სუარესს ბრალი წაუყენეს

AutoSharing Option
„ლივერპულის“ ურუგვაელი თავდამსხმელის, 24 წლის ლუის სუარესისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი მცველის, 30 წლის პარტის ევრას კონფლიქტის ამბავი მოგეხსებებათ — ევრა სუარესს რასობრივ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს, სუარესი კი ბრალდებას უარყოფს. და აი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ურუგვაელს ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება „ლივერპულსა“ და „იუნაიტედს“ შორის 15 ოქტომბერს, „ენფილდ როუდზე“ გამართულ შეხვედრაში მოხდა. თამაში 1:1 დამთავრდა. ევრამ საფრანგეთის ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:

„თამაშს კამერებით იღებდნენ. ალბათ, უამრავი ჩანაწერი არსებობს და შეგიძლიათ ნახოთ, დაახლოებით ათჯერ მაინც მომაყენა შეურაცხყოფა. იმ სიტყვების
გარჩევა ძნელი არ უნდა იყოს. უკვე 2011 წელია, წესით რასიზმი დედამიწაზე აღარ უნდა არსებობდეს“.

ევრას ბრალდებაზე სუარესმა ასეთი პასუხი გასცა: „რასიზმში რომ დამდეს ბრალი, ძალიან ნაწყენი დავრჩი. მე ყოველთვის ყველას პატივს ვცემდი და ჩემს დამოკიდებულებაში არც ახლა შეცვლილა რამე. ადამიანი ადამიანია, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გარდა ამისა, მოედანზე ყოველთვის თამაშის სურვილით შეპყრობილი პატარა ბავშვივით გავდივარ. კონფლიქტების გამოწვევა არ მაინტერესებს“.

თუმცა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მიიჩნია, რომ ამ საკითხის პასუხის გარეშე დატოვება არ შეიძლება და სუარესს ბრალი წაუყენა. ინგისური ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც ევრასა და სუარესის კონფლიქტის ამბავს იმთავითვე ადევნებს თვალს ასოციაციის გადაწყვეტილებამ შეიძლება გააკვირვოს, რადგან აქამდე ისე ჩანდა, რომ ფეხბურთის შეფებს ეს საქმე ჩაფარცხვისკენ მიჰყავდათ, მაგრამ ჩაფარცხვა არ გამოვიდა. ამას ფიფას პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის ერთმა დაუფიქრებელმა ნათქვამმა შეუშალა ხელი. კერძოდ, ბლატერმა განაცხადა ფეხბურთში რასზიმი არ არსებობს და თუ ფეხბურთელებს შორის გაუგებრობა მოხდება, ხელი იქვე უნდა ჩამოართვან ერთმანეთსო. ამ სიტყვებს ყუმბარის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. ევროპული და კერძოდ ინგლისური მას-მესია წალეკა განრისხებულმა პუბლიკაციებმა, რომელთა ავტორები ბლატერის ფიფას პრეზიდენტობიდან გადადგომას ითხოვენ. ასეთ მოვლენათა ფონზე კი ინგლისური ფეხბურთის შეფებმა გადაწყვიტეს ევრა-სუარესის საქმე აღარ მიეჩქმალათ.

ფეხბურთის ასოციაცია აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებს აღარ გააკეთებს. „ლივერპულმა“ კი კიდევ ერთხელ
განაცხადა, რომ კატეგორიულად უჭერს მხარს თავის ფეხბურთელს, ლუის სუარესს და მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი კონტრშეტევასაც აპირებს. ის ამბობს, რომ როდესაც მისი უდანაშაულობა დამტკიცდება, ევრას ბოდიშის მოხდას მოსთხოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული