თუ შიშია, "იუნაიტედის" ეშინოდეთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 19 წლის ვარსკვლავი, ფილ ჯონსი თავისი შეცდომის გამოსწორებას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილ ბოლო შეხვედრაში აპირებს - 7 დეკემბერს ინგლისის ჩემპიონი შვეიცარიაში მიდის "ბაზელთან" სათამაშოდ.

რაც შეეხება შეცდომას: სამშაბათს, "ოლდ ტრეფორდზე", "ბენფიკასთან" შეხვედრის მე-3 წუთზე ჯონსმა ბურთს ფეხი სწორად ვერ დაახვედრა და გოლი საკუთარ კარში გაიტანა.

საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებს ბოლო ტურში სულ მცირე ფრე სჭირდებათ. ერთი შეხედვით, ეს მიუღწეველი ამოცანა არ არის, მაგრამ მოგების შემთხვევაში სულ სხვა იქნებოდა. ახლა,
გამწარებული თინეიჯერი მოუთმენლად ელის, როდის გავა ორი კვირა, თუმცა, მანამდე ავტოგოლს იხსენებს:

"მოწინააღმდეგემ გამჭოლი პასი ჩამოაწოდა, მეც ინსტინქტურად გავწიე ფეხი და დავინახე, რომ ბურთი კარში შევარდა. რაღა უნდა მექნა? ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. მე კი არა, დიდ ვარსკვლავებს შემთხვევიათ. ჩემს გამო ჩვენი გუნდის კარში გოლი გავიდა, მორჩა და გათავდა. მეტს ვეღარაფერს ვიტყვი. გული დამწყდა, მაგრამ ამ გრძნობას რამენაირად უნდა გავუმკლავდე.

სხვა მხრივ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ "ბენფიკასთან" შეხვედრაში ნათლად დავინახე, რომ ჩემპიონთა ლიგაში წამითაც არ უნდა მოდუნდე. კონცენტრაციას წამით დაკარგავ და დაისჯები. სამშაბათის შეხვედრაში მოწინააღმდეგეს ორი გოლი გავატანინეთ და თავადაც ვერ გავიტანეთ ორზე მეტი. არადა, ხუთის გატანა მაინც შეგვეძლო".

რა შეიძლება მოხდეს ბოლო ტურში? იმ შემთხვევაში თუ "იუნაიტედი" მოიგებს ("ბენფიკა" კი "ოცელულთან" ვერ გაიმარჯვებს), ინგლისელები შესაძლოა ცხრილის სათავეშიც კი მოექცნენ, მაგრამ "ბაზელის" დამარცხება იოლი რომ არ არის, მანჩესტერელებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს.

ეს 27 სექტემბერს "ოლდ ტრეფორდზე" მოხდა, როდესაც მასპინძლები თავიდან 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ შვეიცარიელმა სტუმრებმა სამი გოლის გატანა მოახერხეს და ბოლოს ეშლი იანგს რომ არ ეყოჩაღა, დამარცხდებოდნენ. ჯონსი მსჯელობას განაგრძობს:

"ჩემპიონთა ლიგაში ჩვენთან ერთად ის გუნდები თამაშობენ, რომლებიც იქ მოხვედრას იმსახურებდნენ, ასე რომ, იქ სუსტი და ხელწამოსაკრავი არავინ არის. სხვა საქმეა, რომ ჩვენ ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები გვყავს და ბაზელიდან სამი ქულის წამოღება შეგვიძლია. მთავარია, იმ შეხვედრისთვის სწორად მოვემზადოთ".

ჯონსს 27 წლის თანაგუნდელი, ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერიც ეთანხმება. ისიც იმ აზრისაა, რომ ბაზელიდან იოლად არავინ არაფერს გამოგატანს, თუმცა საკუთარი გუნდის ძლიერებაში ეჭვი არ ეპარება. ფლეტჩერი ამბობს:

"ძალიან გვინდა ჯგუფში პერველი ადგილი დავიკავოთ და კიდევ უფრო მეტად გვინდოდა ეს ბოლო ტურამდე გაგვეკეთებინა, მაგრამ ახლა ამას ვეღარაფერს ვუშველით. დღეს, წუწუნისა და იმაზე ფიქრის დრო, რა მოხდებოდა ასე კი არა, ისე რომ მოხდარიყო, არ გვაქვს. ახლა მთავარია პრობლემას ადექვატური პასუხი გავცეთ და ბოლო ტურში ჩვენთვის საჭირო ერთადერთ შედეგს მივაღწიოთ.

ფაქტია, ბაზელში რთული მატჩი გველის. მეტოქე შემოგვიტევს და სახიფათო მომენტებსაც შექმნის ჩვენს კართან, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი უნდა გავაკეთოთ".

ჯონსის მიერ საკუთარ კარში გოლის შეგდება იშვიათი ფეხის დაცდენა იყო. ეს ფეხბურთელი ხომ დაცვაში თუ ნახევარდაცვაში შთაბეჭდილებას ყოველთვის, სწორედ უშეცდომობით და ბრძოლისუნარიანობით აღწევს.

"ბლექბერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა ძალიან სწრაფად გადაინაცვლა "როვერსის" სარეზერვოდან მთავარ გუნდში, შემდეგ "იუნაიტედში" და ბოლოს ინგლისის ნაკრებშიც აიყვანეს. მისმა თამაშმა ინგლისელთა ეროვნული გუნდის მწვრთნელ ფაბიო კაპელოს დიდი იტალიელი მცველი ფრანკო ბარეზი გაახსენა. ჯონსმა თქვა:

"წარსულის დიდ ვარსკვლავებს რომ გადარებენ ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჩემზე ქება ცუდად არ მოქმედებს. მე კვლავ თავჩახრილი ადამიანი ვარ, რომელიც ვარჯიშებზე ყველა ღონეს ხმარობს რათა მეტი ისწავლოს და უკეთესი ფეხბურთელი გახდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ თუ კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გავაგრძელებ, ინგლისის ნაკრების მუდმივი წევრი გავხდები. ამიტომაც გადმოვედი "იუნაიტედში" - ნაკრებსა და ჩემპიონთა ლიგაში თამაში მინდოდა. მანჩესტერელები ყოველ სეზონში ახლოს არიან ლიგაში გამარჯვებასთან და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება".

იმ შემთხვევაში თუ "იუნაიტედი" ჯგუფში პირველ ადგილს ვერ მოიპოვებს, მას პლეი-ოფის პირველ ეტაპზევე ემუქრება ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა. არ არის გამორიცხული კემჭისყრამ ისეთი მოწინააღმდეგეები არგუნოს, როგორებიცაა "რეალი", "ბარსელონა" ან "ბაიერნი". თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს და როდესაც ფლეტჩერი ყურადღებას ამაზე ამახვილებს, მართალია: განა ამ გუნდებს გაუხარდებათ პლეი-ოფის პირველსავე ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრა?

"რასაკვირველია, ადრეულ ეტაპზე რომელიმე დიდ გუნდთან "დაჯახებაში" სასიამოვნო არაფერია, მაგრამ არ მჯერა, რომ რომელიმე დიდმა გუნდმა თქვას, რა კარგია "მანჩესტერ იუნაიტედი" შეგვხვდაო. ბოლოს და ბოლოს, ვინც გინდა შეგვხვდეს, ჩვენ საკუთარი შესაძლებლობებისა გვწამს. ჩვენ ყველა ეტაპზე ერთადერთი მიზანი გვაქვს - გამარჯვება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული