"ჩელსის" თავს რაღაც ხდება

AutoSharing Option
"ჩელსის" თავდამსხმელ დენიელ სტარიჯს, რომელიც 22 წლის გახლავთ, თურმე საკუთარი გულშემატკივარი აყენებდა რასობრივ შეურაცხყოფას. ყოველ შემთხვევაში, კლუბი საქმეს ამ მიმართულებით იძიებს.

თავად ფეხბურთელს არაფერი გაუგია, ხმაური კლუბის მავანმა ვიპ ლოჟის ბინადარმა ატეხა, როდესაც იჩივლა, ორი კვირის წინ ბელგიაში რომ ვიყავით, "გენკთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ჩემს გვერდით იჯდა მდიდარი გულშემატკივარი, რომელიც სტარიჯს მაიმუნი დაუძახაო.

ამას ემატება "ჩელსის" წარმომადგენელთა და ბელგიის პოლიციის ერთობლივი გამოძიება - თურმე, იმავე მატჩის მსვლელობისას "ლურჯების" გულშემატკივართა ჯგუფი თავისი გუნდის მხარდაჭერის მაგივრად, "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მცველის, ანტონ
ფერდინანდის ლანძღვით იყო დაკავებული. ისინი იძახდნენ: "ანტონ ფერდინანდ, თვითონაც ძალიან კარგად იცი ვინ ხარ".

მიზეზი გასაგებია: ფერდინანდს რასიზმის კიდევ ერთი საქმე აქვს აგორებული - "ჩელსის" კაპიტან ჯონ ტერის შეურაცხყოფაში სდებს ბრალს.

ტერის კიდევ დავუბრუნდებით, სტარიჯს კი "გენკის" სტადიონზე მაიმუნი უწოდა კაცმა, რომელსაც 100-ევროიანი ბილეთი ჰქონდა ნაყიდი.

სექტორი, რომელზეც მდიდარი ხალხი იჯდა, ცენტრალური ტრიბუნის ზედა ნაწილში იყო გამოყოფილი და იქ "ჩელსის" დირექტორატის წევრების გარდა ბრძანდებოდნენ სპონსორი ფირმის, "სამსუნგის" წარმომადგენლები, "ბრითიშ ეარვეიზის" თავმჯდომარე მარტინ ბრაუფტონი და კომპიუტერული ბიზნესის გიგანტი, მულტი-მილიონერი პიტერ ჰარისონი. ამ სექტორში სულ 300 კაცი იჯდა, რომელთაგან ერთ-ერთს სტარიჯის მოედნის კიდესთან გამოჩენაზე დაუძახია: "შეხედეთ, მოედანზე უკვე მაიმუნები შეჰყავთ!"

ეს რასისტი კარგად ჩაცმული, შუა ხნის ადამიანი ყოფილა, რომელიც შემდეგ ფერდინანდის საწინააღმდეგო შეძახილებსაც აჰყოლია, ხოლო ეს ყველაფერი კლუბის აღმასრულებელ შეფ რონ გარლისთვის "ჩელსის" მავან თავგადაკლულ ქომაგს ელექტრონული ფოსტით უცნობებია.

ახლა კი, "ჩელსის" კაპიტნის ამბავს დავუბრუნდეთ. 30 წლის ვარსკვლავი ამბობს, რომ ანტონ ფერდინანდთან დაკავშირებულ ისტორიაში მას მხარს მთელს მსოფლიოში უჭერენ. ის დარწმუნებულია, რომ მისკენაა ყველა მწვრთნელი და ყველა ფეხბურთელი. ამის შესახებ ნაკრებისა და დასავლეთლონდონელთა ცენტრალურმა მცველმა ინგლისისა და შვედეთის ამხანაგური თამაშის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა. კერძოდ, მან თქვა:

"კონკრეტულად არავის დასახელება არ მინდა, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მირეკავენ და მამხნევებენ. მეუბნებიან, რომ მხარში მიდგანან. ესენი არიან ფეხბურთელები და მწვრთნელები, საფეხბურთო სამყაროს სხვა წარმომადგენლები.

ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. აი, ჩამოვედი ნაკრებში და ყველაფერი ძველებურად დამხვდა. ძალიან გამიხარდა მოთამაშეებმა მხარი საჯაროდაც რომ დამიჭირეს და პირად საუბარშიც. მეგონა, ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრის დროს, როდესაც ინგლისის ნაკრების ფანების წინაშე პირველად გამოვჩნდებოდი, ერთი-ორი კაცი მაინც დამისტვენდა, მაგრამ ყველამ ტაში დამიკრა. ამის შემდეგ, რასაკვირველია, გულზეც მომეშვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული