარად მეორე კატეგორიაშია. ამ თამაშში, თანაც ასეთ ასაკში საქმე ფსიქოლოგიურ წონასწორობის შენარჩუნებაში, ადაპტაციასა და გამბედაობაშია და არა ტექნიკურ მომზადებაში. მყარ ფსიქოლოგიაში კი ფილი ნებისმიერს დიდი ფორას მისცემს.

"ოლდ ტრეფორდზე" გადასვლა და "წითლების" შემადგენლობაში მოხვედრა მისთვის დიდი გამოწვევა იყო. ფილს ეს გამოუვიდა. ის მე მუდმივად მაოცებს. სერ ალექსს ჯონსი დაცვის ცენტრში სჭირდება, ვფიქრობ, მას შეუძლია ეს ადგილი წლების განმავლობაში მყარად ჩაიგდოს ხელთ.

ჩვენ მას ნახევარდაცვაში იმიტომ ვათამაშებდით, რომ სამბა და ნელსენი გვყავდა. დარწმუნებული ვარ ფერგიუსონი მას დიდხანს აკვირდებოდა.

ხანდახან ის მოდიოდა ხოლმე ჩვენს თამაშებზე და ალბათ ფილიც სწორედ მაშინ მოხვდა თვალში. იმისთვის კი, რომ ასეთი კარგი ფეხბურთელი შეამჩნიო, არ არის საჭირო ფერგივით გენიოსი იყო. სწორედ ამიტომ იყო, მან "იუნაიტედის", "სიტის", "ჩელსის", "ლივერპულისა" და "არსენალის" წინადადებები რომ მიიღო. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ნიჭიერებას. ის მაგალითს აძლევს პატარა ბიჭებს მთელ ქვეყანაში.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ? არა, ჩვენ ჩვენს შეცდომებზე არ ვსწავლობთ. მწვრთნელები თავიანთ მზერას ხშირად უცხოურ სატრანსფერო ბაზარს მიაპყრობენ ხოლმე. ჩემი აზრით, მათ ამის უნდა რცხვენოდეთ, რადგან ტალანტები ჩვენს ქვეყანაშიც იზრდებიან. ფილი ამის ნათელი მაგალითია.

მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ცეცხლშიც უნდა ჩააგდოთ, ის ამ გამოწვევას ღირსეულად მიიღებს. მეტიც, გვერდიდან შეიძლება ვერც კი იგრძნო, რამდენად რთულ საქმეს აკეთებს ის. სადებიუტო თამაშში ისეთი მშვიდი იყო, გეგონებოდა გუნდში უკვე 10 წელი ჰქონდა გატარებული. შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო მაღალი დონისაა შეხვედრა, იმდენად უფრო ძლიერად თამაშობს. სწორედ ამიტომ არის, რომ "იუნაიტედს" ის იდეალურად ერგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული