ტევესმა ქუდი დაიხურა

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ 27 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა, კარლოს ტევესმა კლუბის ნებართვის გარეშე ქუდი დაიხურა და სამშობლოში წავიდა. არადა, ისტლენდელებს ყოფილი კაპიტანი იმ დილით ვარჯიშზე ჰყავდათ დაბარებული.

მოგეხსენებათ, კლუბმა ფეხბურთელს მწვრთნელთან, რობერტო მანჩინისთან ცნობილი კონფლიქტის გამო ხელფასიდან 400 ათასი ფუნტი (თავდაპირველად 800 ათასზე იყო ლაპარაკი, მაგრამ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ გაანახევრებინა) დაუქვითა. ამ ჯარიმის გადახდას ტევესი, ყველასთვის მოულოდნელად, დაყაბულდა. ხალხს ეგონა, რომ ამის მერე საქმე ურთიერთობების დათბობისკენ წავიდოდა, მაგრამ უცნაურმა ადამიანმა დაუყოვნებლივ ახალ შარში გაჰყო თავი.

სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ტევესმა „სიტის“ ოფისს
რამდენჯერმე სთხოვა არგენტინაში წასვლის ნებართვა. როგორც იცით, ახლა სანაკრებო დღეებია და პრემიერლიგა მომდევნო კვირის უქმეებამდე ისვენებს, თუმცა, ოფისიდან თავდამსხმელს ყველა თხოვნაზე უარი შემოუთვალეს. რასაკვირველია, „სიტის“ უარი არგუმენტირებული იყო - მართალია, მანჩინიმ ფეხბურთელები გაუშვა, მაგრამ ტევესს დიდი ხანია არ უთამაშია და მწვრთნელები სანაკრებო წყვეტის პერიოდში მასთან ფიზიკურ მომზადებაზე აპირებდნენ მუშაობას. კლუბის პრეს-მდივანმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„კარლოსი არგენტინაში ბოლო მოგზაურობის შემდეგ თამაშისთვის ფიზიკურად აღარ იყო მზად და მწვრთნელებმა მას და ფეხბურთელთა ერთ ჯგუფს საგანგებო პროგრამა შეუდგინეს. სამშაბათი დასვენების დღე იყო, ოთხშაბათიდან კი ყველა წვრთნას უნდა შედგომოდა“.

ჯგუფში, რომელიც პრეს-მდივანმა ახსენა ის ფეხბურთელები შედიან, რომლებსაც პრემიერლიგის შეხვედრებში რეგულარული თამაში არ უწევთ. ფიზიკური ფორმის გაძლიერებაზე მუშაობს მაიკლ ოუენიც. ბუენოს-აირესში ჩასულ ტევესს კი აეროპორტში ჟურნალისტები დახვდნენ. ფეხბურთელმა უთხრა: „მე აქ, ცოტა ხნით, დასასვენებლად ჩამოვედი“.

„მანჩესტერ სიტის“ კიდევ ერთი ფეხბურთელისთვის მოუხდა ხელფასის დაქვითვა. ლაპარაკია 30 წლის კოტ დ’ივუარელ კოლო ტურეზე. კლუბმა ის, მისი ხელფასიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დასაშვები თანხით, 720 ათასი ფუნტით დააჯარიმა. ჯარიმის გადახდას ფეხბურთელი დათანხმდა. მოგეხსენებათ, ტურე დოპინგის მიღებისთვის ექვსი თვით გახლდათ დისკვალიფიცირებული და მისი დანაშაულიც ეს არის.

ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბმა განცხადება გაავრცელა:

„საერთაშორისო სადისციპლინო წესების შესაბამისად „მანჩესტერ სიტი“ თავის ფეხბურთელ კოლო ტურეს ექვსი კვირის ხელფასით აჯარიმებს. კოლო ჯარიმას სამართლიანად მიიჩნევს, კლუბში რჩება და მთელი ყურადღება პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატზე გადააქვს“.

საინტერესოა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გორდონ ტეილორმა ტურეს დაჯარიმების დრომ დააეჭვა - ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის ვადა ხომ სექტემბერში გაუვიდა. მეორე მხრივ კი, თურმე, საქმის განხილვა ორჯერ გადადებულა - ვისაც ჯერ არს არ ეცალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული