ინგლისის ნაკრები: ფაბიო კაპელო რასიზმს ვერ ხედავს

AutoSharing Option
აკი მოგახსენეთ, რომ ლონდონის პოლიციამ ინგლისის ნაკრების იტალიელ თავკაც ფაბიო კაპელოს სთხოვა მისი კაპიტნის, 30 წლის ჯონ ტერის ამბავთან დაკავშირებით თავისი აზრი არ გამოეთქვა, მაგრამ „მილანის“, „რეალის“, „რომას“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა თავკაცმა სამართალდამცავების გაფრთხილება ყურად არ იღო და განაცხადა, რომ ინგლისელთა ეროვნული გუნდის ბანაკში რასიზმის შემთხვევა არასდროს ჰქონია. კაპელომ თქვა:

„რაც მე ინგლისის ნაკრების სათავეში ვარ, რასიზმის შესახებ არც მსმენია, ასეთი რამ არც მინახავს და არც გადმოცემით გამიგია, ვინმეს ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს. ფეხბურთელებს შორის რასობრივი შეუწყნარებლობის პრობლემა არ არსებობს“.

როგორც
იცით, მიუხედავად იმისა, რომ ტერის ბრალად „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ 26 წლის მცველის, ანტონ ფერდინანდის შეურაცხყოფა ედება, კაპელომ „ჩელსის“ ვეტერანი შეკრებაზე გამოძახებულთა 25-კაციან სიაში შეიყვანა. ტაბლოიდებისთვის ცნობილი გახდა, რომ იტალიელმა ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის ლიდერებთან თათბირის შემდეგ მიიღო. კერძოდ, მას რჩევა მისცეს სამენეჯერო საქმის დირექტორმა ადრიან ბევინგტონმა, მდივანმა ალექს ჰორნმა, ფეხბურთის განვითარების დირექტორმა ტრევორ ბრუკინგმა და თავმჯდომარე დევიდ ბერნსტეინმა. კაპელომ თქვა:

„დღეს ყველა ჯონ ტერიზე ლაპარაკობს. მის შესახებ ჩვენც ბევრი ვიმსჯელეთ. მე მისი კლუბის მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშსაც დავუკავშირდი და ვკითხე აპირებდა თუ არა ის ტერის „ბლექბერნთან“ გამოყვანას. მან მითხრა, რომ აპირებდა. ფედერაციის ხელმძღვანელებთან მსჯელობისას მეც ვთქვი, რომ ტერისთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ვხედავდი. რა საკვირველია, ყველას ძალიან გვაინტერესებს რა შედეგით დასრულდება ფეხბურთის ასოციაციისა და პოლიციის გამოძიება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: სანამ კაცს ბრალს არ დაუმტკიცებ, ის უდანაშაულოა“.

და მაინც, იტალიელი მწვრთნელისა და ასოციაციის ერთობლივი გეგმის თანახმად, ტერის მოახლოებული ორი ამხანაგური თამაშიდან (ესპანეთსა და შვეიცარიასთან) პირველში არ უნდა ეთამაშა, ხოლო მეორეში შესვენების შემდეგ უნდა შესულიყო მოედანზე - ეს ერთგვარი კომპრომისი გახლდათ, რომელსაც კაპელო... მაინც არ აღიარებდა. ის ამბობდა, რომ ტერის კი არ სჯიდა, არამედ სხვა ფეხბურთელების საქმეში შემოწმება სურდა, მაგრამ მას მერე, რაც „ევერტონის“ ცენტრალურმა მცველმა ფილ ჯეგიელკამ ტრავმა მიიღო, გადაწყდა, რომ კაპიტანი ესპანეთთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე მაინც უეჭველად იჯდება.

აღსანიშნავია, რომ კაპელომ შეკრებაზე არ გამოიძახა ანტონ ფერდინანდის უფროსი ძმა, რიო ფერდინანდი, რასაც დაუყოვნებლოვ მოჰყვა ჭორები. იტალიელმა ეს ჭორები გააბათილა:

„მე მას ალექს ფერგიუსონის საიუბილეო ვახშამზე შევხვდი და ვუთხარი: რიო, წავიკითხე რა დაწერა შენს შესახებ სერ ალექსმა. ვფიქრობ, მართლაც მეტი პრაქტიკა გჭირდება. ამაზე მან მიპასუხა, რომ კარგი ფორმის აღსადგენად მართლაც უფრო ხშირად თამაში მოუხდებოდა. იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის რიო ძველებურად ითამაშებს“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს, ესპანეთთან და შვეიცარიასთან. ინგლისელთა იტალელმა თავკაცმა თქვა, რომ ესპანელებს მათივე იარაღით მხოლოდ გიჟი თუ დაუპირისპირდება:

„ესპანელების სტილის მიბაძვა სიგიჟეა. ამ სტილს სათავე „ბარსელონას“ სკოლაში აქვს და ეს ყველაფერი წლების წინ დაიწყო. ასეთი ფეხბურთი რომ ითამაშო, ის სისხლსა და გონებაში უნდა გქონდეს გამჯდარი. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოგივა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული