ნუთუ რუნის შეიწყნარებენ?

AutoSharing Option
უეფას ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისთვის წერილობით უნდა შეეტყობინებინა, რატომ მიუსაჯა 26 წლის უეინ რუნის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია, მაგრამ, ამის გაკეთება სულ მცირე, ერთი კვირით გადადო და... ინგლისელებს იმედი ჩაუსახა.

შეგახსენებთ რუნის დასჯის მიზეზს: ჩერნოგორიასთან შეხვედრაში მან მიროდრაგ ძუდოევიჩს უკნიდან ფეხი გამოსდო. უეფას გამოცხადებული ჰქონდა, რომ თავის მკაცრ ვერდიქტს ახსნა-განმარტებასაც მოაყოლებდა და თარიღიც ჰქონდა დათქმული - ეს სამშაბათს უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ასე არ მოხდა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია:

"უეფასგან მოვიდა ოფიციალური შეტყობინება, რომ ჩვენ, რუნის საქმესთან დაკავშირებულ წერილს დაახლოებით
ერთი კვირის ან უფრო მეტი ხნის შემდეგ მივიღებთ. დისკვალიფიკაციის მიზეზების განმარტების შემდეგ კი ფეხბურთის ასოციაცია ფაბიო კაპელოსა და უეინ რუნისთან კონსულტაციებიზე დაყრდნობით აპელაციას შეიტანს".

კანონის თანახმად, განმარტებების მიღების შემდეგ ასოციაციას საჩივრის შესატანად ექნება სამი დღე, რის შემდეგაც ექვსი დღის მანძილზე მან თავისი სიმართლე უნდა დაამტკიცოს.

ინგლისური ფეხბურთის მმართველი ორგანო აპელაციას რასაკვირველია შეიტანს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია იმას ნიშნავს, რომ ის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელომ გასულ კვირაში გადაკვრით თქვა, სადისციპლინო გარჩევის ნებისმიერი შედეგით დამთავრების შემთხვევაში რუნის ევროპის ჩემპიონატზე წავიყვანო.

საგულისხმოა, რომ მას მერე, რაც უეფამ "იუნაიტედის" ვარსკვლავს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, იტალიელ მწვრთნელს რუნი საერთოდ აღარ უხსენებია, თუმცა ზემოთ აღნიშნულ ინტერვიუში ბრძანა, რომ გუნდში ახალგაზრდებისა და ვეტერანების დასაბალანსებლად მას ასეთი ფეხბურთელი დასჭირდება და ამიტომ, მას მთელი სეზონის განმავლობაში დააკვირდება.

კერძოდ, კაპელომ თქვა: "ჩვენ შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც ძალიან უნდათ ნაკრებში თამაში. გუნდისთვის ასევე აუცილებელია ვეტერანების გამოცდილება. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ დაგვჭირდება ლიდერები, რომელთაც რთულ სიტუაციებში მოქცევის გამოცდილება აქვთ. ვთქვათ, ჯეკ უილშირი შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ მის ახალგაზრდულ ენერგიასთან ერთად ჩვენ ძალიან დაგვჭირდება ჯონ ტერის, რიო ფერდინანდისა და სკოტ პარკერის სიბრძნე. ერთი სიტყვით, ამ ყაიდის ფეხბურთელების გარეშე არაფერი გამოვა. პლუს, მე უეინ რუნის იმედიც მაქვს".

ასე დასრულდება რუნის ამბავი თუ ისე, ცნობილია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია "ევრო 2012"-ის დღეებში გუნდის პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დაბინავებას აპირებს. ამბობენ, რომ ნაკრების შეფებმა გაითვალისწინეს მსოფლიოს 2010 წლის უარყოფითი გამოცდილება და გადაწყვიტეს ფეხბურთელები ხალხისგან მოშორებულ ადგილას აღარ გამოკეტონ. გეგმავენ სხვადასხვა ღონისძიებას, მაგალითად ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის დათვალიერებას. კიდევ, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, ხოლო კრაკოველ ბავშვებს ფეხბურთის გაკვეთილებს ჩაუტარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული