ვის რა მოეჩვენა და ვინ რა გაიგო

AutoSharing Option
"ჩელსის" 30 წლის კაპიტანი, ჯონ ტერი შარში რომ არის გახვეული, საქვეყნოდ ცნობილი ამბავი გახლავთ. მას "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" თამაშის დროს მეტოქე გუნდის ფეხბურთელის, 26 წლის ანტონ ფერდინანდის რასისტულად შეურაცხყოფაში სდებენ ბრალს. "რეინჯერსმა" იჩივლა და საქმე, ახლა, ფეხბურთის ასოციაციამ უნდა გაარჩიოს.

ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიახლეა. ერთი ის გახლავთ, რომ "ჩელსის" მცველი ეშლი კოული სადაც ჯერ არს იმის თქმას აპირებს, რომ მას არაფერი გაუგია. "ქუინზ პარკის" რამდენიმე ფეხბურთელი კი ფერდინანდის სასარგებლო ჩვენების მიცემას აპირებს. კერძოდ, კლინტ ჰილმა, პედი კენიმ და შონ
დერიმ ტერის პოზიცია ცოტა შეარყიეს. კერძოდ, მოგეხსენებათ, ტერი არ ურყოფს, რომ ის, რაც ვიდეოჩანაწერზე ჩანს, მართალია - მან მართლა თქვა რასისტული და შეურაცხმყოფელი ფრაზები, მაგრამ ეს მისი ვერსიით აგრესია კი არა, თავის დაცვა იყო.

"ჩელსის" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი ამტკიცებს, რომ მან ფერდინანდს უპასუხა, მე შენთვის ესა და ეს არ მითქვამსო და სწორედ ამ დროს წარმოსთქვა ის სიტყვები, რის გამოც ედავებიან. როგორც ჩანს, ჰილის, კენისა და დერის ჩვენებიდან ახალი კითხვა იბადება: საიდან მოვიდა ეს სიტყვები საერთოდ? რატომ დასჭირდა ტერის ამ კონკრეტული სიტყვების გამეორება თუნდაც უარყოფისთვის?

ცნობილია, რომ "ჩელსის" ვარსკვლავმა საქმის არაოფიციალურად მოგვარება სცადა და, უნდოდა დაკავშირებოდა, როგორც ანტონ ფერდინანდს, ასევე მის უფროს ძმას, რიოს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს, მაგრამ ძმებმა არ უპასუხეს.

ვითარება დაძაბულია ფეხბურთის ასოციაციაშიც. 5 ნოემბერს ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ფაბიო კაპელომ იმ ფეხბურთელების სია უნდა გამოაქვეყნოს, რომლებსაც ესპანეთსა და შვედეთთან ამხანაგურ შეხვედრებში ათამაშებს. როგორ მოიქცეს კაპელო, თუკი მანამდე ასოციაცია მტყუან-მართალს ვერ გაარჩევს? თუმცა, ინგლისის ნაკრების ბანაკიდან ერთი ხმა უკვე გამოვიდა: სანამ ფედერაცია ყველაფერს არ გამოიკვლევს, კაპელო ტერის კაპიტნის სამკლავურს არ ჩამოართმევს.

დავუბრუნდეთ კოულს, რომელიც ტერის მთავარ მოწმედ მოჰყავდა - კოული დაადასტურებს უდანაშაულო რომ ვარო. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ფერდინანდისა და ტერის შელაპარაკების დროს, წყვილის გვერდით სწორედ კოულმა ჩაიარა, თუმცა, ტაბლოიდებმა შეიტყეს, რომ კოული ბევრს ვერაფერს მოყვება. ის ვერ იტყვის, ასე და ასე იყო და ამიტომ, ჩემი თანაგუნდელი მართალიაო.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კოული სიტუაციიდან მარტივად აპირებს გამოსვლას, იტყვის არაფერი გამიგიაო. იქნებ, მართლაც არ გაუგია და წყალწაღებული ტერი ხავსს ეჭიდება?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული