ბოდიში და მეტი არაფერი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ 27 წლის არგენტინელ თავდამსხმელ კარლოს ტევესს ერთხელაც შეუთვალა, რომ მისი კარიერა შეიძლება ძალიან იოლად დაუბრუნდეს ჩვეულებრივ კალაპოტს.

ამისათვის, თურმე, ერთადერთი რამ არის საჭირო - ტევესმა ბოდიში უნდა მოიხადოს. როგორც ხედავთ, ისტლენდელთა იტალიელმა თავკაცმა სექტემბრის ბოლოს დადებული პირობა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ხმას არ ამოიღებდა, ხუთკვირიანი დუმილის შემდეგ დაარღვია. მანჩინიმ თქვა:

"ჩვენ, ყველანი, ვცდებით. მთავარია, ბოდიშის მოხდა შეგვეძლოს. თუ ბოდიშს მოვიხდით, ყველაფერი დამთავრდება. ფეხბურთელობის წლებშიც ასე მიმაჩნდა და ახლაც იმავე აზრისა ვარ. რაც შეეხება კარლოსს, ამის
შესახებ მას ჯერ კიდევ 20 დღის წინ ვუთხარი. ბოდიში ერთ-ერთი მოკლე სიტყვათაგანია, მის წარმოთქმას დიდი დრო არ სჭირდება. ტევესის აგენტს ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, ხალხი, რომელიც გარს აკრავს, ძალიან მცდარ რჩევებს აძლევებს".

ამის შემდეგ ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ დააზუსტეს, მწვრთნელს ჰკითხეს აქვს თუ არა "ბოკა ხუნიორსში", "კორინთიანსში", "ვესტ ჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" ნათამაშებ ფორვარდს "სიტიში" კარიერის გაგრძელების შანსი. მანჩინიმ მიუგო:
"დიახ, ოღონდ ეს მხოლოდ მას მერე მოხდება, რაც ბოდიშს მოიხდის".

იტალიელი სპეციალისტის ამ სიტყვების შემდეგ ტაბლოიდებმა ფეხბურთელთან ან მის გარემოცვასთან სცადეს დაკავშირება, მაგრამ არგენტინელის ბანაკიდან კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა. ცნობილია, რომ მაშინ, როდესაც "სიტის" ფეხბურთელები ესპანეთში, "ვილიარეალთან" ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩასატარებლად იყვნენ, ტევესი მანჩესტერს არ გაცილებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული