ისტლენდელების მკრთალი ოცნება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგას, ალბათ, ჯგუფური ეტაპის დასრულებასთან ერთად დატოვებს, ბელგიელი მცველი, 25 წლის ვენსან კომპანი ამბობს, რომ მისი გუნდი ხელმოცარულთა რიგებს არ უნდა მივაკუთვნოთ.

ფეხბურთელი ამბობს, რომ "სიტი" ჯერ კიდევ იტყვის ევროტურნირებზე თავის რიხიან სიტყვას და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამას მიმდინარე სეზონშივე მოახერხებს. იმაში, რომ აგვისტოში ჩატარებულმა კენჭისყრამ ისტლენდელები ეგრეთ წოდებულ სიკვდილის ჯგუფში მოახვედრა, კომპანი მართალია. ბელგიელი ასეთ შედარებას აკეთებს: რაღა "ბაიერნთან", "ვილიარელთან" და "ნაპოლისთან" გითამაშია და რაღა პრემიერლიგის წამყვან გუნდებთანო. კერძოდ, "ჰამბურგის" ყოფილი წევრი
ამბობს:

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოგვიწია თამაშმა. კენჭისყრის დროს მესამე კალათაში ვიყავით და "სიკვდილის ჯგუფი" ასე თუ ისე ვერ აგვცდებოდა. წარმოიდგინეთ, მთელი შემოდგომის განმავლობაში ხან ესპანეთის სამეულის გუნდს ვხვდებოდით, ხან გერმანიისას და ხან იტალიისას. ვფიქრობ, ევროპაში ოთხი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია და ოთხივეს ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა ერთად მოიყარა თავი. ეს იგივეა, ყოველ სამშაბათ-ოთხშაბათს "ლივერპულს", "ჩელსის" ან "არსენალს" რომ ეთამაშო.

იქნებ მომავალ სეზონში ბედმა გაგვიღიმოს და ასეთ საშინელ ჯგუფში აღარ გვიკრას თავი".

ახლა, მოდი ის ვიანგარიშოთ, აქვს თუ არა "სიტის" ლიგის პლეი-ოფში მოხვედრის შანსი. თეორიულად ეს შესაძლებელია, ოღონდ ამისათვის საჭიროა ისტლენდელებმა "გაქცეულ" ლიდერ "ბაიერნს" მოუგონ, ხოლო "ვილიარეალმა" შინ "ნაპოლის" არ მოაგებინონ. თუმცა, "სიტის" ფანები მესამე ადგილზე გასვლასა და ევროლიგაში გადაბარგების ვარიანტსაც განიხილავენ.

რაც შეეხება კომპანის, ის ევროლიგაში გადასვლაზე ლაპარაკს არ ჩქარობს და ამბობს, რომ ჯერ ჩემპიონთა ლიგაში უნდა მოისინჯოს ყველაფერი. განა გამორიცხულია, რომ "სიტი" ჯგუფიდან გაძვრეს და ამ სეზონშივე თქვას თავისი სიტყვა დიდ ევროპულ სარბიელზე?
"ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის მაინც არ დამთავრებულა. ჯერ, ბოლო შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი, რომელშიც უნდა გავიმარჯვოთ და იმედით ველოდოთ ცნობებს ვილიარეალიდან. თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მაშინ რა გაეწყობა, ტიტული ტიტულია, ევროლიგაზე გადავინაცვლებთ და იქ შევეცდებით გამარჯვებას. თუმცა, ვიმეორებ, უპირველეს ყოვლისა ჩემპიონთა ლიგაში უნდა ვცადოთ ჩვენი".

კომპანის თანაგუნდელი, 25 წლის ჯეიმს მილნერი კი ამბობს, რომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია ისტლენდელებმა მომავალ შეხვედრებში არ გაიმეორონ ის შეცდომები, რომლებიც სამშაბათს, ნეაპოლის "სან პაოლოზე" დაუშვეს. საქმე ის გახლავთ, რომ პრემიერლიგის ლიდერებს ინგლისის ჩემპიონატში ურთულესი თამაშები ელით. მომდევნო ოთხ კვირაში რობერტო მანჩინის გუნდი უნდა შეხვდეს "ლივერპულს", "ჩელსისა" და "არსენალს".

გარდა ამისა, "სიტის" "ქარლინგის თასის" მეოთხედფინალში "არსენალთან" აქვს ურთიერთობა გასარკვევი. რაც შეეხება უახლოეს შეხვედრას, ის მანჩესტერელებს კვირას, საქართველოს დროით საღამოს 8 საათზე ლივერპულში, "ენფილდ როუდზე" ელით.

მილნერმა თქვა: "ჩვენს გუნდში ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები თამაშობენ. რას იზამ, იმედგაცრუება რაგინდ დიდი იყოს, იმისთვისაა, რომ დაძლიო და დასკვნები გამოიტანო. მართალია, ნეაპოლში გულდასაწყვეტი მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ახლა თავს ხელში ავიყვანთ და კვირას, "ლივერპულს" მთელი ძალ-ღონით ვეთამაშებით".

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" პრეზიდენტმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ამთავითვე შეუთვალა "მანჩესტერ სიტის", რომ ორი კვირის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს აღარაფერი სჭირდება, არაფერს დათმობს:
"ჩვენ მანჩესტერშიც გამარჯვებას შევეცდებით" - თქვა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული