მარჯვენა მცველის პოზიციის გარდა. ვინც ბოლო დროს ინგლისის ჩემპიონთა თამაშს თვალს ადევნებს, მიაქცევდა ყურადღებას, რომ სერ ალექს ფერგიუსონი რუნის მისთვის ჩვეულ საქმეს აღარ აკეთებინებს. ნაცვლად იმისა, რომ თავდასხმაში იტრიალოს და გოლების გატანაზე იზრუნოს, ვარსკვლავი ნახევარდაცვის შუაშია დაწეული და მოედნის მთელ სიგრძეზე წინ და უკან დარბის. ჩვეულებრივ, როლის გამოცვლას ფეხბურთელები აპროტესტებენ, თუმცა რუნი მოვლენებს სხვანაირად უყურებს:
"ძალიანაც მომწონს ახალი პოზიცია. ჩემთვის სულერთია სად ვითამაშებ.
რუნის პრემიერლიგაში უკვე ორი თვეა გოლი არ გაუტანია. ახლა, როდესაც ნახევარმცველი გახდა, გოლების გატანა მისი უმთავრესი ამოცანა აღარც არის, თუმცა შაბათს, სუონსიში რამდენჯერმე შორიდან დარტყმით სცადა მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა. შეგახსენებთ, რომ სუონსიში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1:0 მოიგო. როდესაც უგოლო პერიოდზე ჰკითხეს, რუნიმ უპასუხა:
"პირადად ჩემს გოლებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი გუნდია. ჩვენ ერთად გიბრძვით, ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. მთავარია "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაიმარჯვოს და თუ იმ შეხვედრაში გოლს ვერ გავიტან, ამით არაფერი დაშავდება".
"სუონსის" კარში "იუნაიტედის" ერთადერთი გოლი 23 წლის მექსიკელმა თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა იმავე ჩიჩარიტომ გაიტანა. რუნიმ თქვა:
"მას გოლების გატანა ეხერხება. ჩიჩარიტო სწორ პოზიციას იკავებს და, როგორც კი ბურთს აწვდიან, გოლი გააქვს. ის ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ მოედანზე ბრძენივით გადაადგილდება და უპირატესობასაც ამის წყალობით ეუფლება. მას ყოველთვის შეუძლია მეტოქის საჯარიმოში თავისუფალი სივცე გამონახოს".
თორმეტი ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა. ის ჯერ კიდევ 5 ქულით ჩამორჩება "ხმაურიან თანაქალაქელს" თუმცა ამაზე რუნის თავისი შეხედულება აქვს:
"შეგახსენებთ, რომ შარშან ამ დროს "ჩელსი" შთამბეჭდავად ლიდერობდა, თამაშს თამაშზე იგებდა და ყველას უკვე ჩემპიონი ეგონა, მაგრამ საბოლოოდ ტიტული ჩვენ მოვიპოვეთ. ასე რომ, მთავარია, არ მოვეშვათ და "მანჩესტერ სიტისთვის" ძირის გამოთხრა ბოლომდე გავაგრძელოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"