სამსახურიდან გაშვების ფასი

AutoSharing Option
"ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამივიჩს მწვრთნელის, ანდრე ვილაშ-ბოაშის გაშვება რომ მოუნდეს, 20 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

პორტუგალიელ სპეციალისტს დასავლეთლონდონელებთან, კონტრაქტის თანახმად, ჯერ კიდევ აკავშირებს ორი წელიწადი და ექვსი თვე.

არადა, იმ დღიდან, როდესაც რუსმა მილიარდერმა ვილაშ-ბოაშს კვირაში 150 ათასი ფუნტი დაუნიშნა, ხოლო მის ყოფილ კლუბ "პორტუს", მის გამოსაშვებად 13,3 მილიონი ფუნტი ანუ 15,5 მილიონი ევრო გადაუხადა, სულ რაღაც ხუთი თვეა გასული.

"ლივერპულთან" 2:1 წაგების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში 34 წლის სპეციალისტმა თქვა, რომ მის სამსახურს საფრთხე სწორედ ფინანსური საკითხის გამო არ ემუქრება
- მეპატრონემ ჩემს სანაცვლოდ ამდენი ფული იმიტომ არ გადაიხადა, რომ ახლა გამიშვას და კიდევ კომპენსაცია მიხადოსო. მისი კომპენსაცია, როგორც გითხარით, 20 მილიონ ფუნტს უდრის და თუ ზემოთ ნახსენებ 13,3 მილიონსაც მივამატებთ, გამოვა, რომ "ჩელსის" ერთი წარუმატებელი მწვრთნელი ძალიან ძვირი დაჯდომია. არადა, "ლურჯების" თავკაცის საქმე კარგად ნამდვილად არ მიდის. მერსისაიდელებთან დამარცხება გუნდისთვის 12 ტურში მეოთხე იყო. ახლა "ჩელსი" ცხრილში ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 12 ქულით ჩამორჩება.

და მაინც, ვინაიდან აბრამოვიჩმა 2004 წლიდან მოყოლებული გაგდებული მწვრთნელებისთვის მიცემულ კომპენსაციებში 69 მილიონი ფუნტი "დაკარგა", ვილაშ-ბოაშს ჰგონია, რომ მეპატრონე ასეთ ხარჯს აღარ გასწევს. რუსმა ოლიგარქმა "ჩელსი" 2003 წელს იყიდა და მას მერე ხუთი მწვრთნელი გაუშვა. ერთადერთი, ვინც კონტრაქტით გათვალისწინებული ვადები ამოწურა, დროებითი თავკაცი გუს ჰიდინკი იყო.

კლაუდიო რანიერისა და ავრამ გრანტს წესით სამ-სამი წელიწადი კიდევ "სტემფორდ ბრიჯზე" უნდა ემუშავათ. ჟოზე მოურინიოს წელიწადნახევარი რჩებოდა და რომ გააგდეს, 18 მილიონი ფუნტის გატანებაც მოუხდათ. აბრამოვიჩთან ყველაზე ცოტა ხანი ლუიშ ფელიპე სკოლარიმ გაძლო. ის თანამდებობიდან სულ რაღაც შვიდ თვეში გაათავისუფლეს, არადა კონტრაქტში ორი წელიწადი ეწერა. ბრაზილიელს წელიწადში 5 მილიონი ერგო. რაც შეეხება კარლო ანჩელტის, ის დღემდე იღებს კვირაში 130 ათასს.

ზემოთ გუს ჰიდინკი ვახსენეთ. ჰოლანდიელი სპეციალისტი ერთადერთია, ვისაც აბრამოვიჩი დღემდე მისტირის, თუმცა ის არა და არ ბრუნდება. მას მერე, რაც ვილაშ-ბოაშს ცუდი პერიოდი დაუდგა, პრესის ფურცლებზე კვლავ ამოტივტივდა ჰიდინკის გვარი. მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი ბოლოს თურქეთის ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა, მაგრამ "ევრო 2012"-ზე გასვლა ვერ შეძლო და გასულ კვირაში თანამდებობიდან მოხსნეს. ერთი სიტყვით, ვილაშ-ბოაშის ლონდონური წვალება და ჰიდინკის თურქეთიდან წასვლა ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ 65 წლის მწვრთნელმა თქვა, რომ საქმეში ასე მალე დაბრუნებას არ აპირებს:

"აბრამოვიჩთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. როდესაც ლონდონში ჩავდივარ, "ჩელსის" საწვრთნელ ბაზასა და სტადიონზე ყოველთვის თბილად მიღებენ. რომ გითხრათ ყოველ კვირა ველაპარაკები მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ აქა-იქ ერთმანეთს ვურეკავთ და ვხედავ, რომ ჩემთან საუბარი სიამოვნებს. რაც შეეხება ახალი სამსახურის დაწყებას, ვფიქრობ, ჯერ დასვენება მჭირდება, მერე კი გადავწყვეტ, რა გზას დავადგები. კაცმა რომ თქვას 65 წლის კაცი შესაძლოა მუშაობას სულაც უნდა ანებებდეს თავს, მაგრამ ენერგიის ნაკლებობას თითქოს არ განვიცდი და ვფიქრობ, შინ დაჯდომა ჯერ ადრეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული