ვიღაცამ კაჭკაჭთა ბუდეს გადაურბინა

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" მეპატრონე მაიკ ეშლიმ 119-წლიან ისტორიას წერტილი დაუსვა - "კაჭკაჭების" ლეგენდარულ სტადიონს "სენტ ჯეიმს პარკი" აღარ ერქმევა. ამიერიდან ის "სპორტს დაირექტ არენაა"!

ლონდონელ მილიონერს ნიუკასლელები ყოველთვის ერჩოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ მათ გუნდს "კოკნის მაფია" (კოკნი, მოგეხსენებათ, ლონდონური დიალექტია) არ უნდა მართავდეს, მაგრამ არათუ მისი თავიდან მოშორება ვერ მოახერხეს, არამედ პირიქით, ეშლი მათ სიწმინდესაც კი შეეხო. ამას, რასაკვირველია, დიდი ხმაური მოჰყვება. მეორე მხრივ, ლონდონელ მესაკუთრესა და მის გარემოცვას თავისი არგუმენტები აქვს. კლუბის თავმჯდომარე დერეკ ლამბიასი ამბობს:

"რომან აბრამოვიჩს ფული ულევად
აქვს, მაგრამ ისიც კი აპირებს "სტემფორდ ბრიჯისთვის" სახელის გადარქმევას, რათა "ჩელსის" შემოსავალი გაიზარდოს. ახლა მითხარით, თუკი ასეთი ნაბიჯი "ჩელსის" არგებს, "ნიუკასლ იუნაიტედისთვის" ის ხომ მისწრება იქნება?! ჩახედეთ პრემიერლიგის ცხრილს. ჩვენ ჩემპიონატი შესანიშნავად დავიწყეთ და გვინდა ასევე გავაგრძელოთ, მაგრამ იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს", "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" კონკურენცია გავუწიოთ, საიდანაც კი ფულის შოვნა შეიძლება, უნდა ვიშოვნოთ. ფეხბურთი სპორტის ძვირი სახეობაა.

ფანების რეაქცია? მათ შეიძლება ძალიან გვაკრიტიკონ, მაგრამ ეს იგივე ხალხია, რომელიც ფულის ხარჯვასა და ახალ-ახალი ფეხბურთელების ყიდვას გვთხოვს. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენი ამოცანა კლუბში მეტი თანხების ინვესტიციაა. ჩვენ თავად გვინდა ახალი ვარსკვლავებით გაძლიერება, თუმცა ბევრი შეიძლება არც უკვირდებოდეს, რომ ახალ ფეხბურთელს მარტო სატრანსფერო თანხა კი არ სჭირდება, არამედ ოთხი-ხუთი წლით ხელფასიც უნდა გადაუხადო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გაგიჩერდება. ერთი სიტყვით, სტადიონის სახელის გაყიდვა სწორედ ამ შემოსავლის მოძიების ერთ-ერთი საშუალებაა.

გულწრფელად გეუბნებით, დიდი იმედი მაქვს, რომ ფანები დაინახავენ იმ სარგებელს, რომელსაც სტადიონისთვის სახელის გადარქმევა მოიტანს. ისინი მიხვდებიან, რომ სტადიონი სპონსორებისთვის მოსაზიდად საუკეთესო საშუალებაა. როდესაც მსოფლიო ბიზნესის უდიდესი ბრენდები "სპორტს დაირექტის" ლოგოს და წარწერას წაიკითხავენ, იფიქრებენ, სტადიონის თავზე ხომ ჩვენი სახელიც შეიძლებოდა ყოფილიყოო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული