ადამ ჯონსონი და „მანჩესტერ სიტი“ ახალ კონტრაქტს აწერენ ხელს. კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება და 24 წლის ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგდება — ამიერიდან კვირაში 80 ათას ფუნტს მიიღებს. ამრიგად, ჯონსონის უახლოესი მომავალი გარკვეულია, არადა არცთუ დიდი ხნის წინ ის ისტლენდელთა მწვრთნელ რობერტო მანჩინიზე ნაწყენი იყო. გეხსომებათ, ერთ-ერთ ინტერვიუში მანჩინიმ ინგლისელის შრომისმოყვარეობა კითხვისნიშნის ქვეშ დააყენა.
ახლა კი მანჩინიმ ასე თქვა: „კარგი ფეხბურთელი რომ არ იყოს, მასზე საერთოდ არ ვილაპარაკებდი. ამაზე, უბრალოდ, დროს არ დავხარჯავდი. არადა, როგორც ხედავთ, მე მის შესახებ ვლაპარაკობ, რადგან ჯონსონს ყველა
თვისება აქვს საიმისოდ, ჩინებული ფეხბურთელი რომ გამოვიდეს. არ მინდა მისი ნიჭი ტყუილუბრალოდ გაიფლანგოს და როგორც ფეხბურთელი ერთსა და იმავე დონეზე დარჩეს. მსურს ერთი საფეხურით მაღლა ავიდეს, შემდეგ კი კიდევ გადადგას ნაბიჯი პროგრესისკენ. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: თუ ის მუშაობას არ
დაიზარებს, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ჰაფბეკი გახსება“.
ცნობისათვის: 2010 წლის იანვარში ჯონსონი მანჩინის პირველი შენაძენი გახლდათ. მასში „სიტიმ“ „მიდლსბროს“ 7 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ისტლენდზე გადაბარგების შემდეგ ფეხბურთელმა 72 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.
ადამ ჯონსონზე კარგი აზრისაა „სიტის“ ლეგენდა, 68 წლის მაიკ სამერბი: „ამ ბიჭის მსგავსად სხვა ვერავინ თამაშობს. ის თავისი ცრუმოძრაობებით ხალხს აღაფრთოვანებს“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"