არც დასავლეთლონდონელებს უნდათ მანჩესტერელი ლიდერების ძალიან წინ გაშვება და არც ლივერპულელებს. ერთი სიტყვით, კვირას, საქართველოს დროით საღამოს 8 საათზე პრემიერლიგა მორიგ სეირს გვპირდება.
მასპინძელთა პორტუგალიელი თავკაცი, ანდრე ვილაშ-ბოაში ბოლოხანს ერთგვარი ზეწოლის ქვეშაა. ეს ზეწოლა სხვა მიზეზებთან
პრემიერლიგაში, "ლურჯებს", შობამდე, "მანჩესტერ სიტისთან", "ნიუკასლთან" და "ტოტენჰემთან" უწევთ თამაში. ამას ემატება "ქარლინგის თასზე" შეხვედრა "ლივერპულთან", რომელიც, თავის მხრივ, ჰოთდოგის სოსისივით არის მოქცეული "ლევერკუზენსა" და "ვალენსიასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩებს შორის. დაგვეთანხმებით, ასეთი "ულმობელი" განრიგის წინ ხვალინდელ შეხვედრაში მოგება "ჩელსისთვის" წარმატებული მომენტის დასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ვილაშ-ბოაშისა მისი ბიჭების წარმატება გუნდური თამაშის გარდა დიდად იქნება დამოკიდებული 27 წლის ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის ფორმასა და ყისმათზე. ამასთან ეჭვი არ არის, რომ ტორესს სტუმარი გუნდის ფანები შეხვდებიან მტრულად - "ელ ნინიო" ხომ მათი გმირი იყო, მაგრამ წლეულს, იანვარში მან "წითლები" "ლურჯებში" გაცვალა.
მოგეხსენებათ ისიც, რომ "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ ტორესს საქმე ცუდად წაუვიდა: ახალი გუნდის მაისურით დღემდე 22 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ შეხვედრებში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სამიდან ორი, ესპანელმა, მიმდინარე სეზონში, ერთმანეთის მიყოლებით, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "სუონსის" გაუტანა, თუმცა წარმატების მომენტის შეგრძნება და ჩავლება მსაჯებმა არ აცადეს, მოედნიდან გააძევეს და მას მერე თითქმის თვე გამოტოვა.
და კიდევ ერთი: "ჩელსის" შემადგენლობაში ტორესის პირველი მატჩი სწორედ "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ იყო. მაშინ რაულ მეირელეშის გოლით "ლივერპულმა" მოიგო. ისე, მეირელეში დღეს "ჩელსის" ფეხბურთელია.
ასეთი წინაისტორიის შემდეგ, რად უნდა ლაპარაკი, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ტორესს კრიტიკოსების გაჩუმების საუცხოო შესაძლებლობა ეძლევა და თუ გავითვალისწინებთ, რომ "ჩელსის" პრემიერლიგის შეხვედრებში საშუალოდ ორ გოლზე მეტი გააქვს, ვითომ, რატომ ვერ უნდა შეძლოს ეს?
რაც შეეხება "ლივერპულს", ამ გუნდის თამაში კარგი დაცვით იპყრობს ყურადღებას. დააკვირდით სტატისტიკას: 11 შეხვედრაში მესისპირელებმა 10 გოლი გაუშვეს. ჩინებულად თამაშობს ტორესის თანამემამულე მეკარე პეპე რეინა. სტივენ ჯერარდის ტრავმა, რასაკვირველია, დიდი დანაკლისია, მაგრამ იმედისმომცემია 24 წლის ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის ჩინებული ფორმა. რამდენიმე დღის წინ, თავისი ქვეყნის ნაკრებში გამოძახებულმა სუარესმა ჩილეს წინააღმდეგ ნამდვილი სპექტაკლი მოაწყო - ოთხი გოლი გაიტანა.
მანჩესტერის "ეტიჰედ სთედიუმზე" კი დღეს, პრემიერლიგას შემორჩენილი ორი დაუმარცხებელი გუნდი ხვდება ერთმანეთს: "სიტი" "ნიუკასლს" მასპინძლობს. ის, რომ მანჩესტერელები არ დამარცხებულან სენსაცია ნამდვილად არ არის, აი, "კაჭკაჭებს" კი 11 შეხვედრაში მოპოვებული 25 ქულის მიუხედავად გულშემატკივრისთვის თავისი ძლიერება ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვთ და ამდენად დღევანდელი შეხვედრა უფრო მათი გამოცდაა. ამას იმიტომაც ვამბობთ, რომ "ნიუკასლ იუნაიტედი" ცხრილის ზედა ნახევრის გუნდებიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ სამს შეხვდა.
ნიუკასლელთა თავკაცი ალან პერდიუ ამბობს, რომ ფანები თავს არ იტყუებენ:
"როდესაც გულშემატკივრებს ვხვდები, ვხედავ, რომ ისინი მიღწეულით კმაყოფილნი არიან და ტყუილ იმედებს არ ებღაუჭებიან. "მანჩესტერ სიტის" შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ვთამაშობთ, მერე კი "ჩელსისთან". ფანები ამბობენ, რომ თუ ამ სამ შეხვედრაში ორი ან სამი ქულა მოვიპოვეთ, ძალიან კარგი იქნება. ხოლო თუ გაგვიმართლა და ექვს ან შვიდ ქულას მოვიპოვებთ, მაშინ სულ სხვა პოზიციაზე აღმოვჩნდებით და, მერწმუნეთ, ჩვენი ტონიც შეიცვლება".
"სიტის" მდევარი, მისი თანაქალაქელი "იუნაიტედი" დღეს უელსში, "სუონსის" სტუმრობს. საინტერესო სტატისტიკაა: რაც პრემიერშიფში გადავიდა ანუ ამ სეზონში, "სუონსის" შინ არ წაუგია. ახლა მეექვსე საშინაო შეხვედრა უნდა ჩაატარის, თუმცა ვერავინ დადებს თავს, რომ უელსელები დაუმარცხებელ სვლას გააგრძელებენ.
"ლიბერთი სთედიუმზე" ჩატარებული ხუთი თამაში ვახსენეთ. პირველი და მეორე პრემიერლიგის დებიუტანტმა მოკრძალებულად ჩაატარა: "უიგანთან" და "სანდერლენდთან" 0:0 ითამაშა, შემდეგ კი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" 3:0 მოუგო და გათამამდა. "ლიბერთი სთედიუმზე" დამარცხდნენ "სტოკ სიტი" და "ბოლტონ უონდერერზიც". ჩახედეთ ცხრილს, უელსის გუნდი მეათე ადგილზე წამოსკუპულა და თავს ყინჩად გრძნობს. სხვათა შორის, "სუონსიმ" მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სტუმრად თამაშიც - "ვულვზთან" და "ლივერპულთან" ბოლო ორ გასვლით მატჩში ფრედ ითამაშა.
თუმცა, რად უნდა ლაპარაკი, რომ დღეს მასპინძლებს "დაჭრილ მხეცთან" ექნებათ საქმე. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს მანჩესტერულ დერბიში, 23 ოქტომბერს 6:1 დამარცხების შემდეგ "სისხლი სწყურია". ამის დამტკიცება ძნელი არ არის. საკმარისია შედეგებს ჩავხედოთ და ვნახავთ, რომ ფიასკოს შემდეგ ინგლისის ჩემპიონმა პრემიერლიგაში "ევერტონს" და "სანდერლენდს", ჩემპიონთა ლიგაში "ოცელულს", ხოლო "ქარლინგის თასზე" "ოლდერშოტს" მოუგო. და მაინც, "იუნაიტედის" თამაში ამ მატჩებში ნაკლებ დამაჯერებელი იყო, ვიდრე სეზონის დასაწყისში. ამაში, რასაკვირველია, თავისი როლი ტრავმირებულ ფეხბურთელთა გრძელმა სიამაც ითამაშა. ამბობენ, რომ სუონსიში მანჩესტერელებს ეშლი იანგი და ტომ კლევერლი შეემატებიან.
საინტერესო შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, საქართველოს დროით ღამის თორმეტ საათზეც: "ტოტენჰემ ჰოთსპური" "ასტონ ვილას" უმასპინძლებს. "დეზები" იმედოვნებენ, რომ ორშაბათამდე 28 წლის ჰოლანდიელ ვარსკვლავ რაფაელ ვან დერ ვაარტს გამოაჯანმრთელებენ. ვან დერ ვაარტმა ორთავა კუნთი წინა პარასკევს, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, შვეიცარიასთან ამხანაგური შეხვედრის დროს დაიზიანა.
რასაკვირველია, იმ ფეხბურთელის სრულყოფილად შეცვლა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა ძალიან ძნელია, მაგრამ "სფურზს" ვარსკვლავები არ აკლია და ალტერნატიული ვარიანტები აქვს. ასე მაგალითად, სკოტ პარკერმა ესპანეთთან სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრაში გაიბრწყინა და მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს ქება დაიმსახურა. იმავე ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 21 წლის მცვლელ კაილი უოქერს.
"იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო, საჭიროა პრემიერლიგის შეხვედრებში რეგულარულად ვიღებდე მონაწილეობას და კარგ ფორმაში ვიყო" - თქვა დებიუტით აღფრთოვანებულმა უოქერმა.
"ასტონ ვილას" თავკაც ალექს მაკლიშს კი იმედი აქვს, რომ ორშაბათამდე გებრიელ აგბონლაჰორი გამოუჯანმრთელდება. "დიდი ეკი" კმაყოფილია იმითაც, რომ მისი გუნდის ირლანდიელი ფეხბურთელები რიჩარდ დანი და შეი გივენი კლუბს ფრთაშეხმულნი უბრუნდებიან - ირლანდიელებმა ორი მატჩის ჯამში ესტონეთს 5:1 მოუგეს და "ევრო 2012"-ის ფინალურ ეტაპზე დაიმკვიდრეს ადგილი.
შესანიშნავ ფორმაში მყოფი "არსენალი" დღეს თამაშობს ნორვიჩში. სეზონის დასაწყისში "მანჩესტერ იუნაიტედთან" 8:2 განადგურების შემდეგ მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა "მეთოფეთა" შოკიდან გამოყვანა და გამარჯვებების გზაზე დაყენება მოახერხა. როგორც ხედავთ, ჩრდილოლონდონელები ცხრილში მეშვიდე ადგილზე არიან, ოღონდ მეექვსეზე მყოფ "ლივერპულთან" თანაბრად აქვთ ქულები.
ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური
დღეს
ნორვიჩი-არსენალი 16:45
ტრავმა: ვუგანი, უიტბრედი, უორდი - შამახი, დიაბი, სანია, უილშირი
ევერტონი-ვულვერჰემპტონი 19:00
ტრავმა: ჯეგიელკა, ენიჩიბე - ზუბარი, ფოული
მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი 19:00
ტრავმა: აგუერო, ჰარგრივზი, ნასრი - ბესტი, მარვო, კაბაიე, ობერტანი, ამეობი
სტოკი-ქუინზ პარკი 19:00
ტრავმა: სიდიბე - კონოლი, დ.ჯ. კემპბელი, ჰასლი, დაიერი
სანდერლენდი-ფულჰემი 19:00
ტრავმა: მინოლე, ფ. კემპბელი - კელი, ჯონსონი, გრიგერა, სა, სენდეროსი, ს. დევისი
დისკვალიფიკაცია: ლარსონი (სანდერლანედი)
ვესტ ბრომვიჩი-ბოლტონი 19:00
ტრავმა: ოდემვინგე, შარნერი, ლონგი - ბოიატა, ჰოლდენი, რიკეტსი, მირსი, ლი, შ. დევისი
უიგანი-ბლექბერნი 19:00
ტრავმა: კირკლენდი - დანი, გრელა, სალგადო, ნილსენი
დისკვალიფიკაცია: ლოუი (ბლექბერნი)
სუონსი-მანჩესტერ იუნაიტედი 21:30
ტრავმა: დობი, კოლკერი, ტატე - უელბეკი, ოუენი, სმოლინგი
ხვალ:
ჩელსი-ლივერპული 20:00
ტრავმა: დროგბა, ილარიო, ესიენი -ჯერარდი
ზეგ:
ტოტენჰემი-ასტონ ვილა 24:00
ტრავმა: ვან დერ ვაარტი, ჰადლსტოუნი, გალასი, დოუსონი - აგბონლაჰორი, ლიჩაი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 11 10 1 0 39-10 31
2. იუნაიტედი 11 8 2 1 28-12 26
3. ნიუკასლი 11 7 4 0 17-8 25
4. ჩელსი 11 7 1 3 24-15 22
5. ტოტენჰემი 10 7 1 2 21-15 22
6. ლივერპული 11 5 4 2 14-10 19
7. არსენალი 11 6 1 4 23-21 19
8. ასტონ ვილა 11 3 6 2 16-15 15
9. ნორვიჩ 11 3 4 4 16-18 13
10. სუონსი 11 3 4 4 12-15 13
11. ქუინზ პარკი 11 3 3 5 10-20 12
12. სტოკ სიტი 11 3 3 5 8-19 12
13. ვულვზი 11 3 2 6 12-18 11
14. ვესტ ბრომვიჩი 11 3 2 6 9-16 11
15. სანდერლენდი 11 2 4 5 14-13 10
16. ფულჰემი 11 2 4 5 14-15 10
17. ევერტონი 10 3 1 6 11-15 10
18. ბოლტონი 11 3 0 8 18-27 9
19. ბლექბერნი 11 1 3 7 13-24 6
20. უიგანი 11 1 2 8 7-20 5
ბომბარდირები
11 - ვან პერსი (არსენალი); 10 - ჯეკო (სიტი), 9 - აგუერო (სიტი), რუნი (იუნაიტედი); 8 - ბა (ნიუკასლი); 6 - ლემპარდი (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 5 - ბალოტელი (სიტი), აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ბენტი (ასტონ ვილა); 4 - ბეილი (ტოტენჰემი), გრემი (სუონსი), ერნანდესი (იუნაიტედი), სტარიჯი (ჩელსი), სუარესი (ლივერპული).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"