კაპელომ ბექჰემი კიდევ ერთხელ უარყო

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ფაბიო კაპელომ ოფიციალურად განაცხადა, რომ დევიდ ბექჰემს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე არ წაიყვანს.

ცნობისათვის, "ლოს ანჯელეს გელექსის" ნახევარმცველი ევრო 2012-ის დღეებში უკვე 37 წლის იქნება.

ეს, ერთი შეხედვით კარგა ხნის მივიწყებული თემა მას მერე წამოიჭრა, რაც ითქვა, რომ ბექჰემი ფორმის აღსადგენად შეიძლება "პარი სენ ჟერმენში" გადავიდეს. როგორც ჩანს, ფეხბურთელმა ერთხელაც მოსინჯა დიდ ტურნირზე მოხვედრის შესაძლებლობა, თუმცა, როდესაც პრესკონფერენციაზე კაპელოს მის შესახებ ჰკითხეს, მწვრთნელმა უპასუხა:

"არა, ბექჰემი ევროპის ჩემპიონატზე არ წამოვა. რამდენადაც ვიცი ის ლონდონის ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას".

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2010 წლის პირველობაზე, სამხრეთ აფრიკაში, ბექჰემი დაშავებული იყო, თუმცა კაპელომ მწვრთნელთა შტაბის წევრად წაიყვანა. როგორც ჩანს, იტალიელი სპეციალისტი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე იმავეს აღარ გაიმეორებს.

"ბექჰემის ერთ-ერთ მწვრთნელად წაყვანის შესახებ არ მიფიქრია" - ასეთი იყო კაპელოს პასუხი.

დევიდ ბექჰემმა ნაკრების შემადგენლობაში ბოლოს ორი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში, ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მიმომხილველების აზრით, დღეს, როდესაც ინგლისურ ფეხბურთს ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ეზრდება, ეროვნულის გუნდის ყოფილ კაპიტანზე ლაპარაკი აღარ შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული