დასამტკიცებელი მართლაც ბევრია

AutoSharing Option
ქრონოლოგია დავარღვიოთ. უპირველეს ყოვლისა იმ შეხვედრებზე ვილაპარაკოთ, რომლებსაც გულშემატკივარი მეტი ინტერესით ელოდება, ერთ-ერთი ასეთი კი კვირა საღამოს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება: „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ მასპინძლობს. ქრონოლოგიას რომ გამოვდევნებოდით, ამ თამაშზე სულ ბოლოს უნდა გვეთქვა, რადგან ტური ამ მატჩით მთავრდება.

„სიტი“, რომელსაც 12 თამაშიდან 11 მოგებული აქვს და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ცხრილში ხუთი ქულით უსწრებს, ნამდვილი გამოცდის წინაშე დგას. „ლივერპული“ ხომ კარგ ფორმაშია და არც ამბიცია აკლია. კენი დალგლიშის გუნდმა, ყველა შეჯიბრებაში ერთად, ზედიზედ ცხრა შეხვედრაა წაგება რა არის, არ იცის და თან,
სტატისტიკა იმასაც მეტყველებს, რომ მანჩესტერელებს „ენფილდზე“ უჭირთ - ბოლო რვა ვიზიტიდან ერთიც არ მოუგიათ.

მეტიც, „სიტის“ „ლივერპულისთვის“ პრემიერლიგის ბოლო 12 დაპირისპირებაში, შინ თუ სტუმრად, მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული. სხვასაც გეტყვით: ბოლო გუნდი, რომელიც „სიტის“ ისე დაუდგა, რომ გოლი არ გაატანინა, 18 თამაშის წინ, სწორედ „ლივერპული“ იყო.

გარდა იმისა, რაც ჩამოვთვალეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს მეტოქეები ყოველ კონკრეტულ თამაშს როგორ გუნებაზე ხვდებიან. მერსისაიდელები, მაგალითად, ყინჩად ბრძანდებიან, რადგან ბოლო ტურში „ჩელსის“ მოუგეს 2:1 და მესამე ადგილზე მყოფი „ტოტენჰემი“ მხოლოდ სამი ქულით უსწრებთ. „წითლების“ პირველი გუნდის მწვრთნელი და დალგლიშის მარჯვენა ხელი სტივ კლარკი ამბობს:

„წლეულს ყველა ჩვენს გუნდზე ლაპარაკობს. ვფიქრობ, იმასთან შედარებით, რაც მე და კენის აქ დადვხვდა, დღევანდელი „ლივერპული“ გაცილებით ძლიერია. ახლანდელი შემადგენლობა ძველს სჯობს და ეს „ჩელსისთან“ ბოლო შეხვედრამ დაადასტურა. ძირითად შემადგენლობას თავი დავანებოთ, სათადარიგო სკამისთვის რომ გადაგეხედათ, ისიც შთაბეჭდილებას მოახდენდა. ისეთ კლუბში როგორიც „ლივერპულია“ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელებმა ყოველ პოზიციაზე კონკურენცია იგრძნონ. ეს კონკურენცია პროგრესის საწინდარი გახლავთ“.

ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი კონკურენციაა „მანჩესტერ სიტიშიც“, რომელსაც სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „ნაპოლისთან“ დამარცხების სიმწარე აქვს მოსაშორებელი. ბუნებრივია, ევროტურნირზე საქმის ჩაფლავება ისტლენდელთა არაბ პატრონებს გააბრაზებდა. ისინი დიდძალ ფულს იმიტომ არ ხარჯავენ, რომ გუნდი შეჯიბრებიდან ჯგუფური ეტაპიდანვე გაუვარდეთ (რისი ძალიან დიდი შანსიც არის) და მათ დასაწყნარებლად სასწრაფოდ შთამბეჭდავი შედეგია საჭირო. ამის საშუალება კი გუნდს, რომელშიც სერხიო აგუერო, ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი, სამირ ნასრი და სხვა ვარსკვლავები თამაშობენ, რასაკვირველია, აქვს.

ახლა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ „ნიუკასლის“ შეხვედრაზე „გადმოვხტეთ“. ეს თამაში დღეს, საქართველოს დროით 19 საათზეა დანიშნული. ინგლისის ჩემპიონი „ხმაურიანი თანაქალაქელის“ მსგავსად, სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში ჩაფლავდა - შინ „ბენფიკასთან“ 2:2 ითამაშა. ეს იმას ნიშნავს, რომ „იუნაიტედს“, დღეს, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსწორენა მართებს. რასაკვირველია, სატურნირო მდგომარეობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ნიუკასლი“, მოგეხსენებათ, ამ სეზონში ყველას აკვირვებს - „კაჭკაჭებისგან“ არავინ ელოდა, რომ 12 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე იქნებოდა (მესამე ადგილზე მყოფ „სფურზთან“ თანაბარი ქულებით) და „იუნაიტედს“ მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებოდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი, კრის სმოლინგი კვლავ „ბენფიკასთან“ თამაშზე ფიქრობს. ის ვერ შეგუებია, რომ მისმა გუნდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში მტკიცე დაცვით გამოირჩევა, პორტუგალიელებთან დასანანი შეცდომები დაუშვა.

„ბოლო ხანს ბევრი მეტოქე გავაწბილეთ. ჩვენს კარში გოლის გატანა ძალიან ძნელია და ამიტომაც დამწყდა გული იმაზე, რაც სამშაბათს მოხდა. დიდი იმედი მაქვს, რომ შაბათს, „ნიუკასლთან“ ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. „კაჭკაჭები“ მიმდინარე სეზონში დიდებულად თამაშობენ და თუ ჩვენ მათ მოვუგებთ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც კარგი იქნება“.

სმოლინგი „ბენფიკასთან“ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა. მანამდე ის ტრავმირებული იყო. სავარაუდოდ, „ფულჰემის“ ყოფილი ფეხბურთელი ვერც „ნიუკასლთან“ მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში, რადგან „იუნაიტედში“ უპირატესობას რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის წყვილს ანიჭებენ. მწვრთნელს, სერ ალექს ფერგიუსონს იმედი აქვს, რომ „ნიუკასლთან“ შეხვედრაში მის განკარგულებაში იქნება უეინ რუნი, რომელმაც „ბენფიკას“ წინააღმდეგ თეძოს ტკივილის გამო ვერ ითამაშა.

რაც შეეხებათ „კაჭკაჭებს“, როგორც მოგახსენეთ, მათ მიმდინარე სეზონში კარგი თამაშით ყველა გააკვირვეს, თუმცა ბოლო ტურში, „ეტიჰედ სთედიუმზე“, „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდნენ. კაცმა რომ თქვას, ეს მათი პირველი სერიოზული შემოწმება იყო, რომელსაც, დღეს, მეორე მოსდევს. ისტლენდელებთან წაგების შემდეგ „ნიუკასლის“ თავკაცმა, ალან პერდიუმ განაცხადა:

„მე „სიტისთან“ დამარცხების შემდეგ „ოლდ ტრეფორდზე“ ჩასვლისა და „იუნაიტედთან“ თამაშის არ მეშინია. ჩვენ ცხრილში მაინც შესანიშნავი პოზიცია გვიჭირავს. იმედი მაქვს, რომ „იუნაიტედთან“ შეხვედრის წინ ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ტიოტე და ობერტანიც დაგვიბრუნდებიან“.

„ტოტენჰემ ჰოთსპური“, რომელიც მესამე ადგილზე გადავიდა, ვესტ ბრომვიჩში თამაშობს. მასპინძლებმა წინა ტურში „ბოლტონს“ 2:1 მოუგეს და ჩრდილოლონდონელებს უფრო იმედიანები ხვდებიან. ბოლოს და ბოლოს, მათ ცხრილში მეათე პოზიცია უკავიათ. სხვა საქმეა, რომ ბოლო ტურში გაიმარჯვა „სფურზმაც“, რომელმაც „ასტონ ვილას“ 2:0 მოუგო. „ვესტ ბრომვიჩის“ მწვრთნელი, როი ჰოჯსონი კლუბის საიტზე წერს:

„ჩვენ ექიმებისგან ცნობებს ველოდებით. შეინ ლონგი, რომელიც მთელი თვის განმავლობაში ნატკენ მუხლს მკურნალობდა, „ბოლტონთან“ შეხვედრაში დაგვიბრუნდა და გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ ახლა ფეხი იტკინა და არ ვიცით, „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში“ უნდა დავასვენოთ თუ შეიძლება, რომ ვათამაშოთ. ხშირია შემთხვევა, როდესაც ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ფეხბურთელი 90 წუთს თამაშობს, მერე კიდევ ვარჯიშობს და... რაღაც კიდევ ემართება“.

წესით „დეზებთან“ შეხვედრაში უნდა დაბრუნებოდა მოედანს პიტერ ოდემვინგე, მაგრამ ახლა მუხლი იტკინა და ამ თამაშსაც გამოსტოვებს.
რაც შეეხება „დეზებს“, მათ აგვისტოში მანჩესტერის გუნდებთან რომ წააგეს, მას მერე დამარცხების სიმწარე გადაავიწყდათ. მოგეხსენებათ, ჰარი რედნაპის შეგირდებს დანარჩენ ლიდერებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და, ბუნებრივია, ასეთი ხელსაყრელი მდგომარეობის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ - სხვა სიტყვებით, „სფურზი“ „ვესტ ბრომვიჩის“ დამარცხებას აპირებს. რედნაპს შესანიშნავ ფორმაში ჰყავს ლუკა მოდრიჩი, სკოტ პარკერი და ემანუელ ადებაიორი, რომელმაც ცხრა ნათამაშებ შეხვედრაში უკვე ხუთი გოლი გაიტანა.

რედნაპი ამბობს: „სულაც არ არის გამორიცხული, რომ ჩემპიონის ტიტულისთვისაც ვიბრძოლოთ. მთავარია საკუთარი შესაძლებლობების გვჯეროდეს და თამაშები მოვიგოთ“.

„ჩელსი“ „ვულვერჰემპტონს“ მასპინძლობს. რას ნიშნავს ეს? მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ დასავლეთლონდონელებმა პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ხელმოცარვის შემდეგ მდგომარეობა უნდა გამოასწორონ და მეპატრონე რომან აბრამოვიჩს ცოტათი მაინც გაახსნევინონ სიბრაზისგან შეკრული კოპები. შეგახსენებთ, რომ როგორც „ლივერპულთან“, ასევე ლევერკუზენის „ბაიერთან“ „ლურჯებმა“ ერთნაირი ანგარიშით წააგეს, 2:1.

„ჩემს ფეხბურთელებს ნირი წაუხდათ, მაგრამ ისინი ელოდებიან, რომ მწვრთნელი გამოუსწორებს გუნებას და საბრძოლო სულისკვეთებას დაუბრუნებს - ინდიელივით მესამე პირში ილაპარაკა საკუთარ თავზე ანდრე ვილაშ-ბოაშმა - მე ვალდებული ვარ ბიჭებს მოტივაცია მოვუძებნო და როგორც „ვულვზთან“, ასევე სამშაბათს, „ქარლინგის თასზე“ „ლივერპულთან“ ფრთები შევასხა“.

განელი მიკაელ ესიენი კვლავ ნაოპერაციებ მუხლს მკურნალობს, ნიგერიელი ჯონ ობი-მიკელი კი „ლევერკუზენთან“ შეცვლაზე შევიდა. ის, სავარაუდოდ, „ვულვზთან“ თავიდანვე ითამაშებს, აი, ეშლი კოულის საქმე კი ბოლო დღემდე გაურკვეველი იყო - შანსი იმისა, რომ კოულს ათამაშებენ, 60 პროცენტია.

რაც შეეხება „ვულვზს“, ეს გუნდი გასავარდნთა ზონას ორად ორი ქულით აღემატება და ქულები სჭირდება. თუ „ჩელსისთან“ გამარჯვებას მოახერხებს, მისთვის უკეთესი - ფსიქოლოგიურად წელში გაიმართება. თან, „ჩელსი“ ძველებურად ვეღარ თამაშობს და ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს იყოს მიკ მაკარტის ფეხბურთელთა შანსი. წინა ტურში, „ევერტონთან“, რიჩარდ სტირმენმა მაჯა მოიტეხა, თუმცა მაკარტის გაუმართლა და მის მაგივრად თერთმეტეულში გამოჯანმრთელებულ რონალდ ზუბარს ელის.

აუცილებლად უნდა ითქვას „არსენალისა“ და „ფულჰემის“ დაპირისპირებაზე. საქმე ის გახლავთ, რომ „მეთოფეები“ უკვე ზედიზედ ცხრა თამაშია იგებენ და ლონდონურ დერბიში კიდევ ერთ გამარჯვებას შეეცდებიან. შესანიშნავ ფორმაში მყოფი ჩრდილოლონდონელები მეშვიდე ადგილზე არიან, მაგრამ ცხრილს კარგად თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მესამე ადგილს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება „ფულჰემს“, ის მეთექვსმეტეზეა და მოგებათა გრაფაში ორიანი უწერია - სხვათაშორის, ამ ორიდან ერთი „კრეივენ კოტეჯის“ ბინადარმა „ჩელსის“ მოუგო.

„არსენალის“ შემადგენლობაში საუცხოო ფორმაშია რობინ ვან პერსი. ჰოლანდიელ ვარსკვლავზე მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ასე თქვა:

„ის საუცხოო პერიოდს გადის, როდესაც გოლების გასატანად ძალისხმევა, თითქოს, არც კი სჭირდება, ყველაფერი თავისთავად და ბუნებრივად ხდება. ვან პერსი ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილზეა. გარედან ეს ყველაფერი ძალიან იოლი ჩანს, მაგრამ მერწმუნეთ, ასე არ არის. რობინს თამაში ესმის საოცრად“.

დანარჩენ თამაშებზე კი მოკლედ მოგახსენებთ: „ასტონ ვილა“ უელსს მიემგზავრება, იმ იმედით, რომ „სუონსის“ მოუგებს და ამ სეზონში სტუმრად პირველ შეხვედრას მოიგებს; „ნორვიჩ სიტი“ „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ მასპინძლობს - პრემიერლიგაში ახალაღზევებული გუნდები შეეცდებიან უმაღლეს დონეზე სთამბეჭდავი სვლა არ შეწყვიტონ;

„სანდერლენდი“ აუტსაიდერ „უიგანს“ მასპინძლობს და მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვების იმედი აქვს; ოუენ კოილი ყველა ღონეს ხმარობს, რათა „ბოლტონი“ გასავარდნი სამეულიდან ამოაძვრინოს, მაგრამ ამისათვის, ამჯერად, სტუმრად ჩასული „ევერტონის“ დამარცხება მოუწევს;

რაც შეეხება „სტოკს“, ამ გუნდს 2011 წელს მთელი 10 თვის განმავლობაში შინ ერთი თამაშიც არ წაეგო, მაგრამ ბოლოს ზედიზედ სამჯერ დამარცხდა. ახლა სტოკელები „ბლექბერნთან“ შეეცდებიან ძველებური საშინაო ფორმის აღდგენას.

ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური
დღეს
სტოკი-ბლექბერნი 16:45
ტრავმა: სიდიბე - სამბა, ვუცკევიჩი, გრელა, რ. ნილსენი
დისკვალიფიკაცია: დანი (ბლექ)

ბოლტონი-ევერტონი 19:00
ტრავმა: ალონსო, გარდნერი, ბოიატა, ჰოლდენი, რიკეტსი, მირსი, ლი, შ. დევისი - ენიჩიბე

ჩელსი-ვულვერჰემპტონი 19:00
ტრავმა: ესიენი, კოული - სტირმენი, ფოული, ზუბარი
დისკვალიფიკაცია: ო’ჰარა, ჰანტი (ვულვ)

მანჩესტერ იუნაიტედი-ნიუკასლი 19:00
ტრავმა: უელბეკი, ოუენი, სმოლინგი, კლევერლი - ტიოტე, მარვო, ობერტანი

ნორვიჩი-ქუინზ პარკი 19:00
ტრავმა: ვუგანი, უიტბრედი, უორდი - დ.ჯ. კემპბელი, კონოლი, დაიერი, ჰალსი
დისკვალიფიკაცია: ბარტონი (ქუინ)

სანდერლენდი-უიგანი 19:00
ტრავმა: ჯი დონგ-ვონი, გორდონი, ბრემბლი, უიკჰემი, მინოლე, კემპბელი - კირკლენდი

ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 19:00
ტრავმა: ოდემვინგე, შარნერი - გალასი, ჰადლსტოუნი, დოუსონი

არსენალი-ფულჰემი 21:30
ტრავმა: ჯენკინსონი, გიბზი, მიაიჩი, დიაბი, სანია, უილშირი - სიდუელი, კელი, გრიგერა, სა, ს. დევისი

ხვალ:
სუონსი-ასტონ ვილა 17:30
ტრავმა: კოლკერი, ტატე - დელფუნესო, ლიჩაი

ლივერპული-მანჩესტერ სიტი 20:00
ტრავმა: ჯერარდი - ჰარგრივზი

1. სიტი 12 11 1 0 42-11 34
2. იუნაიტედი 12 9 2 1 29-12 29
3. ტოტენჰემი 11 8 1 2 23-15 25
4. ნიუკასლი 12 7 4 1 18-11 25
5. ჩელსი 12 7 1 4 25-17 22
6. ლივერპული 12 6 4 2 16-11 22
7. არსენალი 12 7 1 4 25-22 22
8. ასტონ ვილა 12 3 6 3 16-17 15
9. ქუინზ პარკი 12 4 3 5 13-22 15
10. ვესტ ბრომვიჩი 12 4 2 6 11-17 14
11. ნორვიჩი 12 3 4 5 17-20 13
12. ევერტონი 11 4 1 6 13-16 13
13. სუონსი 12 3 4 5 12-16 13
14. სტოკი 12 3 3 6 10-22 12
15. სანდერლენდი 12 2 5 5 14-13 11
16. ფულჰემი 12 2 5 5 14-15 11
17. ვულვზი 12 3 2 7 13-20 11
18. ბოლტონი 12 3 0 9 19-29 9
19. ბლექბერნი 12 1 4 7 16-27 7
20. უიგანი 12 1 3 8 10-23 6

ბომბარდირები
13 - ვან პერსი (არსენალი); 10 - ჯეკო (სიტი), აგუერო (სიტი); 9 - რუნი (იუნაიტედი); 8 - ბა (ნიუკასლი); 6 - ბალოტელი (სიტი), კლასნიჩი (ბოლტონი), ლემპარდი (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 5 - სტარიჯი (ჩელსი), ადებაიორი (ტოტენჰემი), აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ბენტი (ასტონ ვილა), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), ერნანდესი (იუნაიტედი), იაკუბუ (ბლექბერნი); 4 - ბეილი (ტოტენჰემი), გრემი (სუონსი), სუარესი (ლივერპული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული