შეიხი განრისხდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მეპატრონემ, შეიხმა მანსურმა მწვრთნელ რობერტო მანჩინის შეუთვალა, თუკი კარლოს ტევესი სასამართლოში გიჩივლებს, პროცესთან დაკავშირებული ყველა ხარჯს პირადად მე გადაგიხდიო.

მოგეხსენებათ, რაზეც არის ლაპარაკი: "სიტიმ" და მისმა 27 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა დავაში ძალიან შორს შეტოპეს.

საქმე სექტემბრის ბოლოს მომხდარ ამბავს ეხება: მანჩესტერული კლუბი ამტკიცებს, რომ მიუნხენის "ალიანს არენაზე", "ბაიერნთან" შეხვედრის დროს, ტევესმა მანჩინის მოედანზე შესვლაზე უარი განუცხადა. შესაბამისად, კლუბმა ფეხბურთელი ოთხი კვირის ხელფასის
დაქვითვით დასაჯა, ეს კი, დაახლოებით მილიონი ფუნტი გახლავთ. ფეხბურთელმა გადაწყვიტა ისტლენდელებს თავი არ წაუხაროს და სასამართლოში იჩივლოს. ის ამტკიცებს, რომ მანჩინისთვის მოედანზე შესვლაზე უარი არ უთქვამს.

ფეხბურთელის ქცევამ ძალიან გააღიზიანა პრემიერლიგის კლუბის არაბი მეპატრონე, შეიხი მანსური, რომელიც მზად არის ბოლომდე მიყვეს საქმეს და თუ საჭიროა, მანჩინის საკუთარი ჯიბიდან მისცეს ფული ტევესისთვის ჭკუის სასწავლებლად. ამასთან, "მანჩესტერ სიტიში" ვარაუდობენ, რომ არგენტინელი ფორვარდი მწვრთნალის წინააღმდეგ სასამართლოში წასვლას ვერ გაბედავს, რადგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა მისი სამომავლო კარიერისთვის წამგებიანი იქნება.

ცნობილია, რომ მანჩინი ტელეფონით ელაპარაკა "მანჩესტერ სიტის" თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაქს და მუბარაქმა სწორედ ამ საუბრის დროს უთხრა მას, რომ შეიხი ყველაფერზე წავა, ოღონდ კი გათავხედებული ტევესი ბოლომდე დაისაჯოს.

სხვა სიტყვებით, ეს იმას ნიშნავს, რომ არაბები არგენტინელ თავდამსხმელს იანვარში კი არ გაყიდიან, არამედ კონტრაქტით გათვალისწინებული ორი წლის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დასვამენ, რათა მან კვალიფიკაცია სრულიად დაკარგოს და ფეხბურთელად ვეღარ ივარგოს - ასეთი იქნება შურისძიება.

რასაკვირველია, კლუბის მხრიდან ეს დიდძალი ფულის დაკარგვასთან იქნება დაკავშირებული თუ ტევესი იანვარში მაინც გაიყიდება, ფასს 40 მილიონი ფუნტიდან ანუ 64 მილიონი დოლარიდან ერთი ცენტიც არ დააკლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული