მანჩესტერელები კი გაიჭრნენ

AutoSharing Option
"ჩელსის" თავკაცმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა მთელი მსოფლიოს საფეხბურთო პრესა პირში ჩალაგამოვლებული დატოვა, თუმცა საეჭვოა ეს მისი მთავარი ამოცანა ყოფილიყო. პორტუგალიელის მთავარი ამოცანა, ალბათ, უფრო "ლივერპულთან" გამარჯვება უნდა ყოფილიყო, რომელიც ვაგლახ, მისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა - მეორე ტაიმში დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, დასავლეთ ლონდონის გუნდი კენი დალგლიშის შეგირდებთან დამარცხდა.

პირში ჩალის გამოვლებაში კი კერძოდ, აი, რა ვიგულისხმეთ: კვირას, "სტემფორდ ბრიჯზე" მთელი მსოფლიო ფერნანდო ტორესისა და რაულ მეირელეშის თამაშს ელოდა. ყველას აინტერესებდა, რას იზამდნენ ეს ვარსკვლავები საკუთარი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. ხალხი განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით ტორესს
ელოდა - ესპანელის "ლივერპულიდან" "ჩელსიში" 50 მილიონ ფუნტად გადასვლის ისტორია ცნობილია და მისი განმეორებით თავს აღარ შეგაწყენთ. და რა ქნა ვილაშ-ბოაშმა? ყოფილი ლივერპულელები თამაშის დამთავრებამდე მხოლოდ და მხოლოდ 8 წუთით ადრე, ერთად შეუშვა მოედანზე.

მოკლედ, "ლურჯების" მწვრთნელმა რაღაც ორიგინალური მოიფიქრა და... სწორედ ტორესისა და მეირელეშის გამოყვანის მერე გაუშვა ის გოლი, რომლის გამოც წააგო. ეს გოლი "ლივერპულის" მცველმა, "ჩელსის" ოდინდელმა ფეხბურთელმა გლენ ჯონსონმა გაიტანა. თითქოს ეს ყველაფერი სიმბოლურიც იყო.

არანაირი ფეხის დაცდენა! "მანჩესტერ სიტიმ" აქამდე მასავით დაუმარცხებელ "ნიუკასლ იუნაიტედს" უმასპინძლა და შინ უკვე დამარცხებული გაისტუმრა, თავად კი პრემიერლიგის ლიდერობა შეინარჩუნა. გარედან ისე ჩანდა, რომ ნიუკასლელების თავდადების მიუხედავად "სიტის" განსაკუთრებული ჯაფა არ დადგომია. შეგახსენებთ, რომ ისტლენდელებს შინ ასპროცენტიანი შედეგი აქვთ, ყველა თამაში მოიგეს.

ამის მიუხედავად, "სიტის" თავკაცი, რობერტო მანჩინი ამბობს, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში, "ნაპოლის" წინააღმდეგ კიდევ უფრო უკეთ უნდა ითამაშოს.

"ვიცი, გაცილებით უკეთესად შეგვიძლია თამაში. ეს აუცილებელიც არის, რადგან ამ სეზონში "ნაპოლი" შინ ძალიან ძლიერია და თუ ჩვენ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, იქ, დღევანდელზე უკეთესი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ" - თქვა მწვრთნელმა.

"ნიუკასლთან" შეხვედრაში გოლები გაიტანეს იმ დღის საუკეთესო მოთამაშემ, მიკა რიჩარდმა და წლეულს შესანიშნავ ფორმაში მყოფმა თავდამსხმელებმა, მარიო ბალოტელიმ და სერხიო აგუერომ. იტალიელმა და არგენტინელმა პენალტები დაარტყეს. მანჩინიმ ბალოტელის "ცივსისხლიანი" პენალტი მოუწონა:

"თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მარიო აუღელვებელია. გამორიცხულია, მან ააცილოს. როგორ ახერხებს ამას მე ვერ გეტყვით, არ ვიცი. ამასთან, ის ზოგადადაც დიდებული ფეხბურთელია და რაც მთავარია, დღითიდღე აუმჯობესებს თამაშს".

"კაჭკაჭების" თავკაცმა ალან პერდიუმ კი განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში "სიტის" მსგავს ძლიერ გუნდს არ შეხვედრია:

"ბოლოს კი ნერვები მომეშალა. იმას არ ვამბობ, რომ მსაჯებმა რომელიმე პენალტი უსამართლოდ დანიშნეს, იმის თქმა მინდა, რომ ამ დღეს მოედანზე ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ ხდებოდა. თან, როდესაც ძლიერ გუნდს ხვდები, სასურველია უძლიერესი შემადგენლობა გყავდეს მწყობრში. ჩვენ ესეც ვერ მოვახერხეთ".

სუონსის "ლიბერთი სთედიუმზე" კი "მანჩესტერ იუნაიტედმა" ხავიერ ერნანდესის მიერ თამაშის დასაწყისში გატანილი გოლით მოიგო და "ხმაურიან თანაქალაქელთან" (ამ ბოლო დროს ინგლისურ პრესაში ასე შეარქვეს "მანჩესტერ სიტის") ხუთქულიანი სხვაობით ჩამორჩა. საინტერესოა, რომ ისტორიის მანძილზე "იუნაიტედს" რვაჯერ ჰქონდა უელსის ამ ქალაქში ნათამაშები და ერთხელაც ვერ გაემარჯვა. მეცხრე ცდიდან, "სუონსი სიტი" როგორც იქნა გატყდა.

ზემოთ ნახსენები ერთადერთი გოლი ერნანდესმა რაიან გიგზის პასით გაიტანა, ამას კი წინ, მასპინძელთა გუნდის ესპანელი მცველის, ანხელ რანგელის დაუდევრობა უძღოდა.

მატჩის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ მის ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში მართებთ ყურადღების მოკრება და შენარჩუნება:

"სუონსელები შინ კარგად თამაშობენ, მათ ბურთის გათამაშება ეხერხებათ და ამიტომ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, დაცვა უნდა გაგვემაგრებინა. ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ, თუმცა, ჩემი ფეხბურთელების კონცენტრაცია არ მომეწონა. ყურადღება გუნდმა 90 წუთის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს. კიდევ, ალბათ იმ მომენტების გამოყენება გვმართებდა, შეხვედრის მიწურულს, კონტრშეტევებზე რომ შევქმენით, თუმცა არა უშავს. შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ".

"არსენალმა" ნორვიჩში იყოჩაღა, 2:1. ორივე გოლი ამ სეზონში მართლაცდა მფრინავმა ჰოლანდიელმა, რობინ ვან პერსიმ გაიტანა. არადა, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - თავი სტივ მორისონმა გამოიჩინა. მატჩის შემდეგ "მეთოფეთა" თავკაცმა, არსენ ვენგერმა პრეს-კონფერენციაზე თქვა:

"დღეს ყველა ხედავს, რომ რობინ ვან პერსი განსაკუთრებული ნიჭის ფეხბურთელია, თუმცა ჩვენთვის, "არსენალში", ეს საიდუმლოს არასდროს წარმოადგენდა. ერთადერთი, რაც წინა წლებში მას თავისი უდიდესი შესაძლებლობების გამომჟღავნებაში ხელს უშლიდა, ტრავმები იყო. როგორც ხედავთ, საკმარისი გახლდათ გარკვეული პერიოდის განმვალობაში არაფერი სტკენოდა, რომ გამაოგნებლად დაიწყო თამაში".

ნორვიჩულ გამარჯვებაში ვენგერს ყველაზე მეტად მისი ფეხბურთელების სულისკვეთება მოეწონა. მან დასძინა: "დღეს ჩვენი მენტალური სიძლიერე დავამტკიცეთ. ეს კარგის ნიშანია, ე.ი. გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა".

მატჩის გმირმა, ვან პერსიმ კი თქვა, რომ ცუდი სტარტის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში "არსენალს" ოთხეულში მოხვედრა შეუძლია.

"ევერტონმა" როგორც იქნა გატეხა ნავსი (ბოლო 6 თამაშიდან 5 წაგებული ჰქონდა), შინ, "გუდისონ პარკზე" "ვულვერჰემპტონს" 2:1 მოუგო, მაგრამ ამაში სტუმრების დახმარება დასჭირდა - 83-ე წუთზე, როდესაც თამაში 1:1-ისკენ მიდიოდა, "მგლების" მცველმა, სტივენ უორდმა, ლუი საას რატომღაც ხელი ჰკრა და მსაჯს პენალტი დაანიშნინა, რომელიც ლეიტონ ბეინესმა გოლად გარდასახა.

გრძელდება "სტოკ სიტის" წვალება პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატში - სტოკელებს "ბრიტანია სთედიუმზე" "ქუინზ პარკ რეინჯერსი" ესტუმრათ და ხუთგოლიანი თრილერი სტუმრების გამარჯვეთ დასრულდა. პრეს-კონფერენციაზე "სტოკის" თავკაცმა ტონი პულისმა თქვა:

"ყველაზე ცუდი სამი გოლის გაშვება იყო. ყველა ხედავს, რომ მოწინააღმდეგის კართან სახიფათო მომენტებს ვქმნით და გოლებიც გაგვაქვს, მაგრამ დაცვაში უხეში შეცდომების გამო შრომა წყალში გვეყრება".

"სანდერლენდისა" და "ფულჰემის" შეხვედრაში ყველაზე დასამახსოვრებელი ლონდონელების მეკარის, მარკ შვარცერის დიდებული თამაში იყო. რა არ სცადეს "შავმა კატებმა", მაგრამ ავსტრალიელ გოლკიპერს ვერაფერი მოუხერხეს. ამიტომაც დამთავრდა მატჩი ფრედ, 0:0.

"ვესტ ბრომვიჩმა" "ბოლტონს" აჯობა 2:1. გამარჯვების გოლი შეინ ლონგმა გაიტანა - მუხლის რვაკვირიანი მკურნალობის შემდეგ ირლანდიელი იღბლიანად დაუბრუნდა მოედანს.

"უიგანმა" და "ბლექბერნმა" სამ-სამი გოლი გაუტანეს ერთმანეთს. ისედაც უკიდურესად დრამატული შეხვედრის ბოლო მთლად ამაღელვებელი გამოდგა: ბლექბერნელმა ფორვარდმა იაკუბუმ ანგარიში პენალტით, მსაჯის წამატებულ მე-8 წუთზე გაათანაბრა. არადა, "უიგანი" ბოლოს 88-ე (!) წუთზე დაწინაურდა. იაკუბუს გოლი "ბლექბერნის" შავ დღეში მყოფი მწვრთნელისთვის, სტივ კინისთვის ფასდაუდებელი იყო.

ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური
ნორვიჩი-არსენალი 1:2
ნორვიჩი (4-5-1): რადი - ნაფტონი, მარტინი, ბერნეტი, ტიერნი - ჰულაჰანი (69. ჰოლტი), ბ. ჯონსონი, კროფტსი, ფოქსი (45. ბენეტი), პილკინგტონი (82. ს. ჯეკსონი) - მორისონი
არსენალი (4-4-2): შჩესნი - კოშელნი, ვერმაელენი, მერტეზაკერი, სანტოსი - უოლკოტი (90. დჯურუ), არტეტა, სონგი, ჟერვინიო (78. ბენაიუნი) - რემსი, ვან პერსი
გოლები: 1:0 მორისონი (16), 1:1 ვან პერსი (27), 1:2 ვან პერსი (59)
გაფრთხილება: ელიოტი, ტიერნი, ჰოლტი (სამივე ნორვიჩი)
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 12-11; კარში დარტყმა: 9-20 (2-11); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 26 801

ევერტონი-ვულვერჰემპტონი 2:1
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, ჰეიტინგა, ჯეგიელკა, ბეინესი - კოულმენი, ფელაინი, ოსმანი, ტ. კეჰილი (73. ველიოსი), დრენტე (86. ბელიალეტდინოვი) - საა (90. სტრაკუალურსი)
ვულვერჰემპტონი (4-5-1): ჰენესი - სტირმენი (59. ელოკობი), ბერა, რ. ჯონსონი, უორდი - ედუარდსი (86. ფლეტჩერი), ჰენრი, ო’ჰარა, მილიაში (80. ჯერვისი), ჰანტი - დოილი
გოლები: 0:1 ჰანტი (37-პენ), 1:1 ჯეგიელკა (44), 2:1 ბეინესი (83-პენ)
გაფრთხილება: ბეინესი - ჰანტი, ო’ჰარა
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 14-13; კარში დარტყმა: 15-5 (5-1); თამაშგარე: 1-4; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 33 953

მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი 3:1
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი, ლესკოტი, კომპანი, კლიში - მილნერი, ი.ტურე (85. ბერი), დე იონგი, ნასრი - აგუერო (76. ა. ჯონსონი), ბალოტელი (69. სილვა)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, კოლოჩინი, ს. ტეილორი, რ. ტეილორი - ს. ამეობი (79. გოსლინგი), გათრი, კაბაიე (85. პერჩი), ხონასი - ბენ არფა (76. ლოვენკრანდსი), ბა
გოლები: 1:0 ბალოტელი (41-პენ), 2:0 რიჩარდსი (44), 3:0 აგუერო (72-პენ), 3:1 გოსლინგი (89)
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 12-8; კარში დარტყმა: 14-9 (5-4); თამაშგარე: 6-1; ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 47 408

სტოკი-ქუინზ პარკი 2:3
სტოკი (4-4-2): სიორენსენი - უილკინსონი, ჰუთი, შოუკროსი, ჰიგინბოთემი - პენანტი (69. ფულერი), უაიტჰედი (85. უილენი), დილეპი, ეზერინგტონი - უოლტერსი, კრაუჩი (64. კ. ჯონსი)
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი - ლ. იანგი (77. ორი), გებიდონი, ა.ფერდინანდი, ჰილი - რაიტ-ფილიპსი, ფაურლინი, ბარტონი, ტრაორე - მეკი, ჰელგიუსონი
გოლები: 1:0 უოლტერსი (8), 1:1 ჰელგიუსონი (22), 1:2 ლ. იანგი (44), 1:3 ჰელგიუსონი (54), 2:3 შოუკროსი (64)
გაფრთხილება: უილკინსონი, შოუკროსი, დილეპი, ფულერი (ყველა სტოკი)
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 17-11; კარში დარტყმა: 20-8 (5-5); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 27 618

სანდერლენდი-ფულჰემი 0:0
სანდერლენდი (4-4-2): ვესტვუდი - ო’ში, ბრაუნი, ტერნერი, ბერდსლი - ელმოჰამადი (88. ნობლი), კოლბეკი (73. ჯი), კეტერმოლი, რიჩარდსონი - სესენიონი, ბენდტნერი
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ჰიუზი, ჰანგელანდი, სენდეროსი, ბეირდი - დაფი (87. რუისი), მერფი, ეტუჰუ, დემპსი (90. ბრიგსი) - დემბელე, ზამორა (68. ე. ჯონსონი)
გაფრთხილება: კეტერმოლი-ეტუჰუ
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 15-5; კარში დარტყმა: 25-12 (5-3); თამაშგარე: 2-4; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 37 688

ვესტ ბრომვიჩი-ბოლტონი 2:1
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): ფოსტერი - რიდი, ოლსონი, მაკოლი, შორი - ბრანტი, მორისონი, მულუმბუ (90. კოქსი), გერა, ტომასი (80. დორანსი) - ლონგი
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - რაილი, უიტერი, გ. კეჰილი, რობინსონი - მ. დევისი, მუამბა (81. კაკუტა), რიო-კოკერი, იგლზი (70. მ. პეტროვი) - კ. დევისი (70. ნგოგი), კლასნიჩი
გოლები: 1:0 ტომასი (16), 1:1 კლასნიჩი (21-პენ), 2:1 ლონგი (56)
გაფრთხილება: ტომასი (ვესტ ბრომვიჩი)
კუთხური: 7-5; ; ჯარიმა: 13-14; კარში დარტყმა: 16-10 (6-4); თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 26 221

უიგანი-ბლექბერნი 3:3
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - სტამი (90. მაკარტური), გოჰური, კოლდუელი, ფიგეროა - დიამე, მაკარტი, დ. ჯონსი - გომესი (68. კრუსატი), მოზესი, სემონი (68. როდალეგა)
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - სალგადო (45. ა. ჰენლი), დანი, გ. ჰენლი, ჟივე (90. რობერტსი) - როჩინა (84. ფორმიცა), პედერსენი, ნ’ზონზი, ჰოილეტი - დანი, იაკუბუ
გოლები: 0:1 იაკუბუ (2), 1:1 გომესი (7), 2:1 კოლდუელი (31), 2:2 ჰოილეტი (59), 3:2 კრუსატი (88), 3:3 იაკუბუ (90-პენ)
გაფრთხილება: გომესი, სტამი - როჩინა, დანი, ნზონზი
გაძევება: დანი (48 - ბლექბერნი)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 14-15; კარში დარტყმა: 26-9 (6-3); თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 17 392

სუონსი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:1
სუონსი (4-5-1): ვორმი - რანგელი, უილიამსი, მონკი, ნ. ტეილორი - დაიერი, ბრიტონი, გოვერი (79. დობი), რუტლიჯი (45. ალენი), სინკლერი - გრემი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ჯონსი, რ. ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა (51. ფაბიო) - ნანი, გიგზი (76. ფლეტჩერი), ქერიკი, პარკი - ერნანდესი (84. ვალენსია), რუნი
გოლი: 0:1 ერნანდესი (11)
გაფრთხილება: ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 12-7; კარში დარტყმა: 4-9 (1-6); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 20 295

ჩელსი-ლივერპული 1:2
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ლუიზი, ე. კოული - რამირესი (84. მეირელეში), მიკელი (46. სტარიჯი), ლემპარდი - მატა, მალუდა, დროგბა (84. ტორესი)
ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ენრიკე - კუიტი, ადამი, ლუკასი, მაქსი როდრიგესი (77. დაუნინგი) - სუარესი (90. ქეროლი), ბელამი (66. ჰენდერსონი)
გოლები: 0:1 მაქსი როდრიგესი (34), 1:1 სტარიჯი (55), 1:2 გ. ჯონსონი (87)
გაფრთხილება: ლუიზი, რამირესი, ივანოვიჩი - ლუკასი, კუიტი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-14; კარში დარტყმა: 15-6 (4-2); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 41 820

ტოტენჰემი-ასტონ ვილა დღეს

თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 12 11 1 0 42-11 34
2. იუნაიტედი 12 9 2 1 29-12 29
3. ნიუკასლი 12 7 4 1 18-11 25
4. ჩელსი 12 7 1 4 25-17 22
5. ტოტენჰემი 10 7 1 2 21-15 22
6. ლივერპული 12 6 4 2 16-11 22
7. არსენალი 12 7 1 4 25-22 22
8. ასტონ ვილა 11 3 6 2 16-15 15
9. ქუინზ პარკი 12 4 3 5 13-22 15
10. ვესტ ბრომვიჩი 12 4 2 6 11-17 14
11. ნორვიჩი 12 3 4 5 17-20 13
12. ევერტონი 11 4 1 6 13-16 13
13. სუონსი 12 3 4 5 12-16 13
14. სტოკი 12 3 3 6 10-22 12
15. სანდერლენდი 12 2 5 5 14-13 11
16. ფულჰემი 12 2 5 5 14-15 11
17. ვულვზი 12 3 2 7 13-20 11
18. ბოლტონი 12 3 0 9 19-29 9
19. ბლექბერნი 12 1 4 7 16-27 7
20. უიგანი 12 1 3 8 10-23 6

ბომბარდირები
13 - ვან პერსი (არსენალი); 10 - ჯეკო (სიტი), აგუერო (სიტი); 9 - რუნი (იუნაიტედი); 8 - ბა (ნიუკასლი); 6 - ბალოტელი (სიტი), კლასნიჩი (ბოლტონი), ლემპარდი (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 5 - სტარიჯი (ჩელსი), აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ბენტი (ასტონ ვილა), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), ერნანდესი (იუნაიტედი), იაკუბუ (ბლექბერნი); 4 - ბეილი (ტოტენჰემი), გრემი (სუონსი), სუარესი (ლივერპული).

მომდევნო ტური
26 ნოემბერი. სტოკი-ბლექბერნი, ბოლტონი-ევერტონი, ჩელსი-ვულვერჰემპტონი, მანჩესტერ იუნაიტედი-ნიუკასლი, ნორვიჩ სიტი-ქუინზ პარკი, სანდერლენდი-უიგანი, ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი, არსენალი-ფულჰემი.
27 ნოემბერი: სუონსი-ასტონ ვილა, ლივერპული-მანჩესტერ სიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული