ინგლისი. პრემიერლიგა. II ტურის წინ. ნავსის გატეხვისა თუ ტრადიციის გაგრძელების?

AutoSharing Option

დღეს
არსენალი-ბლექპული 18:00
ბირმინგემი-ბლექბერნი 18:00
ევერტონი-ვულვზი 18:00
სტოკი-ტოტენჰემი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 18:00
ვესტ ჰემი-ბოლტონი 18:00
უიგანი-ჩელსი 20:15

ხვალ
ნიუკასლი-ასტონ ვილა 16:30
ფულჰემი-მანჩესტერი 19:00

ზეგ
სიტი-ლივერპული 23:00

თქმაც არ უნდა, რომ პრემიერლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი მანჩესტერში გაიმართება - 48-ათასიან "სიტი ოფ მანჩესტერ სტედიუმზე" ადგილობრივი გუნდი "ლივერპულს" უმასპინძლებს. ეს თამაში ორშაბათს საღამოს გაიმართება და სამ დღეში გუნდებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ზოგი რამ უკვე ცნობილია.

მაგალითად, მერსისაიდელებს არ ეყოლებათ დებიუტჩაფლავებული ჯო კოული. ექსჩელსელმა ხუთშაბათს ევროპის ლიგის მატჩში თურქეთის "ტრაბზონსფორს" პენალტი ვერ
გაუტანა და თავისი გუნდი საპასუხო მატჩის წინ ერთბურთიან უპირატესობას (1:0) დააჯერა, ხოლო პრემიერლიგაში "არსენალთან" პირველი ტურის შეხვედრაში მსაჯს სულაც თავი გააგდებინა. ეს ნიშნავს, რომ კოული "ლივერპულს" ვერც "სიტისთან" დაეხმარება და ვერც მომდევნო ორ შიდაინგლისურ მატჩში.

სამაგიეროდ, მერსისაიდელებს ხავიერ მასკერანოს იმედი უნდა ჰქონდეთ - არგენტინელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ფეხის ტრავმა პრაქტიკულად მოიშუშა და მანჩესტერში ითამაშებს. გუნდს ასევე დაუბრუნდებიან სტივენ ჯერარდი, ვინც "ტრაბზონთან" შეხვედრაში როი ჰოჯსონმა დაასვენა, და ფერნანდო ტორესი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა მოირჩინა და ახალ სეზონში თავის პირველ მატჩს ჩაატარებს. მოსალოდნელია "იუვედან" მოსული კრისტიან პოულსენის ინგლისური დებიუტიც.

სავარაუდოდ, მასპინძლებსაც ეყოლებათ დებიუტანტები. რობერტო მანჩინის ახალწვეულთაგან ჯეიმს მილნერი ითამაშებს "ლივერპულის" წინააღმდეგ, შესაძლოა, მარიო ბალოტელიც გამოჩნდეს მოედანზე. აი, სერბი ალექსანდრ კოლაროვი და გერმანელი ჯერომ ბოატენგი კი "ქალაქელების" ლაზარეთში არიან.

ამ თამაშს უდიდესი ინტრიგა ამძაფრებს - "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" ბოლოს 2005 წლის გაზაფხულზე დაამარცხა და მას შემდეგ გამართული ხუთი მანჩესტერული ორთაბრძოლიდან სამი წააგო, ხოლო 4-ში გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა.
"სიტის" სერიასთან რა შესადარებელია და, "ბლექპულსაც" აქვს ნავსი გასატეხი. კლუბი, რომელსაც დიადმა სერ სტენლი მეტიუზმა კარიერის საუკეთესო 14 წელი მიუძღვნა, პრემიერლიგაში რიხით დაბრუნდა, გაანადგურა რა "უიგანი" (4:0). დღეს კი სისაიდელებს გაცილებით სერიოზული გამომცდელი ელით - არსენ ვენგერის "არსენალი". ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 1971 წლითაა დათარიღებული, ხოლო "მეთოფეებთან" ბლექპულელთა ბოლო მოგება უფრო ადრე, 1965-ში დაფიქსირდა.

ახალბედები "ემირეიტსზე" უძლიერესი შემადგენლობით გავლენ, მასპინძლებს კი "ლივერპულთან" პირველ ტურში გაძევებული ფრანგი ლორან კოშელნი ვერ დაეხმარება. ტრავმების გამო ლონდონელებს უარის თქმა დენილსონზე, სამირ ნასრიზე, ნიკლას ბენდტნერსა და აარონ რემზიზე მოუწევთ.

ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები კი თავთავიანთ მატჩებს სტუმრად გამართავენ - დღეს "ჩელსი" "ბლექპულისგან" ნაგვემ "უიგანს" ეწვევა, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი" ხვალ საღამოს "კრეივენ კოტეჯზე" იქაურ "ფულჰემს" დაუპირისპირდება.

"არისტოკრატთა" თავკაცი კარლო ანჩელოტი თამაშს წესითა და რიგით კარგ განწყობაზე უნდა ხვდებოდეს: გუნდმა პირველ ტურში "ვესტ ბრომვიჩი" 6:0 დაამცირა, თანაც საკლუბო ექიმებს ერთადერთი პაციენტიღა დარჩათ - ჟოზე ბოსინგვა. ფრენკ ლემპარდმა ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა და ბრანისლავ ივანოვიჩიც გამოჯანმრთელდა. უიგანელებს ფრანგი შარლ ნ'ზოგბია უნდა დაემატოთ, თუმცა გუნდის კაპიტანი გერი კოლდუელი ჯერაც დისკვალიფიკაციას იხდის. საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო შეხვედრა უიგანელთათვის კატასტროფულად დასრულდა - "ჩელსიმ" გასულ მაისში 8:0 გაანადგურა. თუმცა გასული სეზონის პირველ წრეში რობერტო მარტინესის ბიჭებმა საკუთარ მოედანზე მრისხანე მეტოქეს 3:1 კი სძლიეს...

მანჩესტერელმა "წითელმა ეშმაკუნებმა" სეზონი დამაჯერებლად დაიწყეს - ჯერ იყო და, ხსენებული "ჩელსი" "ჩერიტი შილდის" მატჩში დაამარცხეს, ხოლო პრემიერლიგის სტარტზე ელიტაში დაბრუნებული "ნიუკასლი" ბერბატოვის, ფლეტჩერისა და გიგზის უპასუხო გოლებით გაისტუმრეს. სერ ალექს ფერგიუსონის რაზმში დანაკლისი კარგა ხანია ცნობილია - რიო ფერდინანდმა ტრავმის გამო მინდიალიც გამოტოვა და სექტემბრის ბოლომდე იმკურნალებს. ტრავმირებულთა სიაში ასევე არიან პატრის ევრა, ოუენ ჰარგრივზი და ანდერსონი.

"მანჩესტერის" მეტოქე "კოტეჯერებს" თავისთვის მეტად სოლიდური ძალის მოსაკლისება ელის - მეკარე შვარცერი, მცველები კონჩესკი და სენდეროსი და ფორვარდები - ენდი ჯონსონი და დიომანსი კამარა - ხვალ "ფულჰემს" ვერ დაეხმარებიან. ცოტაოდენი უახლეს ისტორიაზეც: "ქრეივენ ქოტიჯზე" ამ გუნდების ბოლო ორი დაპირისპირება ლონდონელებმა 2:0 და 3:0 მოიგეს, ანუ "ფერგის" ბიჭებსაც აქვთ უსიამოვნო ტრადიციის შეწყვეტის სურვილი. ვნახოთ, რა გამოუვათ, თუმცა სეზონის სტარტის გათვალისწინებით, მანკუნიანელები ურიგო ფორმაში ნამდვილად არ არიან.

ბოლო ხანებში ინგლისური ფეხბურთის გრანდთა რიცხვს "ტოტენჰემსაც" მიაკუთვნებენ. "დეზები" პრემიერლიგის პირველ ტურში "სიტის" უგოლოდ დაუზავდნენ, თუმც ჩემპიონთა ლიგაში შვეიცარიულ "იანგ ბოიზთან" 2:3 წააგეს. "სტოკმა" ჩემპიონატი ვულვზში" მარცხით დაიწყო და პირველ საშინაო შეხვედრაში ქულების ანგარიშის გახსნას ეცდება.

"ბირმინგემისა" და "ბლექბერნის" ბოლო 7 დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - ბირმინგემშიც და ბლექბერნშიც; "ევერტონი" და "ვილვზი" ბოლო ორ ჯერზე ერთმანეთს ფრეებზე გაეყარნენ; "ვესტ ბრომვიჩი" "ჩელსისთან" 0:6-ის შემდეგ "სანდერლენდთან" ეცდება რენომეს აღდგენას; "ვესტ ჰემი" კბილებს ილესავს - "ბოლტონთან" შარშანდელი საშიანაო 1:2 არ ასვენებს და იმიტომ; ნიუკასლელი "კაჭკაჭები" პრემიერლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი დაბრუნდნენ, მაგრამ ეგრევე "მანჩესტერს" შემოელახნენ და არც ხვალ ელით იოლი გასეირნება - "ასტონ ვილამ" ბოლო 7 ნიუკასლური სტუმრობიდან მხოლოდ ორჯერ წააგო.
ესაა და ეს, დანარჩენი კი ფეხბურთელებზეა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული