ახალი დაუმარცხებლების დაბადება

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, პრემიერლიგის ისტორიაში ერთადერთი გუნდი, რომელმაც მთელი სეზონი დაუმარცხებლად ჩაატარა, "არსენალია" - არსენ ვენგერის ლეგენდარულმა "მეთოფეებმა" ეს 2003-04 წლების სეზონში შეძლეს. მიმდინარე ჩემპიონატში "მანჩესტერ სიტი" და "ნიუკასლ იუნაიტედი" მიდიან დაუმარცხებლად, მაგრამ ამ ორი გუნდის შედარება არ შეიძლება. "სიტი" ჩემპიონობისთვის იბრძვის, "კაჭკაჭების" მარცხსა და დაქვეითებას კი ყოველ ტურში ელიან.

ერთი სიტყვით, ისტლენდელებს 11 ტურის შემდეგ ძალიან შთამბეჭდავი შედეგი აქვთ - 10 მოგება და ერთი ფრე. ამ შედეგის შემყურე მანჩესტერელთა 28 წლის კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი, იაია ტურე იმედოვნებს, რომ ის და მისი
გუნდი სეზონს შვიდი წლის წინანდელი "არსენალის" მსგავსად დაუმარცხებლად ჩაამთავრებენ:

"მანჩესტერ სიტიში" იმიტომ გადმოვედი, რომ ისტორიაში მინდოდა მოხვედრა. ჩვენ ახალ ფურცელს ვწერთ, რაც უმნიშვნელოვანესია. მართალი გითხრათ, სეზონის დაუმარცხებლად ჩამთავრებაზე ბევრსაც არ ვფიქრობ, რადგან პრემიერლიგაში თამაში ძალიან ძნელია და სხვა გუნდები ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოგვიგონ. კალენდარს რომ ჩავხედოთ, ვნახავთ, რომ ურთულესი შეხვედრები გველის. უახლოეს მომავალში "ნიუკასლს" ვმასპინძლობთ, მერე "ლივერპულს" უნდა ვესტუმროთ, შემდეგ მივემგზავრებით ლონდონში, "ჩელსისთან" სათამაშოდ და ამას "არსენალთან" შინ დაპირისპირება მოჰყვება. რასაკვირველია, ამ მეტოქეებთან ბრძოლა ძნელია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ დაუმარცხებელ სვლას განვაგრძობთ".

ტურე ამბობს, რომ მანჩესტერულ დერბიში 6:1 გამარჯვებამ დაამტკიცა, რომ რობერტო მანჩინის ბიჭები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და მზად არიან:
"მანჩესტერული დერბის შემდეგ, კოტ დ’ივუარიდან რამდენიმე კაცმა დამირეკა და მკითხა: ეს მართალია? თქვენ "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგეთ? ხალხი ნელ-ნელა ხვდება, რომ "მანჩესტერ სიტი" ახლა უკვე დიდი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც ძალიან დიდი ფეხბურთელები თამაშობენ".

თუმცა კითხვაზე, შეიძლება თუ არა "სიტის" მის ყოფილ გუნდთან, "ბარსელონასთან" შედარება, ტურეს ეცინება:
"არა, ჩვენ მათგან ძალიან შორს ვართ. "ბარსელონა" ფანტასტიკური კლუბია. მგონი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები უპირველეს ყოვლისა იქ არიან: ჩავი, ინიესტა, დანი ალვეში, ლიონელ მესი, ჟერარდ პიკე... მათ დონეზე რომ ახვიდე, ბევრი უნდა იმუშაო და დიდი ჯილდოები მოიგო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული