"ჩელსის" კოშმარი გრძელდება

AutoSharing Option
ჯონ ტერისა და „ჩელსის“ კოშმარული კვირა კაპიტნის ფეხის დაცდენითა და არსენალელი რობინ ვან პერსის ჰეთ-თრიკით დასრულდა - „მეთოფეებმა“ „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართულ დაუვიწყარ დაპირისპირებაში 5:3 გაიმარჯვეს.

ტერის, მოგეხსენებათ, მთელი კვირის განმავლობაში „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ფეხბურთელის, ანტონ ფერდინანდის ამბით უჭამდნენ ტვინს - მის რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფაში სდებდნენ ბრალს. და აი, შაბათის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, იღბალი, თითქოსდა მისთვის გაღიმებას აპირებდა - ტერის გოლის წყალობით „ჩელსი“ 2:1-ს იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი ისევ ყირაზე დადგა: „არსენალმა“ ძალ-ღონე მოიკრიბა და 3:2 დაწინაურდა.

ამას კი
კიდევ უფრო მწარე ამბავი მოჰყვა: ხუან მატამ გაქვითა, ოღონდ „ჩელსის“ აღარ ეშველა. 85-ე წუთზე ტერის ფეხი დაუცდა, ფლორან მალუდას მიერ ცუდად, მაგრამ მისთვის დაგორებული ბურთი ვერ მიიღო, რითაც ვან პერსიმ ისარგებლა, მეკარე პეტრ ჩეხთან პირისპირ გავიდა და სტუმრები ერთხელაც დააწინაურა. შემდეგ კი ვან პერსიმ თავისი მესამე გოლიც შეაგდო და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

„არსენალისთვის“ ეს გახლდათ, პრემიერლიგაში, აპრილის შემდეგ პირველი გამარჯვება სტუმრად. რაც შეეხება „ჩელსის“, ჩახედეთ ცხრილს, ის ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ უკვე ძალიან ჩამორჩა.

ბედნიერმა ვან პერსიმ მატჩის შემდე ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა: „ჩვენთვის ეს იყო დიდი, დიდი გამარჯვება. მას განსაკუთრებული სურნელი აქვს, რადგან ჩვენ, ყველამ ერთად, მთელი გულით ვიბრძოლეთ და მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ. ტერის ეპიზოდმა ძალიან გამაოცა. მხოლოდ ჩანაწერში ვნახე, რომ ფეხი დაცდენია. იმ წუთას კი, ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ ჩეხთან პირისპირ გავდივარ. რამდენიმე ვარიანტი მოვიფიქრე, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე ნაღდი და მარტივი შევასრულე“.

ლიდერმა, „მანჩესტერ სიტიმ“ კი იმავე დღეს, საკუთარ „ეტიჰედ სთედიუმზე“, „ვულვერჰემპტონი“ დაამარცხა. ერთი ეგაა, ვენსან კომპანი გაუგდეს მოედნიდან. უპირატესობას იმთავითვე ისტლენდელები ფლობდნენ, ოღონდ 24 წლის უელსელი მეკარის, უეინ ჰენესის შესანიშნავი თამაშის წყალობით „ვულვზი“ მედგრად იდგა. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში სწორედ ჰენესიმ დაუშვა დასანანი შეცდომა - უნდოდა ბურთი მოედნის შუისკენ დაერტყა, მაგრამ წამოპარული სერხიო აგუერო დროულად ვერ შეამჩნია, რაც იმით დასრულდა, რომ არგენტინელმა სრულიად დაუცველი კარის წინ ედინ ჯეკო მოძებნა, რომლემაც ასეთი პოზიციიდან, რასაკვირველია, შეაგდო.

შემდეგ, ჰენესიმ დავიდ სილვას დარტყმული მოიგერია, მაგრამ მის მცველებს ალექსანდრ კოლაროვმა დაასწრო და ანგარიში 2:0 გახადა. ერთი ხნის მერე „ვულვზმა“ ანგარიში შეამცირა - ზემოხსენებულმა კომპანიმ საჯარიმოში კევინ დოილი წააქცია, რაც „ბოლო იმედის ჯარიმა“ გახლდათ. ბელგიელი გააძევეს, სტივენ ჰანტმა კი თერთმეტი მეტრიდან შეაგდო, თუმცა ამან მასპინძელთა უპირატესობას ვერაფერი დააკლო - მსაჯის წამატებულ წუთებში, ადამ ჯონსონმა მესამდაც დალაშქრა „მგლების“ კარი. ცნობისათვის: საბრალო „ვულვზმა“ პრემიერლიგის ბოლო რვა შეხვედრიდან ერთიც კი ვერ მოიგო.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთი კვირის წინ თავს დატეხილ კოშმარს („სიტისთან“ 6:1 დამარცხებას), როგორც ჩანს, თანდათან დაივიწყებს - ლივერპულში „ევერტონს“ 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი ხავიერ ერნანდესმა გაიტანა. და მაინც, ეს არ იყო საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული გუნდის თამაში - მასპინძლებს ორჯერ შეეძლოთ გოლის შეგდება, მაგრამ ერთხელ ლეიტონ ბეინესმა ძელს გაარტყა ბურთი, მეორედ კი ჯეკ როდუელს დავიდ დე ხეამ დიდებულად აუღო.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ტაიმის მიწურულს „ევერტონი“ ბურთს სრულიად აკონტროლებდა, მაგრამ სერიოზული ნაკლიც ჰქონდა, თამაშს მეტოქის საჯარიმოსთან ვეღარ ამწვავებდა.

„მძიმე თამაში გამოვიდა, მაგრამ ასეთსაც ველოდით - თქვა მატჩის შემდეგ „იუნაიტედის“ მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, - ყოველთვის, როდესაც „ევერტონთან“ სტუმრად ჩამოვდივართ, თავისი მაყურებლის მიერ ფრთაშესხმულ გუნდთან გვიწევს თამაში. თუმცა იმაში, რაც მთავარია, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ჩვენ ვაჯობეთ. შესვენების შემდეგ მომეწონა თავს როგორ ვიცავდით, თუმცა ყველაზე მეტად შედეგმა მასიამოვნა“.

ამავე პრეს-კონფერენციაზე ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ კრის სმოლინგს ფეხის ძვალი აქვს გაბზარული და ერთი თვე ვეღარ ითამაშებს.
„ევერტონს“ კი ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს: მერსისაიდელებმა, ყველა შეჯიბრებაში ერთად, ბოლო ექვსი შეხვედრიდან ხუთი წააგეს.

მერსისპირელთა მეორე გუნდმა, „ლივერპულმა“ სტუმრად მოუგო „ვესტ ბრომვიჩს“ -ენდი ქეროლმა და ლუის სუარესმა თავდასხმაში კარგად შეთამაშებული წყვილის ახალი ნიშნები გამოამჟღავნეს. ჩარლი ადამის მიერ პენალტით გატანილისა და პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატში ქეროლის მესამე გოლის წყალობით, „წითლები“ ცხრილში ოთხეულის სიახლოვეს მოკალათდნენ. ცნობისათვის: პენალტიც სუარესმა მოინადირა და ქეროლსაც მან გაუწია ასისტენტობა.

ქეროლმა თქვა: „ლუისი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის ყველა პარტნიორს უქმნის საგოლე მდგომარეობას, ხოლო, როდესაც თვითონ ჩაუვარდება ხელსაყრელი მომენტი, შანსს ხელიდან არ უშვებს. რაც შეეხება ჩემს გოლს, რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და თამაში მონატრებული მქონდა. ასეთ დროს, მოედანზე დაბრუნება და კარში ბურთის შეგდება ყოველთვის სასიამოვნოა“.

ექვს-გოლიანი აღმოჩნდა „ნორვიჩ სიტისა“ და „ბლექბერნის“ შეხვედრა - მეტოქეებმა სამ-სამი გაუტანეს ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 3:1-ს აგებდნენ და ბოლო ათ წუთში გაათანაბრეს.

„სანდერლენდმა“ და „ასტონ ვილამ“ თითოთი ნაკლები, ორ-ორი გაიტანეს ერთმანეთის კარში. „ვილა“ სტუმარი იყო და 85-ე წუთზე
დაწინაურდა, მაგრამ „შავი კატების“ 27 წლის ბენინელმა ნახევარმცველმა, სტეფან სესენიონმა 89-ეზე გაქვითა.

უელსურმა „სუონსიმ“ მეორე ტაიმის მეტი წილის განმავლობაში ათი კაცით დარჩენილ „ბოლტონს“ სამი გოლი გაუტანა და შინ დაუმარცხებელია. შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი სწორედ რიკარდო გარდნერის გაძევება გახლდათ. მან 48-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
„უიგანმა“ „ფულჰემთან“ შინ 0:2 წააგო. ეს ამ გუნდის ზედიზედ მერვე მარცხი გახლდათ.

მომდევნო ტური
5 ნოემბერი: ნიუკასლი-ევერტონი, არსენალი-ვესტ ბრომვიჩი, ასტონ ვილა-ნორვიჩი, ბლექბერნი-ჩელსი, ლივერპული-სუონსი, მანჩესტერ იუნაიტედი-სანდერლენდი, ქუინზ პარკი-მანჩესტერ სიტი.
6 ნოემბერი: ვულვერჰემპტონი-უიგანი, ბოლტონი-სტოკი, ფულჰემი-ტოტენჰემი.

პრემიერლიგა. X ტური
ევერტონი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:1
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, ჰეიტინგა, ჯეგიელკა, ბეინესი - კოულმენი, ფელაინი, როდუელი, ბელიალეტდინოვი (45. ბარკლი) - ოსმანი (76. ველიოსი) - საა (84. გუეიე).
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ფ. ჯონსი, ვიდიჩი, ევანსი, ევრა - უელბეკი (73. ვალენსია), კლევერლი (57. ნანი), ფლეტჩერი, პარკი - რუნი, ერნანდესი (67. ბერბატოვი).
გოლი: 0:1 ერნანდესი (19)
გაფრთხილება: როდუელი, კოულმენი, ფელაინი (ევერტონი)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 13-10; კარში დარტყმა: 19-7 (8-4); თამაშგარე: 3-4; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 35 494

ჩელსი-არსენალი 3:5
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ტერი, ივანოვიჩი, ე. კოული - რამირესი (72. ლუკაკუ), მიკელი (76. მეირელეში), ლემპარდი - სტარიჯი (62. მალუდა), მატა, ტორესი.
არსენალი (4-4-2): შჩესნი - ჯურუ (75. ჯენკინსონი), კოშელნი, მერტეზაკერი, სანტოსი - უოლკოტი (79. როსიცკი), სონგი, არტეტა, ჟერვინიო (88. ვერმაელენი) - რემსი, ვან პერსი.
გოლები: 1:0 ლემპარდი (14), 1:1 ვან პერსი (36), 2:1 ტერი (45), 2:2 სანტოსი (49), 2:3 უოლკოტი (56), 3:3 მატა (81), 3:4 ვან პერსი (85), 3:5 ვან პერსი (90)
გაფრთხილება: ივანოვიჩი - შჩესნი, ვან პერსი, სონგი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 21-13; კარში დარტყმა: 8-12 (6-7); თამაშგარე: 5-2; ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 41 801

მანჩესტერ სიტი-ვულვერჰემპტონი 3:1
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი, ლესკოტი, კომპანი, კოლაროვი - ნასრი (71. ბალოტელი), ბერი, ი. ტურე, სილვა - აგუერო (76. სავიჩი), ჯეკო (63. ა. ჯონსონი).
ვულვერჰემპტონი (4-5-1): ჰენესი - სტირმენი, ბერა, რ. ჯონსონი, უორდი - ედუარდსი (67. ჰემილი), ჰენრი, ო’ჰარა, გუედიოურა (85. ებანკს-ბლეიკი), ჰანტი (85. ჯერვისი) - დოილი.
გოლები: 1:0 ჯეკო (52), 2:0 კოლაროვი (67), 2:1 ჰანტი (75-პენ), 3:1 ა. ჯონსონი (90)
გაფრთხილება: ბერი, ჯეკო - დოილი
გაძევება: კომპანი (74)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 18-6; კარში დარტყმა: 19-13 (7-5); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 47 142

ნორვიჩი-ბლექბერნი 3:3
ნორვიჩი (4-4-2): რუდი - ნაფტონი, ბერნეტი, მარტინი, ტიერნი - ბენეტი (68. ჰოლტი), ბ. ჯონსონი, ფოქსი (75. კროფტი), პილკინგტონი (75. ჯეკსონი) - ჰულაჰანი, მორისონი.
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - ლოუი, ჟივე, სამა, ოლსონი - როჩინა (69. დანი), პედერსენი, ნზონზი, ჰოილეტი (81. პეტროვიჩი) - ფორმიცა, იაკუბუ (70. ფორმიკა).
გოლები: 0:1 ჰოილეტი (45), 1:1 მორისონი (53), 1:2 იაკუბუ (62), 1:3 სამბა (64), 2:3 ბ. ჯონსონი (83), 3:3 ჰოლტი (90-პენ)
გაფრთხილება: ბენეტი, ბერნეტი - ლოუი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 11-11; კარში დარტყმა: 11-8 (5-4); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 26 440

სანდერლენდი-ასტონ ვილა 2:2
სანდერლენდი (4-4-2): მინოლე (53. ვესტვუდი) - ო’ში (36. ბერდსლი), ბრაუნი, ტერნერი, რიჩარდსონი - სესენიონი, კოლბეკი, ვუგანი (82. მეილერი), ლარსონი - უიკჰემი, ბენდტნერი.
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ჰატონი, დანი, კოლინზი, უორნოკი - ნ’ზოგბია (88. ოლბრაიტონი), ჰერდი, ს. პეტროვი, აგბონლაჰორი - ჰესკი, ბენტი
გოლები: 0:1 ს. პეტროვი (20), 1:1 უიკჰემი (38), 1:2 დანი (85), 2:2 სესენიონი (89)
გაფრთხილება: ბერდსლი - აგბონლაჰორი, უორნოკი, დანი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 8-14; კარში დარტყმა: 16-14 (5-3); თამაშგარე: 0-0; ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 37 062

სუონსი-ბოლტონი 3:1
სუონსი (4-4-2): ვორმი - რანგელი, უილიამსი, მონკი, ნ. ტეილორი - დაიერი (90. მური), ბრიტონი, გოვერი, სინკლერი - ალენი, გრემი.
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - სტეინსონი, უიტერი, გ. კეჰილი, გარდნერი - იგლზი, რიო-კოკერი, მ. დევისი, მ. პეტროვი (52. რობინსონი) - პრეტლი (76. კაკუტა), ნგოგი (76. კლასნიჩი).
გოლები: 1:0 ალენი (49), 2:0 სინკლერი (57-პენ), 2:1 გრემი (73.ს.კ.), 3:1 გრემი (90)
გაფრთხილება: ბრიტონი, რანგელი, გოვერი - პრეტლი, გარდნერი, მ. დევისი
გაძევება: გარდნერი (48)
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 9-14; კარში დარტყმა: 23-7 (8-3); თამაშგარე: 6-1; ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 19 477

უიგანი-ფულჰემი 0:2
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - ბოისი (71. სტამი), ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - უოტსონი, დ. ჯონსი, დიამე (13. მაკარტური) - მოზესი, კრუსატი (64. დი სანტო), როდალეგა.
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - გრიგერა, ჰანგელანდი, ბეირდი, რიისე - დემბელე (90. დაფი), მერფი (71. ეტუჰუ), სიდუელი, დემსი - ე. ჯონსონი, ზამორა (81. რუისი).
გოლები: 0:1 დემპსი (42), 0:2 დემბელე (87)
გაფრთხილება: კოლდუელი, ალკარასი - გრიგერა, დემბელე, ჰანგელანდი, ეტუჰუ, დაფი
კუთხური: 9-0; ჯარიმა: 18-13; კარში დარტყმა: 19-6 (6-3); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 15 796

ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 0:2
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი, ოლსონი, მაკოლი, ჯონსი - ბრანტი, მულუმბუ (63. დორანსი), შარნერი (58. ჯ. მორისონი), ტომასი - ტჩოი (71. კოქსი), ოდემვინგე.
ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ენრიკე - ჰენდერსონი, ადამი, ლუკასი, დაუნინგი - სუარესი (82. ბელამი), ქეროლი.
გოლები: 0:1 ადამი (9-პენ), 0:2 ქეროლი (45)
გაფრთხილება: ოლსონი (ვესტ ბრომვიჩი)
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 12-10; კარში დარტყმა: 13-18 (1-4); თამაშგარე: 3-8; ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 25 522

თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 10 9 1 0 36-8 28
2. იუნაიტედი 10 7 2 1 27-12 23
3. ჩელსი 10 6 1 3 23-15 19
4. ნიუკასლი 9 5 4 0 12-6 19
5. ლივერპული 10 5 3 2 14-10 18
6. ტოტენჰემი 8 5 1 2 15-13 16
7. არსენალი 10 5 1 4 20-21 16
8. ნორვიჩი 10 3 4 3 14-15 13
9. ასტონ ვილა 10 2 6 2 13-13 12
10. სუონსი 10 3 3 4 12-15 12
11. სტოკ სიტი 9 3 3 3 7-11 12
12. ქუინზ პარკი 9 3 3 3 7-14 12
13. ვესტ ბრომვიჩი 10 3 2 5 9-13 11
14. სანდერლენდი 10 2 4 4 14-12 10
15. ფულჰემი 10 2 4 4 13-12 10
16. ევერტონი 9 3 1 5 10-13 10
17. ვულვზი 10 2 2 6 9-17 8
18. ბლექბერნი 10 1 3 6 13-23 6
19. ბოლტონი 10 2 0 8 13-27 6
20. უიგანი 10 1 2 7 6-17 5

ბომბარდირები: 10 - ვან პერსი (არსენალი); 9 - აგუერო (სიტი), ჯეკო (სიტი), რუნი (იუნაიტედი); 5 - ბა (ნიუკასლი), ბალოტელი (სიტი), ლემპარდი (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 4 - აგბონლაჰორი, გრემი (სუონსი), ერნანდესი (იუნაიტედი), სტარიჯი (ჩელსი), სუარესი (ლივერპული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული