შავ-თეთრი ანტონის პოზიცია

AutoSharing Option
„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ 26 წლის მცველი, ანტონ ფერდინანდი „ჩელსის“ კაპიტნის, ჯონ ტერის მიერ შეურაცხყოფილი ფერადკანიანი ფეხბურთელიდან რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლად ყალიბდება.

კვირას, „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ თამაშის წინ, მოთელვაზე, მას ეცვა მაისურა წარწერით: „ერთი თამაში, ერთი საზოგადოება“. „რეინჯერსის“ მწვრთნელმა ნილ უორნოკმა თქვა:

„მე თუ მკითხავთ, ის დიდებულად მოიქცა. ამ მაისურის ჩაცმით ანტონმა თავისი დიდი ბუნება გვაჩვენა. თქვენ გგონიათ, „ჩელსისთან“ შეხვედრაში მომხდარმა ამბავმა მასზე რამენაირად იმოქმედა? არავითარ შემთხვევაში, აქ, „რეინჯერსში“ ყველანი ერთსულოვნად ვებრძვით რთულ პერიოდებს“.

ანტონ ფერდინანდს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში პირველი ჩვენება გუშინ უნდა
მიეცა. ბუნებრივია, დაკითხავენ ჯონ ტერისაც. უორნოკმა განაგრძო:

„არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება გამოძიება. არა მგონია, ასეთ საქმეს ჩარჩოები სჭირდებოდეს. რაც შეეხება ფერდინანდს, როგორც ფეხბურთელს, მას „რეინჯერსში“ გადმოსვლის შემდეგ უკან ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. მას აშკარად შეუძლია ინგლისში უმაღლეს დონეზე ითამაშოს. ის კარგი ბიჭი და შესანიშნავი მცველია“.

ამ ისტორიას, რასაკვირველია, დიდი გამოხმაურება ჰქონდა ინტერნეტშიც. საინტერესოა, რომ ინგლისელი ინტერნეტ-მომხმარებლის თვალშისაცემი ნაწილი ფერდინანდისა და „ქუინზ პარკის“ მხრიდან ამხელა ამბის აგორებას სარეკლამო კამპანიად მიიჩნევს. ფერადკანიან ინგლისელთა შორის არიან ისეთები, რომლებიც აცხადებენ, რომ თეთრკანიანი ფერდინანდს ვერ გაუგებს, რადგან ის რასობრივად არავის შეურაცხყვია. განსაკუთრებით სახალისო იყო ერთი მკითხველის რეაქცია:

„რამდენადაც ვიცი, ანტონის ერთი მშობელი შავკანიანია, მეორე კი თეთრი. საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ის, ტერის ზუსტად იგივე რომ ეთქვა (შე შავო ...), ოღონდ სიტყვა შავის მაგივრად მისი მეორე მშობლის კანის ფერი დაესახელებინა?“

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული