ეტუჰუმ მსაჯს შეუტია

AutoSharing Option
"ფულჰემის" 29 წლის ნიგერიელმა ნახევარმცველმა, დიკსონ ეტუჰუმ "ტოტენჰემთან" შეხვედრის მსაჯ პიტერ უოლტონს კრიტიკა არ დააკლო. მან არ მიიღო არბიტრის ბოდიში - უოლტონმა ლონდონური დერბის დრამატულ მომენტში აშკარა ხელით თამაში ვერ შეამჩნია, პენალტი არ დანიშნა, მაგრამ არ გამორიცხა, რომ შეცდა და მოიბოდიშა, თუმცა ეტუჰუს გული ამით ვერ მოიგო. ხელით კი "დეზების" მარჯვენა მცველმა, კაილი უოკერმა ითამაშა.

ეს თერთმეტმეტრიანი დარტყმა რომ დანიშნულიყო, "ფულჰემი" ანგარიშს გაათანაბრებდა და ვინ იცის, იქნებ, შემდეგ, "ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჯერმაინ დეფოს 90-ე წუთზე მესამე გოლი ვეღარც გაეტანა. მატჩის შემდეგ
ეტუჰუ მძვინვარებდა:
"ამაზე აშკარა ხელით თამაში აღარ არსებობს. მე იქვე ვიდექი და ყველაფერი საკუთარი თვალით დავინახე. მსაჯი შეცდა. მე მას დაველაპარაკე და იცით, რა მიპასუხა? ეგ მომენტი კარგად ვერ გავარჩიე და თუ რამე შემეშალა ბოდიშს გიხდიო. ამაზე ვუპასუხე, რომ ბოდიშის მოხდა მდგომარეობას ვეღარ გამოასწორებს.

გადამწყვეტი მომენტი იყო. პენალტი რომ დანიშნულიყო, ანგარიშს გავათანებრებდით და თამაშის მიწურულს რა მოხდებოდა კიდევ კაცმა არ იცის. ასე კი, როგორც ნახეთ, "ტოტენჰემმა" მესამე გოლიც გაგვიტანა. ძალიან ძნელია უსამართლობასთან შეგუება, მაგრამ სხვა გზა აღარ გვაქვს. ჩვენ ისე ვითამაშეთ, რომ 3:1 წაგება რა მოსატანია, უნდა მოგვეგო. მოედანზე ორი გუნდიდან ერთი მეორეს სჯობდა - ჩვენ ვჯობდით "ტოტენჰემს". ეჭვი არ მეპარება, რომ მალე ცხრილში აღმასვლას დავიწყებთ".

"ტოტენჰემ ჰოთსპურს" კი მოგეხსენებათ, მთავარი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი აკლდა - მას გულის მცირე ოპერაცია გაუკეთეს. რედნაპის არყოფნაში გუნდს მისი შოტლანდიელი ასისტენტი ჯოი ჯორდანი ხელმძღვანელობდა. მატჩის შემდეგ ჯორდანმა თქვა:

"ასეთ მეორე ტაიმს არ ველოდით. შესვენებამდე კარგად ვთამაშობდით და დამსახურებულად დავწინაურდით, შესვენების შემდეგ კი ყველაფერი ყირაზე დადგა. ახლა უნდა დავწყნარდეთ და მტკიცე ნებისყოფა გამოვამჟღავნოთ. მესამე გოლი? ეს იღბლის საჩუქარი იყო. არ მეგონა თუ გავიტანდით. ვფიქრობდი, რომ თუ იმ შეხვედრაში ვინმე გოლს შეაგდებდა, ეს "ფულჰემი" იქნებოდა.

რაც შეეხება არდანიშნულ პენალტს, მასზე ამდენი ლაპარაკი არ ღირს, რადგან "ფულჰემს" ისედაც უამრავი მომენტი ჰქონდა და ვალდებული იყო გაეტანა. ახლა ყველაფრის იმ ერთ ეპიზოდზე გადატეხვა მათი მხრიდან თავის მართლებაა".

შემდეგ, როდესაც რედნაპის ჯანმრთელობისა და სამსახურში დაბრუნების სავარაუდო თარიღის შესახებ ჰკითხეს, სქოთმა იხუმრა: "დღეს ბოლო ნახევარი საათი ისეთი იყო, რომ თუ ჰარიმ უყურა და არაფერი მოუვიდა, ესე იგი მალე დაგვიბრუნდება" .

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული