შეგახსენებთ, რომ მას მერე, რაც 27 სექტემბერს მიუნხენში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, "ბაიერნთან" 2:0 წააგო (ეს ის მატჩია, რომელშიც კარლოს ტევესმა მოედანზე შესვლაზე უარი თქვა), "სიტის" მარცხის სიმწარე აღარ უგრძვნია - ყველა შეჯიბრებაში ერთად, ზედიზედ შვიდი თამაში მოიგო.
ისტლენდელები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ (10 შეხვედრაში 36 გოლი) და პრემიერლიგის ცხრილში "მანჩესტერ იუნაიტედს" მთელი 5 ქულით უსწრებენ. თუ არ დაიზარებთ და ბომბარდირთა სიასაც ჩახედავთ, ნახავთ,
რაც შეეხება "ქუინზ პარკს", პრემიერლიგაში ახლახან აღზევებულ გუნდს "სიტიში" ნათამაშები ორი ფეხბურთელი ჰყავს: შონ რაიტ-ფილიპსი და ჯოი ბარტონი. "რეინჯერსი" მე-12 ადგილზეა. სტატისტიკა გვეუბნება, რომ "სიტისთან" ბოლო ექვსი შეხვედრიდან ერთიც არ წაუგია. მეცხრე და მეათე ტურებში დასავლეთლონდონელებს თანაქალაქელებთან ჰქონდათ "საქმის გარჩევა". ჯერ იყო და "ჩელსის" მოუგეს (!) 1:0, მერე კი "ტოტენჰემთან" 3:1 წააგეს.
"სიტის" მდევარი "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრეფორდზე" "სანდერლენდს" მასპინძლობს. სერ ალექს ფერგიუსონის "იუნაიტედში" მუშაობის 25 წლისთავზე გუნდი, რასაკვირველია, დამატებით გახლავთ მობილიზებული. ინგლისის ჩემპიონის ამოცანა მხოლოდ ერთია - "შავი კატები" დაამარცხოს და "სიტის" კისერში მდევრის შემაწუხებელი სუნთქვა აგრძნობინოს.
მანჩესტერულ დერბიში 6:1 დამარცხების შემდეგ "იუნაიტედმა", ყველა შეჯიბრებაში ერთად, ზედიზედ სამი თამაში მოიგო. ბოლო პერიოდში თვალშისაცემი კიდევ ის გახლდათ, რომ უეინ რუნი, ჩემპიონთა ლიგაში, "ოცელულთან" შეხვედრაში, სერ ალექსმა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, ნახევარდაცვაში ათამაშა, თუმცა, თუ "სანდერლენდთან" შეხვედრაში მოედანს გამოჯანმრთელებული ტომ კლევერლი დაუბრუნდება, მაშინ რუნი შესაძლოა ჩვეულ ამპლუაში დაბრუნდეს. კლევერლის მოედნის შუაში პარტნიორობას დარენ ფლეტჩერი გაუწევს.
"შავ კატებს" კი ცხრილის ზედა ნახევრის გუნდებთან ცუდი სტატისტიკა აქვთ. "არსენალზე", "ჩელსიზე" და "ნიუკასლზე" აღარ არის ლაპარაკი, გუნდმა მერვე ადგილზე მყოფ "ნორვიჩთანაც" კი წააგო.
"ნიუკასლ იუნატედს" ათი ტურის შემდეგ მესამე ადგილზე არავინ ელოდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: "კაჭკაჭები" მესამე პოზიციაზე არიან და "ევერტონს" მასპინძლობენ. მერედა, მესამე ადგილზე ყოფნასაც გააჩნია - ალან პერდიუს შეგირდები მიმდინარე პირველობაზე ჯერ არ დამარცხებულან. ცხრილში ასეთი გუნდი ორი დარჩა, "სიტი" და "ნიუკასლი". გუნდი შესანიშნავ ფორმაში რომ არის ორშაბათსაც დამტკიცდა, როდესაც დემბა ბას ჰეთ-თრიკით "კაჭკაჭებმა" "სტოკ სიტი" გაანადგურეს. "ევერტონი" კი ამ სეზონში წვალობს, ცუდ ფორმაშია. ბოლო ტურში შინ დამარცხდა "მანჩესტერ იუნაიტედთან", 0:1.
"ჩელსი" "ივუდ პარკზე" "ბლექბერნს" სტუმრობს. "ლურჯები" მკაფიო ამოცანის წინაშე დგანან: ბოლო პერიოდის ჩავარდნას ბოლო უნდა მოუღონ. ეს არის მატჩი, რომელშიც ანდრე ვილაშ-ბოაშის შეგირდებს (რომელთა დიდი ნაწილი ასაკით მისი ტოლია) აუცილებლად გამაჯვება მართებთ.
შეგახსენებთ "ჩელსის" ბოლო სამი შეხვედრის შედეგებს: მარცხი "ქუინზ პარკ რეინჯერსთან", მარცხი "არსენალთან" და ფრე ბელგიურ "გენკთან", ჩემპიონთა ლიგაში. პრემიერლიგის ერთ-ერთ ფავორიტს ასე თამაში არ ეკადრება და გუნდი მდგომარეობის გამოსწორებას "ბლექბერნთან" შეხვედრაშივე შეეცდება.
ამ შეხვედრის მასპინძლებმა კი წინა ტურში, "ნორვიჩთან", ფაქტობრივად მოგებული თამაში გაატანეს ქარს - 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლო 7 წუთში ორი გოლი გაუშვეს. ბლექბერნელთა თავკაც სტივ კინს არასახარბიელო შედეგების გამო კრიტიკა არ აკლია, თუმცა, იხტიბარს არ იტეხს, ამბობს, ჩემს ბიჭებს გავარდნისა არ ეშინიათო:
"შიში რა მოსატანია, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან შეკრულ გუნდს ხანდახან საკუთარი თამაშის ჩანაწერის მშვიდად ნახვა და დაკვირვება სჭირდება".
"ლივერპულმა" მომენტი არ უნდა გაუშვას ხელიდან, დებიუტანტ "სუონსის" უნდა მოუგოს - "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" გამარჯვების შემდეგ მერსისაიდელებს კიდევ ერთი წარმატება სჭირდებათ თავი კიდევ უფრო ყოჩაღად რომ იგრძნონ. "წითლების" გუნდში განსაკუთრებით კარგი თამაშით ურუგვაელი ლუის სუარესი გამოირჩევა. მან "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში ორი საგოლე პასი შეასრულა, მანამდე, "ქარლინგის თასზე", "სტოკ სიტისთან" კი ორი თავად გაიტანა.
სუარესს თავდასხმაში ენდი ქეროლი შეუწყვილდება. აი, ნახევარდაცვაში კი უფრო პრობლემურად არის საქმე, რადგან ინფენქციამ კაპიტანი სტივენ ჯერარდი გამოთიშა საქმეს. ჯერარდის არყოფნაში ჩარლი ადამის მხარდამხარ ბრაზილიელი ლუკასი ითამაშებს. "ლივერპულის" თავკაც კენი დალგლიშს აუცილებლად სჭირდება გამარჯვება. გუნდს ამ სეზონში ოთხეულში მოხვედრა აქვს დაგეგმილი და ქულების ფანტვა ყოვლად დაუშვებელია.
უელსური გუნდი კი, ყველას გასაკვირად, ათი ტურის შემდეგ მეათე ადგილზეა - სამი მოიგო, რასაც არავინ ელოდა. ახლა ოთხ დამარცხებასაც ხომ გააჩნია? "სუონსის" მოუგეს "ჩელსიმ", "არსენალმა", "მანჩესტერ სიტიმ" და "ნორვიჩმა. აქვე უნდა დავძინოთ, რომ არც ერთ მათგანს უელსელებთან იოლად არ გაუსეირნია. "სუონსისთვის" დიდი მნიშვნელობა ექნება თუ როგორც ითამაშებს თავდამსხმელი დენი გრემი, რომელმაც ბოლო ოთხ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა.
"სუონსის" თავკაცმა, ბრენდენ როჯერსმა თქვა: "გასულ სეზონში, როდესაც პლეი-ოფში გავიმარჯვეთ, კენი დალგლიშისგან ძალიან თბილი მოლოცვის წერილი მივიღეთ. ვიცით, რომ ჩვენდამი დიდი სიმპათიით არის განწყობილი მისი ასისტენტი სტივ კლარკიც, მაგრამ ჩვენ "ენფილდ როუდზე" სამი ქულისთვის მივდივართ".
"არსენალი" შინ თამაშობს, მისი მოწინააღმდეგე "ვესტ ბრომვიჩია". წარმატების შემთხვევაში ეს მეთოფეთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იქნება პრემიერლიგაში. ბოლო ორი შეხვედრა ჩრდილოლონდონელებს ერთმაეთისგან განსხვავებული ჰქონდათ: ინგლისის ჩემპიონატში "ჩელსისთან" საუცხოოდ ითამაშა (ყოველ შემთხვევაში, თავდასხმაში) და 5:3 მოიგო, შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგაში, "მარსელთან" უსახური და უგოლო ფრე გამოუვიდა.
"ვესტ ბრომვიჩი" დედაქალაქში ორი წამყვანი ფეხბურთელის, თავდამსხმელი შეინ ლონგისა და მცველი პოლ შარნერის გარეშე ჩადის.
"ასტონ ვილა" "ნორვიჩს" მასპინძლობს. ბირმინგემელების შემადგენლობაში შეიძლება "ტოტენჰემის" მიერ გაქირავებული 28 წლის ჯერმაინ ჯენასი ვიხილოთ. ეს "ვილაში" მისი დებიუტი იქნება. როგორც ამბობენ, ფორვარდს ბარძაყისა და კოჭის ტრავმები დაუამდა. "ნორვიჩი" კი ყოჩაღობს და არავისთვის გახლავთ იოლად დასამარცხებელი - პრემიერლიგაში ამ სეზონში აღზევებულთაგან ცხრილში ყველაზე მაღლა სწორედ ეს გუნდია.
ცუდ დღეში მყოფი "ბოლტონი" "სტოკ სიტისთან" შეხვედრაში შეეცდება სეზონი სასიკეთოდ შემოატრიალოს. "სტოკმა" ორშაბათს "ნიუკასლთან" 3:1 წააგო და ისიც წამხდარი ნირის გამოსწორებაზე იქნება მომართული.
"უიგანი" "ვულვერჰემპტონს" ესტუმრება. გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელი, რობერტ მარტინესი შეეცდება თავისი ბიჭები ბოლო ადგილს ააცილოს. საგულისხმოა, რომ კლუბის თავმჯდომარე დეივ უილანი ესპანელ თავკაცს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
დაბოლოს, ლონდინური დერბი: "ფულჰემი" "ტოტენჰემ ჰოთსპურის" წინააღმდეგ. დასავლეთ ლონდონის" კიდევ ერთი წარმომადგენელი, "ფულჰემი", მე-15 ადგილზეა და, წესითა და რიგით, "ტოტენჰემ ჰოთსპურს" ყველა პარამეტრით ჩამოუვარდება, თუმცა "დეზებს" ერთი ცუდი ამბავი შეემთხვათ - მათი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი ამ დღეებში ცუდად გახდა და გულის მცირე ოპერაცია უფრო სწორედ კი სტენტირება ჩაუტარეს. მას ორი არტერია ჰქონდა ჩაკეტილი.
როგორი რეაქცია ექნებათ რედნაპის ფეხბურთელებს? მწვრთნელის გარეშე დარჩენილები დაიბნევიან თუ პირიქით, ძალ-ღონეს მოიკრებენ და რედნაპს გამარჯვებას მიუძღვნიან? ამის შესახებ უკვე ტურის მიმოხილვაში ვილაპარაკებთ.
ინგლისი. პრემიერლიგა. XI ტური
დღეს
ნიუკასლი-ევერტონი 16:45
ტრავმა: ამეობი, ტიოტე - ჰეიტინგა, ტ. კეჰილი, ფ. ნევილი, ენიჩიბე
დისკვალიფიკაცია: ფელაინი (ევერტონი)
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: შამახი, გიბზი, დიაბი, სანია, უილშირი - შარნერი, ლონგი
ასტონ ვილა-ნორვიჩი 19:00
ტრავმა: ლიჩაი - ვუგანი, უითბრედი, უორდი
ბლექბერნი-ჩელსი 19:00
ტრავმა: ს. დანი, გრელა, სალგადო, რ. ნილსენი - მიკელი, ილარიო, ესიენი
დისკვალიფიკაცია: დროგბა (ჩელსი)
ლივერპული-სუონსი 19:00
ტრავმა: ჯერარდი, კარაგერი - დობი, კოლკერი, ტატე
მანჩესტერ იუნაიტედი-სანდერლენდი 19:00
ტრავმა: კლევერლი, მაკედა, გიგზი, გიბსონი, სმოლინგი, ე. იანგი - ფ. კემპბელი
ქუინზ პარკი-მანჩესტერ სიტი 21:30
ტრავმა: კონოლი, დ. ჯ. კემპბელი, ჰალსი, დაიერი - ჰარგრივზი
დისკვალიფიკაცია: კომპანი (მანჩესტერ სიტი)
ხვალ:
ვულვერჰემპტონი-უიგანი 17:30
ტრავმა: ფლეტჩერი, ფოული, ზუბარი - კირკლენდი
დისკვალიფიკაცია: კოლდუელი (უიგანი)
ბოლტონი-სტოკი 19:00
ტრავმა: ბოიატა, ჰოლდენი, რიკეტსი, მირსი, ლი, შ. დევისი - სიდიბე, ფულერი
დისკვალიფიკაცია: გარდნერი (ბოლტონი)
ფულჰემი-ტოტენჰემი 20:00
ტრავმა: სა, ჰიუზი, სენდეროსი, ს. დევისი - კრანჩარი, ჰადლსტოუნი, გალასი, დოუსონი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 10 9 1 0 36-8 28
2. იუნაიტედი 10 7 2 1 27-12 23
3. ნიუკასლი 10 6 4 0 15-7 22
4. ჩელსი 10 6 1 3 23-15 19
5. ტოტენჰემი 9 6 1 2 18-14 19
6. ლივერპული 10 5 3 2 14-10 18
7. არსენალი 10 5 1 4 20-21 16
8. ნორვიჩი 10 3 4 3 14-15 13
9. ასტონ ვილა 10 2 6 2 13-13 12
10. სუონსი 10 3 3 4 12-15 12
11. სტოკ სიტი 10 3 3 4 8-14 12
12. ქუინზ პარკი 10 3 3 4 8-17 12
13. ვესტ ბრომვიჩი 10 3 2 5 9-13 11
14. სანდერლენდი 10 2 4 4 14-12 10
15. ფულჰემი 10 2 4 4 13-12 10
16. ევერტონი 9 3 1 5 10-13 10
17. ვულვზი 10 2 2 6 9-17 8
18. ბლექბერნი 10 1 3 6 13-23 6
19. ბოლტონი 10 2 0 8 13-27 6
20. უიგანი 10 1 2 7 6-17 5
ბომბარდირები: 10 - ვან პერსი (არსენალი); 9 - აგუერო (სიტი), ჯეკო (სიტი), რუნი (იუნაიტედი) 8 - ბა (ნიუკასლი); 6 - ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 5 - ბალოტელი (სიტი), ლემპარდი (ჩელსი), 4 - აგბონლაჰორი, გრემი (სუონსი), ერნანდესი (იუნაიტედი), სტარიჯი (ჩელსი), სუარესი (ლივერპული); 3 - ბეილი (ტოტენჰემი), ადებაიორი (ტოტენჰემი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"