ბა! ბა! ბა! და "ნიუკასლი" მესამეა

AutoSharing Option
ორშაბათს პრემიერლიგის მე-10 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. „ნიუკასლ იუნაიტედმა“ სტუმრად 3:1 მოუგო „სტოკ სიტის“. „კაჭკაჭთაგან“ სამივე გოლი 26 წლის საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა სენეგალელმა თავდამსხმელმა, დემბა ბამ გაიტანა. ამ გამარჯვების წყალობით,
დაუმარცხებელი „ნიუკასლი“ მესამე ადგილზე გადავიდა. გახარებულმა მწვრთნელმა ალან პერდიუმ თქვა:

„ბა დიდებული ფეხბურთელია. მას ამ სეზონში შეხვედრა არ გამოუტოვებია და, რაც მთავარია, დასამტკიცებელი არავისთვის აღარაფერი აქვს. ის მთელი სეზონის განმავლობაში ასე თამაშობს“.

საინტერესოა, რომ ბამ იანვარში სწორედ „სტოკში“ ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება. სტოკელმა ექიმებმა ის დაიწუნეს, ორშაბათს კი მაყურებელმა უსტვინა. მაგრამ,
ფრანგი, უფრო სწორად კი სენეგალელი (ბას სენეგალის ნაკრებში 10 თამაში აქვს ჩატარებული) ამ სტვენას მშვიდად შეხვდა:

„თუ სტოკელებს ასე ძალიან უნდათ ვინმესთვის „ბუუს“ დაძახება, უპირველეს ყოვლისა თავის დირექტორატსა და სამედიცინო პერსონალს უნდა დაუძახონ. მე მათ გუნდში ვაპირებდი თამაშს, ამ ადამიანებმა კი არ მიმიღეს. ისე კი, აქ, ამ ქალაქში სამი გოლის გატანა ძნელი საქმეა და მიღწეულით ძალიან ვამაყობ“.

შემდეგ კი ისევ პერდიუმ ილაპარაკა. მან შემდეგ ორ ტურზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ შაბათს „ევერტონთან“ მოგებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება:

„ახლა კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე ვდგავართ. ეს ამოცანა შაბათს „ევერტონთან“ გამარჯვებაა. თუ მას თავს გავართმევთ, მომდევნო ტურში „მანჩესტერ სიტის“ დაუმარცხებელი გუნდის რანგში შევხვდებით და ეს ფანტასტიკური იქნება.

წარმომიდგენია, როგორ გადაივსება ჩვენი სტადიონი. ჩემი ფეხბურთელები ამ სეზონში იმდენად კარგად თამაშობენ, რომ გადავსებული ტრიბუნების მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებენ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული