"ასტონ ვილასთან" შეხვედრაში "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" სამი ქულა 27 წლის ტოგოელი ემანუელ ადებაიორის დუბლის წყალობით მოიოვა. გახარებულმა რედნაპმა თქვა:
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ამაზე კარგად როგორ უნდა ვიყო, ვერც წარმომიდგენია. ისედაც, ბოლო 10 დღის განმავლობაში ყოჩაღად გახლდით. ძალიან მინდოდა საქმეს რაც შეიძლება მალე დავბრუნებოდი და მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩინებულად ვგრძნობდი თავს. ძალიან მესიამოვნა ჩემი ბიჭების ასეთი კარგი თამაშის ცქერა. ამაზე კარგ
"ვილასთან" გამარჯვების შედეგად "ტოტენჰემ ჰოთსპური" პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა, ქულების რაოდენობით "ნიუკასლს" გაუტოლდა და მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს" ოთხი ქულით ჩამორჩება. თან, "სფურზს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
"ისე არ გამიგოთ, თითქოს გპირდებოდეთ,, რომ ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ შეჯიბრება ისე მიდის, რომ ტიტული შეიძლება ჩვენც მოვიპოვოთ და სხვამაც, მაგალითად "ლივერპულმა" ან ნებისმიერმა დაწინაურებულმა გუნდმა. მთავარია, საკუთერი ძალებისა გწამდეს და თამაშები მოიგო. მეორე მხრივ, ასეთი კონკურენციის პირობებში ოთხეულში შესვლაც კი ძნელი იქნება".
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, "დეზების" ორივე გოლი ადებაიორმა გაიტანა, ორივე პირველ ტაიმში. ჯერ იყო და მას ბირმინგემელების დაბნეულმა დაცვამ საჯარიმოში მაკრატელასმაგვარი დარტყმის საშუალება მისცა, შემდეგ კი თანაგუნდელის უზუსტობით შემცბარმა ვეტერანმა მეკარე შეი გივენმა ვერ დაიჭირა ბურთი და კარის ხაზთან დარჩენილ ტოგოელს ბურთის ხაზს მიღმა შეგდების მეტი აღარაფერი დარჩენოდა.
თუმცა, "სფურზის" გამარჯვების მთავარი შემოქმედი ადებაიორი არ ყოფილა. მთავარი მოქმედი პირი 26 წლის ხორვატი ლუკა მოდრიჩი იყო, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი დენიელ ლივი, ალბათ, იანვრის სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. რედნაპმა თქვა:
"ლუკა ძალიან მიყვარს. მარტო იმიტომ კი არა, რომ ის კარგი ფეხბურთელია, ის, უბრალოდ კარგი ბიჭია. ხომ გასოვთ, რა გადახდა ზაფხულზე? მისი ყიდვა "ჩელსის" უნდოდა და აურია კიდეც ცხოვრება, მაგრამ ლუკას ამის გამო ურთიერთობებში არაფერი შეშლია. მისი უხასიათობა არავის უგრძვნია. ჩვენ ახლაც ვალდებული ვართ ის "ტოტენჰემში" დავტოვოთ. ამქვეყნად ლუკა მოდრიჩისნაირი ფეხბურთელი და კაცი ბევრი როდია. და თუ ჩვენ გვინდა დიდ კლუბად ჩამოვყალიბდეთ - ხოლო, მართლა ეს რომ გვაქვს მიზნად დასახული, ზაფხულზე ჩვენმა თავმჯდომარემ ყველას დაუმტკიცა - მის კონტრაქტს რამე უნდა მოვუხერხოთ".
"ასტონ ვილას" თავკაცმა, ალექს მაკლიშმა კი თქვა: "თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, "ტოტენჰემს" შევუტიეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ცუდად მოგვიტრიალდა. გოლებიც დასანანი შეცდომების გამო გავუშვით. განსაკუთრებით, მეორე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"