ჯონ ტერის საქმის გამოძიება გრძელდება, კოული დაკითხვაზე დაიბარეს

AutoSharing Option
ჯონ ტერის საქმის გამოძიება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების 30 წლის კაპიტანს ბრალად 23 ოქტომბერს, „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ შეხვედრაში, მეტოქე გუნდის მცველის, ანტონ ფერდინანდის რასობრივი შეურაცხყოფა ედება.

ამ ამბის ერთ-ერთი მოწმე „ჩელსის“ მცველი, ასევე 30 წლის ეშლი კოული გახლდათ, რომელსაც კლუბმა პოლიციაში ჩვენების მიცემა სთხოვა.

თურმე, ლონდონის პოლიციას, რომელიც ფერდინანდის ჩივილის საფუძველზე აღძრულ საქმეს სწავლობს „ჩელსისთვის“ საყვედური უთქვამს, სიმართლის დადგენაში აქტიურად არ მონაწილეობთო. ტაბლოიდ „სანს“ ერთ-ერთმა წყარომ უთხრა:

„პოლიცია უკმაყოფილო იყო „ჩელსის“ მიერ მიწოდებული ჩვენებების რაოდენობით. გამომძიებლებმა კლუბს
მიმართეს და უთხრეს, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ინციდენტის დროს მოედანზე იყვნენ, ვალდებულები არიან დეტალურად აღწერონ, რა ნახეს და რა მოისმინეს. ეშლი არ იქნება ერთადერთი, ვისაც პოლიციაში მისვლა და ჩვენების მიცემა მოუწევს. კოულს „ჩელსიმ“, უბრალოდ, პირველს დაავალა ამის გაკეთება“.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების თანახმად ტერიმ ფერდინანდს შეაგინა და ამ გინებაში სიტყვა შავიც გაურია. ბრალდებას „ჩელსის“ კაპიტანი უარყოფს. ის ამბობს, რომ მას მეტოქისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ისმის კითხვა, რატომ უნდა მისცეს პირველი ჩვენება პოლიციელებს მაინც და მაინც კოულმა? საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც ირკვევა, „ლოფტას როუდზე“, მატჩის დამთავრების შემდეგ, „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ გასახდელში კოული შევიდა და ფერდინანდი გამოიხმო, ტერის შენთან სალაპარაკო აქვსო. „სანს“ რეინჯერსის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოუყვა:

„ანტონი ჯონთან სალაპარაკოდ გავიდა. ტერიმ მას უთხრა, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ისე ჩანს, თითქოს მან რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენა. ფერდინანდმა, რომელმაც იმწუთას კარგად ვერც გაიგო რაზე ელაპარაკებოდა ტერი, უპასუხა, არ ინერვიულო, პრობლემა არ არისო“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული