ფერგის 25 წელიწადი

AutoSharing Option
კვირას 25 წელიწადი სრულდება, რაც სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელია! დაგვეთანხმებით, მას სრული უფლება აქვს არხეინად დაჯდეს და ის დიდი ტიტულები ითვალოს, რომლებიც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედს" მოაპოვებინა.

ამ კლუბსა და ინგლისურ ფეხბურთში მან მთელი ეპოქა შექმნა, რომლის განმავლობაშიც უამრავი დიდი ჯილდო მოიგო, მაგრამ ვინც ამ ადამიანს იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ჯერ ერთი მიღწეულით ვერ კმაყოფილდება და მეორეც, მას მოსვენებას არ აძლევს ის თამაშები, რომელთა მოგებაც შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა.

იმ შეხვედრათა შორის, რომლის გახსენებაც ფერგის დღემდე არ სიამოვნებს,
ერთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს გახლავთ 1994-95 წლების ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რომელიც "იუნაიტედმა" სტუმრად ითამაშა "ვესტ ჰემთან". სატურნირო მდგომარეობა ასეთი იყო: თუ "ბლექბერნი" "ენფილდზე" "ლივერპულს" ვერ მოუგებდა, ფერგის ბიჭები კი "აპტონ პარკზე" გაიმარჯვებდნენ, "იუნაიტედი" ჩემპიონი გახდებოდა. კითხვაზე, ამ 25 წლის განმავლობაში ჩატარებული თამაშებიდან რომლის ამოგდებას ინატრებდა, ფერგიუსონს მკაფიო პასუხი აქვს:

"ის თამაში, რომელიც "ვესტ ჰემთან", 1995 წელს, სტუმრად 1:1 დავამთავრეთ. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ მსაჯმა მათი მცველის, ტიმ ბრიკერის ხელით თამაში ვერ შეამჩნია და პენალტი არ დანიშნა. ეს არის ერთადერთი შეხვედრა, რომელსაც შევცვლიდი, რადგან ჩვენ იმ დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით. "ვესტ ჰემის" კართან რაღაც საშინელება ხდებოდა, მომენტს მომენტზე ვქმნიდით, მაგრამ გამარჯვების გოლი ვერა და ვერ გავიტანეთ. ხანდახან ბედი ასეთ წარმოუდგენელ ოინებსაც აწყობს".

არადა, იმ დღეს "ბლექბერნმა" "ლივერპულთან" წააგო, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" მაინც ვერ გახდა ჩემპიონი. თუმცა, შემდეგ წელიწადს მოხდა ის, რაც ფერგიუსონს ყველაზე კარგად ახასიათებს: "იუნაიტედი" ჩემპიონიც გახდა და ფეხბურთის ასოციაციის თასიც მოიპოვა.

69 წლის შოტლანდიელი განმარტავს: "კლუბი არ გაძლევს მოსვენების საშუალებას. ის შენგან ახალ წარმატებებს ელის და შენც მორიგ ბრძოლაში ებმები. მაშინ, რასაკვირველია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს ისევ "იუნაიტედის" მწვრთნელი ვიქნებოდი. მეორე მხრივ კი ასეთი რამ რომ გააკეთო თანდაყოლილი ენერგია უნდა გქონდეს, რაც მე არასდროს მაკლდა. რასაც მივაღწიე ჩემმა ხასიათმა განაპირობა, ასეთი ხასიათი კი ბავშვობიდან მიყალიბდებოდა. ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ასეთი ხასიათი უამრავ ადამიანს აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული