ჩეხი სიმართლეს თვალებში უყურებს

AutoSharing Option
"ჩელსის" მეკარე, 29 წლის პეტრ ჩეხი შიშობს, რომ მისმა გუნდმა ბევრი უხეში შეცდომის გამო ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი გვარიანად შეიმცირა. მეორე მხრივ, ჯერ დასკვნების გამოტანა ნაადრევია და და ამიტომ ჩეხი თანაგუნდელებს აფრთხილებს - დაწინაურებული "მანჩესტერ სიტის" კიდევ უფრო წინ გაშვება აღარ შეიძლება.

"ჩელსი" ვალდებულია ქულები აღარ დაკარგოს. მეკარე, რომელმაც პრემიერლიგაში მხოლოდ პირველ შეხვედრაში მოახერხა მოედნიდან გაშვებული გოლის გარეშე გასვლა, ამბობს, რომ "ლურჯებს" შაბათს, "ბლექბერნთან" შეცდომის უფლება აღარ აქვთ:

"ბოლო ხანს, უკლებლივ ყველა შეცდომის გამო ვისჯებით, შეცდომებს კი, იცოცხლეთ, ძალიან ბევრს
ვუშვებთ. არადა, ლოგიკურია, თუ მოწინააღმდეგეებს საკუთარ კართან სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას მისცემ, ისინი გოლს გოლზე გაგიტანენ. პრობლემები გვაქვს მეტოქეთა კართანაც.

როდესაც გვეძლევა შესაძლებლობა გოლი შევაგდოთ და თამაში ჩავკლათ, ამას არ ვაკეთებთ, რის მერეც ისინი ფხიზლდებიან და გვსჯიან. არადა, ზოგადად თამაშებს რომ დააკვირდეთ, ბურთს მეტწილად ჩვენ ვფლობთ, ძალიან კარგ კომბინაციებს ვათამაშებთ და სხვა. ასეთ დროს კი დამარცხების ფაქტად მიღება და მასთან შეგუება მეტისმეტად ძნელია. ამ ნავსიან პერიოდს რაც უფრო მალე გავივლით, მით უფრო კარგი იქნება, რადგან ჩვენ მეტი წაგებისა და ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. მესმის, რომ სეზონის დამთავრებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა, მაგრამ "მანჩესტერ სიტი" დიდებულად თამაშობს და მისი კიდევ უფრო წინ გაშვება ცოცხალი თავით არ შეიძლება.

ჩვენ ვალდებული ვართ "სიტის" ეს უპირატესობა შევამციროთ და ლიდერს ფსიქოლოგიური ზეწოლა მოვუწყოთ. გასული სეზონი მახსენდება, როდესაც ძალიან დაწინაურებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" კი წამოვეწიეთ, მაგრამ გადასწრება ვეღარ მოვახერხეთ და საბოლოოდ ჩემპიონი მაინც ის გახდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული