კაპელო თავს იზღვევს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტთა სიიდან თავად მისმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ წაშალა.

ხვალ ინგლისელები "უემბლიზე" მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს მასპინძლობენ. ეს ამხანაგური თამაშია, რომელიც მასპინძლებს გამოცდად მიაჩნიათ - ესპანელები გამოაჩენენ, სინამდვილეში რისი მაქნისია მათი გუნდი. თუმცა, კაპელომ გამოცდის გარეშეც იცის, რომ მისი შეგირდები ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ და ამის მიზეზი პრემიერლიგაში ინგლისელთა ნაკლებობაა.

ასეთი განცხადება კაცისგან, რომელიც წელიწადში 6 მილიონ ფუნტს ანუ 7,2 მილიონ ევროს იღებს და დიდი გასამრჯელოს მიუხედავად, შარშან, ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონატი ჩააფლავა, ბუნებრივია, ბევრს აღიზიანებს. მაგრამ იტალიელი უკან
არ იხევს და ამბობს, რომ იმ კონტიგენტით, რომელიც მის განკარგულებაშია, კიდევ კარგად გამოდის. მეორე მხრივ, გულშემატკივრისთვის ძნელია შეჩვეულთან გადაჩვევა - ფანებს სურთ გუნდი ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდეს.

"ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ვფიქრობ, რაც ინგლისის ნაკრების სათავეში ვარ, კარგად ვიმუშავე. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ინგლისის პირველობაზე ძალიან ცოტა ინგლისელი ფეხბურთელი თამაშობს. მათი რაოდენობა 33 პროცენტია" - თქვა კაპელომ და დასძინა, რომ მისი მოთამაშეების მხრიდან ესპანელების სტილის მიბაძვა დიდი შეცდომა იქნებოდა:

"თავადაც გვყავს კარგი მოთამაშეები, თუმცა მათი ოსტატობა ისე მაღალი ნამდვილად არ არის, ესპანური სტილის კოპირება რომ დაიწყონ. ბურთის ერთი შეხებით გათამაშებას განსაკუთრებული დონე სჭირდება".

არადა, ჯერ ნოემბერია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატამდე შვიდი თვეა და ასე ადრე წუწუნი ინგლისელმა ჟურნალისტებმა ამთავითვე თავის მართლებად აღიქვეს. როგორ გინდა შეეგუო აზრს, რომ ივნისში ფეხბურთელები დაღლილები იქნებიან და ცუდად ითამაშებენ.

"ნოემბერში მოთამაშეები ფიზიკურად კარგ ფორმაში არიან, მაგრამ ინგლისურ ფეხბურთს ერთი დიდი პრობლემა აქვს: ზაფხულის დასაწყისში ყველა დახოცილია. პრემიერლიგაში ხომ სირბილი, ორთაბრძოლები და დაძაბულობა მთელი სეზონის განმავლობაში წამით არ ნელდება".

შემდეგ კაპელომ თავისი კოლეგა, ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე შეაქო:

"ვისენტე მარტო დიდი მწვრთნელი და კარგი ადამიანი კი არა, ძალიან ჭკვიანი პიროვნებაცაა. როდესაც ის ესპანეთის ნაკრებს სათავეში ჩაუყენეს, იმ წუთას მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა. ის უდიდესი ფსიქოლოგია. მან ხომ 2008 წელს ევროპის ჩემპიონი გუნდი ჩაიბარა, მაგრამ საქმე ისე წაიყვანა, რომ ტრიუმფატორ ფეხბურთელებს კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის დააწყებინა ბრძოლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული