საქმის გამოძიებას ხელი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გარდა ლონდონის პოლიციამაც მოჰკიდა და, როგორც ჩანს, სერიოზულად. შეგახსენებთ, რომ ფერდინანდი ტერის ბრალად თამაშის დროს რასობრივ შეურაცხყოფას სდებს.
ბუნებრივია, ისეთ თავმოყვარე ქვეყანას, როგორიც ინგლისია, ნაკრების კაპიტნად ვერ ეყოლება ადამიანი, რომელსაც ასეთ რამეს აბრალებენ და თან პოლიციაში აქვს საქმე. შესაბამისად, წინა პლანზე ეროვნული გუნდის კაპიტნის საკმაოდ რთულმა საკითხმაც წამოიწია.
უნდა ითქვას ისიც, რომ ინგლისელებისა და ესპანელების დაპირისპირებას ცალკე "რასისტული" ისტორია აქვს. ყველაზე სკანდალური ამ გუნდების შვიდი წლის წინანდელი დაპირისპირება გახლდათ. მატჩი, რომელზეც მოგახსენებთ, მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა.
მაშინ, ესპანელმა მაყურებელმა ფერადკანიან ინგლისელ ფეხბურთელებს ტრიბუნიდან რა არ უძახა. კერძოდ, იმ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტერის ისტორიის გმირი ანტონ ფერდინანდი და მისი უფროსი ძმა რიო, აგრეთვე შონ რაიტ-ფილიპსი, ეშლი კოული და ჯერმაინ ჯენასი. მაშინ უეფამ ესპანეთის ფეხბურთის ასოციაცია 100 ათასი შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა.
დიდი ამბავი ატყდა ესპანელთა იმდროინდელი მწვრთნელის, ლუის არაგონესის კომენტარების გამოც. არაგონესმა იმხანად "არსენალის" ფერადკანიანი ფრანგი ვარსკვლავი, ტიერი ანრი შეურაცხყო. დღეს, ინგლისელები შიშობენ, რომ ესპანელებთან ამდაგვარი წინაისტორიის შემდეგ მათ წინააღმდეგ იმ გუნდის გაყვანა, რომლის კაპიტანიც "რასისტი" ჯონ ტერი იქნება, უხერხულია და მეტოქეს მათი დაცინვის საშუალებას მისცემს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"