იანგი და კლევერლი ბრუნდებიან

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ხმაურიანი მეზობლის, „სიტის“ ჩრდილქვეშ მოექცა და ამას ვერ ეგუება. ინგლისის ჩემპიონს იმედი აქვს, რომ ამ უქმეებზე გაძლიერდება — მოედანს ეშლი იანგი და ტომ კლევერლი უბრუნდებიან. ამ ორი ფეხბურთელის სახელი სეზონის დასაწყისში ყველას პირზე ეკერა. „იუნაიტედი“ შთამბეჭდავად თამაშობდა და ყველა მის დაუსრულებელ ლიდერობას ელოდა, მაგრამ კლევერლი და იანგი დაშავდნენ, რამაც, რასაკვირველია, სიტუაციის შეცვლაში თავისი როლი ითამაშა.

22 წლის კლევერლის 10 სექტემბრის მერე პრემიერლიგის შეხვედრაში მოედანზე ფეხი აღარ დაუდგამს — ამ დღეს მან „ბოლტონთან“ შეხვედრაში კოჭი დაიზიანა. ერთი ხნის წინ
ეგონათ, რომ ნახევარმცველი გამოჯანმრთელდა და „ქარლინგის თასზე“ „ოლდერშოტთან“ შეხვედრაში ათამაშეს კიდეც, მაგრამ კლევერლიმ ნატკენი ადგილი გაიმიზეზა და კიდევ ორი ტურის გამოტოვება მოუხდა.
26 წლის იანგი კი 29 ოქტომბერს, „ევერტონთან“ თამაშის წინ, ვარჯიშზე დაშავდა. ეს ტრავმა მას ინგლისის ნაკრების ორი შეხვედრის გამოტოვებად დაუჯდა. მოგეხსენებათ, ეს ფეხბურთელი „იუნაიტედმა“ „ასტონ ვილასგან“ 16 მილიონ ფუნტად შეიძინა. ის საოცრად მოერგო ახალ გუნდს.

იანგმა ვარჯიში გასულ კვირაში განაახლა. უელსში, „სუონსისთან“ სათამაშოდ მიმავალ „იუნაიტედს“ იმედი აქვს, რომ საგოლე პასების გადაწოდებისა და გოლების გატანის ოსტატი გუნდს ცხრილში ჩამორჩენის დაძლევაში დაეხმარება. საეჭვოა ამ შეხვედრაში 20 წლის დენი უელბეკის თამაში. მან ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში, ესპანეთთან კუნთი დაიზიანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული