ამ თამაშს არ უყუროთ

AutoSharing Option
უცნაური რამ განაცხადა „ლივერპულის“ მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა. მან მერსისაიდელ გულშემატკივარს მოუწოდა არ დაესწროს „ქარლინგის თასზე“ „ჩელსისთან“ შეხვედრას.

თურმე, გადატვირთული კალენდრით გაბრაზებულ დალგლიშს გადაუწყვეტია 29 ნოემბერს დანიშნულ შეხვედრაში ახალგაზრდები ათამაშოს. საქმე ის არის, რომ 27 ნოემბერს, კვირას, „წითლები“ პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტის“ მასპინძლობენ და ასეთი მნიშვნელოვანი მატჩიდან ორ დღეში „ჩელსისთან“ ბრძოლა შოტლანდიელს მეტისმეტი ეჩვენა. დალგლიშმა თქვა:

„დღევანდელი დატვირთვების პირობებში კვირას კაცი პრემიერლიგის მატჩით დატვირთო, 48 საათის შემდეგ კი ლონდონში, თასზე სათამაშოდ გაუშვა, უპატივცემულობაა. თუ ფეხბურთის ლიგას საკუთარი შეჯიბრების გაუფასურება აქვს გადაწყვეტილი, დაე
ასე იყოს. არადა, ხომ ვიცი, ეს მატჩი ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოსაცდელად რომ გამოვიყენო, ნაწყენები დარჩებიან. ჩვენს გულშემატკივარს ასე ვეტყვი: სანამ ამ შეხვედრის ბილეთს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით. ნამდვილად არ მინდა ხალხს ფული დავახარჯვინო, ტრიბუნაზე დამსხდრებმა კი, აღმოაჩინონ, რომ მათი საყვარელი გუნდი ამ დღეს ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობს.

გასაგებია, რომ ოთხშაბათს, ლონდონში, „ტოტენჰემი“ სალონიკის „პაოკს“ მასპინძლობს და ქალაქის პოლიციას ერთ დღეში ორი დაძაბული საფეხბურთო მატჩის მომსახურება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, მაგრამ გამოსავლის მოძებნა აშკარად ორგანიზატორთა პრობლემაა. მათ ისეთი რამ უნდა მოიფიქრონ, რომ ფეხბურთელების ინტერესები და შესაძლებლობებიც, რომ გაითვალისწინონ.

ჩვენნაირ დღეშია „მანჩესტერ სიტიც“. მას ამ დღეს ლონდონშივე, „არსენალთან“ აქვს ძნელი შეხვედრა. ერთი სიტყვით, ორგანიზატორების წინაშეა კლუბები, რომლებიც წლების განმავლობაში მათი შეჯიბრების მიმართ პატივისცემას ამჟღავნებდნენ და კარგი იქნება თუ ახლა ამას დაუფასებენ. ამასთან, ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობენ შექმნილ სიტუაციაზე სპონსორები. ხომ არ მიაჩნიათ, რომ ასეთი მოპყრობით მათი დაფინანსებული შეჯიბრების პრესტიჟი ილახება?

საერთოდაც, თასის მეოთხედფინალური ეტაპის ევროლიგის კვირაში დანიშვნა საკუთარი შეჯიბრების შეურაცხყოფა მგონია. როგორც ჩვენ, ასევე „სიტი“ კმაყოფილი დავრჩებოდით პრემიერლიგის თამაშები კვირიდან შაბათისთვის რომ გადაეწიათ, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს - სატელევიზიო გრაფიკის შეცვლა შეუძლებელიაო“.

დალგლიშის პოზიციას კომენტარით უპასუხა ფეხბურთის ლიგის პრეს-მდივანმა: „დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვნეთ“.

ამასობაში კი „ლივერპულის“ ვიცე-კაპიტანმა, 33 წლის ჯეიმი კარაგერმა მყესის ტრავმა მოიშუშა და შემდეგი კვირიდან ვარჯიშს უბრუნდება. კარაგერმა ტრავმის გამო ორი შეხვედრა გამოსტოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული