"დეზები" "სიტის" შეევაჭრებიან

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურს" იანვარში "მანჩესტერ სიტისთან" შევაჭრება აქვს განზრახული. მოგეხსენებათ, საშობაოდ სატრანსფერო ბაზარი იხსნება და კლუბებს შორის ფეხბურთელებით ვაჭრობა იწყება.

"დეზებს" სურთ ისტლენდელებს ტოგოელი თავდამსხმელის, 27 წლის ემანუელ ადებაიორის მუდმივ კონტრაქტზე დაელაპარაკონ. ამჟამად მათ ადებაიორი "ეტიჰედ სთედიუმიდან" იჯარის წესით ჰყავთ წამოყვანილი, მაგრამ თუ მანჩესტერელები ფასს დააკლებენ, ფორვარდს სიამოვნებით დაიტოვებენ.

დღეისათვის "სფურზსა" და "სიტის" შორის გაფორმებულ კონტრაქტში წერია, ზამთარი საერთოდ არ არის ნახსენები. იქ წერია, რომ თუ ლონდონელებს ადებაიორის ყიდვა მოუნდებათ, ზაფხულში 14 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ დათმობაზე წასვლა თავად
ყოფილ არსენალელსაც მოუხდება.

ჯერჯერობით მისი ხელფასი იგივეა, რასაც "მანჩესტერ სიტიში" თამაშის, უფრო სწორედ კი სათადარიგოთა სკამზე ჯდომის დროს იღებდა - კვირაში 170 ათასი ფუნტი. ამ თანხის ნახევარს "დეზები" იხდიან, ნახევარს კი ისტლენდელები. იმ შემთხვევაში თუ გუნდები შეთანხმდებიან და ტოგოელი "უაით ჰართ ლეინზე" დარჩება, "სიტი" თავის ნახევარს, ბუნებრივია, აღარ გადაიხდის. ერთი სიტყვით, ჩრდილოლონდონურ კლუბსა და ფეხბურთელს ახალ გასამრჯელოზე აქვთ მოსალაპარაკებელი, მაგრამ "ტოტენჰემიდან" გამოსული ხმების თანახმად, ოღონდ კი მანჩესტერიდან გამოიქცეს და ადებაიორი ხელფასის შემცირებაზე ყაბულსაა.

ტოგოელი ვარსკვლავის გადაბირება სურთ "იუვენტუსსა" და "პარი სენ ჟერმენსაც".

ნახავს თუ არა ადებაიორის იანვარში გაყიდვით რაიმე ხეირს "მანჩესტერ სიტი"? სავადაუდოდ, ნახავს. ჯერ ერთი, მართალია დათქმულზე ნაკლები, მაგრამ გარკვეული თანხა ახლავე შემოუვა და მეორეც, მისი ხელფასის გადახდისგან გათავისუფლდება, რაც "ნაპოლიდან" ედინსონ კავანისა და მარეკ ჰამშიკის წყვილის გადაბირებაზე სერიოზულად დაფიქრების საშუალებას მისცემს. ტაბლოიდებმა დაასახელეს თანხაც: თუ ადებაიორის ფასს "სიტი" 4 მილიონ ფუნტს დააკლებს, "ტოტენჰემთან", წესით, ყველაფერი უპრობლემოდ უნდა მოგვარდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული