"ბარსელონას" ბეილი მონდომებია

AutoSharing Option
„დეილი მეილის“ ცნობით, „ბარსელონა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 22 წლის ჰაფბეკ გარეთ ბეილში 42 მილიონ ევროს იხდის.

გასულ კვირას, „დეზები“ ლონდონურ დერბიში „ფულჰემს“ შეხვდნენ და 3:1 მოუგეს. ამ მატჩს „ბლაუგრანას“ საგანგებო წარმომადგენელი, მთავარი სკაუტი ალბერტ ვალენტინე ესწრებოდა. ამბობენ, რომ ესპანური წყაროების თანახმად, „ბარსას“ თავკაცი, ხოსეპ გვარდიოლა უელსელის საყიდლად ლონდონურ კლუბს უახლოეს მომავალში ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მიმართავს.

ბეილს „სფურზთან“ 2015 წლამდე აქვს კონტრაქტი. ამ ხელშეკრულებას მან ხელი მარტში მოაწერა, თუმცა, „დეილი მეილი“ არ არის დარწმუნებული, რომ კატალონიელთაგან ოფოციალური წინადადების მიღების შემთხვევაში, ლონდონელები მტკიცედ
დადგებიან და ვარსკვლავის შენარჩუნებას შეეცდებიან.

მეორე მხრივ, „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავმჯდომარე დენიელ ლივი ჯიბრიანი კაცია და კლუბის ინტერესების დაცვაც ეხერხება. გულშემატკივარს კარგად ახსოვს, როგორ არ გაუშვა ლივიმ „ჩელსიში“ ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი. არადა, დასავლეთლონდონელები მოდრიჩის სანაცვლოდ გვარიან თანხას, თითქმის 47 მილიონ ევროს (40 მილიონი ფუნტი) სთავაზობდნენ.

გაზეთი წერს, რომ თუ ბეილი „ბარსელონაში“ გადავა, „დეზებს“ ახალი ცხოვრების დაწყება მოუწევთ და ამ შემთხვევას „არსენალის“ ისტორიას ადარებს - ზაფხულზე „მეთოფეებმა“ იმავე „ბარსელონას“ თავიანთი კაპიტანი, სესკ ფაბრეგასი მიჰყიდეს. ცნობისათვის: უელსელი ჰაფბეკი ადრე „რელს“ და „ინტერს“ მოსწონდათ, თუმცა მათგან განსხვავებით, ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მფლობელისთვის უარის თქმა შეიძლება გაუჭირდეს.

მიმომხილველები წერენ, რომ მართალია ბეილს ჰარი რედნაპი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებს, გვარდიოლას ის უფრო შემტევი თვისებების მქონე მცველად წარმოუდგენია და ერიკ აბიდალის, მაქსველისა და ადრიანოს შემცვლელობას უპირებს - ეს სამი ფეხბურთელი „ბლაუგრანას“ ყველაზე სუსტ წერტილად ითვლება. უელსელს საჯარიმო მოედნის გარედან საგოლე პასების ჩაწოდება ეხერხება და მისი გადასვლის შემდეგ „ბარსას“ მარცხნიდანაც ისეთივე მწვავე შეტევა შეეძლება, როგორც მარჯვნიდან, დანი ალვეშის წყალობით შეუძლია.

კიდევ, „ბარსელონასთან“ დაკავშირებით „დეილი მეილი“ წერს, რომ ლეო მესისთან ჩხუბის გამო კატალონიურმა კლუბმა შეიძლება დავიდ ვილია გაყიდოს. ვინ იცის, სწორედ ვილიას სანაცვლოდ მიღებული ფულით იყიდოს გვარდიოლამ ბეილი. ამბობენ, ვილიას ყიდვაზე „ლივერპული“ ფიქრობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული