რიომ სხვანაირად უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელ - სერ ალექს ფერგიუსონს 32 წლის რიო ფერდინანდის გუნდში დატოვება კი უნდა, მაგრამ აფრთხილებს, რომ ამისათვის მას სხვანაირად მოუწევს თამაში.

მოგეხსენებათ, ფერდინანდი ბოლო ხანს ცუდ ფორმაშია. ის არც ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ფაბიო კაპელომ გამოიძახა "ევრო 2012"-ის ბოლო შესარჩევ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. ფერგიუსონს მიაჩნია, რომ ყველაფრის მიზეზი სისწრაფის დაკარგვაა. ფერდინანდი "იუნაიტედის" დაცვის ცენტრში ნემანია ვიდიჩის გვერდით ადგილის დასაკავებლად ფილ ჯონსისა და კრის სმოლინგის კონკურენციას ვეღარ უძლებს. ფერგიმ თქვა:

"რიო მალე (7 ნოემბერს) 33 წლის გახდება და გასაკვირი არ
არის, რომ ხუთი წლის წინანდელივით მკვირცხლად ვეღარ დარბის. რაკი ასეა, მან თავისი თამაშის სტილი უნდა შეცვალოს. სისწრაფეს, ბუნებრივია, ვეღარ დაეყრდნობა. ასეთი მომენტი უკლებლივ ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება. ადრე თუ გვიან ყველას უწევს თამაშის სტილის შეცვლა. ასეთი პერიოდი პირადად ჩემთვისაც ნაცნობია. თუ რიო მოახერხებს და მიხვდება, ამიერიდან როგორ უნდა ითამაშოს, ძალიან გამიხარდება".

ფერდინანდმა მონაწილეობა მიიღო ერთი ხნის წინ გამართულ მანჩესტერულ დერბიში, რომელიც "სიტის" გამანადგურებელი გამარჯვებით, 6:1 დასრულდა. იმ დღეს დაზაფრული ვეტერანი ფერგიუსონმა შემდეგ ტურში, "ევერტონის" წინააღმდეგ ("იუნაიტედმა" მოიგო 1:0) აღარ ათამაშა, თუმცა მწვრთნელი შორსაა იმ აზრისგან, რომ მისი კარიერა ამით დასრულდა:

"ბურთის ფლობის თვალსაზრისით რიო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად რჩება. მოედანზე მისი ყოფნა თანაგუნდელებისთვის კვლავინდებურად მნიშვნელოვანია. შეცვლით, როგორც მოგახსენეთ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მან აჩქარების ძველებური უნარი დაკარგა, რომლის წყალობითაც ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ბოლო მეტრს უგებდა. არა უშავს, ფერდინანდი თამაშის ახალ ხერხებზე გადავა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული