ვილაშ-ბოაშს არ მოხსნიან

AutoSharing Option
პორტუგალიელი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ამბობს, რომ "ჩელსიში" სამსახურის დაკარგვა არ ემუქრება, არადა, რაც დასავლეთლონდონელთა მეპატრონე რომან აბრამოვიჩია, გუნდს სეზონი ასე ცუდად არ დაუწყია.

კვირას, "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულთან" 2:1 წაგებისა და ლიდერ "მანჩესტერ სიტისთან" 12 ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ ვილაშ-ბოაში ფსიქოლოგიურ ტვირთს, რასაკვირველია, გრძნობს, მაგრამ თავს ასე იმხნევებს:

"აბრამოვიჩს ჩემი "პორტუდან" წამოსაყვანად 15 მილიონი ევრო იმიტომ კი არ გადაუხდია, რომ რამდენიმე თვეში ჩემს ახლა უკვე გაშვებაში გადაიხადოს დიდძალი ფული. მეპატრონის მოთმინებას არავინ ამოწმებს. დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვწამს იმის,
რასაც ვაკეთებთ და ვიცით, რომ მომავალში კარგი შედეგი გვექნება. "ჩელსი" საკმაოდ ძლიერი გუნდია საიმისოდ, რომ ყველა შეჯიბრებაში იბრძოლოს და მოწინააღმდეგეებს ტოლი არ დაუდოს.

რასაკვირველია, პრემიერლიგაში რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ისეთ გუნდთან, როგორიც "მანჩესტერ სიტია" 12 ქულიანი ჩამორჩენა ბევრია. ეს სულაც არ გახლავთ ის, რასაც ველოდით, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება შეგვიძლია. დეკემბრის განრიგის დიდი იმედი გვაქვს".

საინტერესოა, რატომ აქვს ვილაშ-ბოაშს დეკემბრის იმედი? ჩავხედოთ კალენდარს. შემდეგ უქმეებზე ანუ ჯერ კიდევ ნოემბერში, "ლურჯები" მასპინძლობენ "ვულვერჰემპტონს", შემდეგ კი იწყება დეკემბერი: დასავლეთლონდონელები ჯერ სტუმრობენ კერკეტ "ნიუკასლს", მერე კი მასპინძლობენ "მანჩესტერ სიტის".

ამის მერე ზედიზედ ორი გასვლაა: მიდიან უიგანსა და ლონდონში, "ტოტენჰემთან" სათამაშოდ. და ბოლოს ორი შეხვედრა "სტემფორდ ბრიჯზე" "ფულჰემთან" და "ასტონ ვილასთან". ვითომ, ეს ასეთი სახარბიელო განრიგია?

ამასობაში, გაირკვა, რომ ბოლო დროს ცოტა მივიწყებული ფრანგი ვარსკვლავის, 32 წლის ნიკოლა ანელკას შეძენას, იანვარში, ჩინური "შანხაი შენხუა" აპიებს. ანელკას კონტრაქტს ვადა ისედაც გაუდიოდა სექტემბერში.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა განაგრძო: "ძალიან მაწუხებს გაშვებული გოლების რაოდენობა, ამიტომ, ახლა მთავარია საკუთარი თამაში კარგად გავაანალიზოთ და მივხვდეთ, რატომ ვცდებით დაცვაში ასე ხშირად. აშკარაა, რომ დეტალებს სჭირდება ჩაკირკიტება, ვფიქრობ მიზეზს იქ ვიპოვნით".

ვილაშ-ბოაში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილ მცველ გარი ნევილზე გაბრაზდა. ნევილი, მოგეხსენებათ, ტელემიმომხილველად მუშაობს და "ჩელსისა" და "ლივერპულის" შეხვედრის გარჩევისას თქვა, "ლურჯების" ბრაზილიელი მცველი, 24 წლის დავიდ ლუიზი ისეთი შებოჭილი იყო, გეგონება "პლეისტეიშენის" ნახატი ბრძანდებოდა და მის მოძრაობას ტრიბუნიდან 10 წლის ბიჭი აკონტროლებდაო.

"გარი ნევილი ფანტასტიკური მცველი იყო, მაგრამ მისი ნათქვამის გამოკიდება ჩემი მხრიდან სისულელე იქნება" - თქვა "ჩელსის" თავკაცმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული