ტევესმა კი არა, მე გავიტანეო!

AutoSharing Option
კაცს ასეთი ფეხი ჰქონდეს, საოცარია... მწვრთნელს რობერტო მანჩინის უთქვამს კიდეც, იქნებ ყოველ ტურში აქ იყოთ, ტრიბუნაზე დაბრძანდეთ და გვიყუროთო. ალბათ, მიხვდით, "მანჩესტერ სიტის" არაბ მეპატრონეზე შეიხ მანსურზეა ლაპარაკი. ის, ორშაბათს, "სიტი ოფ მანჩესტერ" სთედიუმზე, ისტლენდელებისა და "ლივერპულის" შეხვედრას დაესწრო. მისმა გუნდმა შთამბეჭდავად მოიგო 3:0. მანჩინიმ თქვა:

"შეიხ მანსურის თვალწინ დიდებული ფეხბურთი ვითამაშეთ. ვფიქრობ, მართლაც საუცხოო იქნება ის ყოველ ტურში თუ მობრძანდება ჩვენს მხადასაჭერად. მატჩის შემდეგ მე მას ველაპარაკე. ძალიან გახარებული გახლდათ. შეიხი მანსური აქ პირველად არის და საბედნიეროდ ასეთ კარგ
შეხვედრას, "ლივერპულის" შთამბეჭდავად ძლევას დაესწრო. სხვათაშორის, ის კარლოს ტევესსაც შეხვდა და წარმატება მასაც მიულოცა".

შემდეგ, იტალიელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება "წარმოშობით" ინგლისური გახლდათ. მან დასძინა: "გუნდის ცალკეულ ფეხბურთელთა ჯგუფიდან ერთ ორგანიზმად გარდაქმნას ყოველთვის დრო სჭირდება, თუმცა ერთსულოვნებაზე მეტად დღეს ინგლისელი მოთამაშეების გამოსვლამ გამახარა. "ლივერპულის" წინააღმდეგ მოედანზე ექვსი ინგლისელი გვყავდა"...

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჯეიმს მილნერი დაასახელეს. მილნერმა, მოგეხსენებათ, გარეთ ბერის მიაწოდა საგოლე პასი, თუმცა მის შეხვედრის გმირად დასახელებას, ალბათ, სხვა მოტივიც ჰქონდა - ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი "ასტონ ვილადან" ისტლენდზე ახალი გადაბარგებულია, დებიუტი ჰქონდა. მილნერში "სიტიმ" 26 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც 31,8 მილიონ ევროს უდრის. მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა თქვა:

"მოუთმენლად მინდოდა მოედანზე გასვლა და საქმეში ჩართვა. სეზონი შინ მშვენივრად დავიწყეთ. პირველი გოლიც კარგი გამოგვივიდა. გარეთმა ჩემს პასს შესანიშნავად უხელთა და ჩინებულად დაარტყა კარში. მას შემდეგ "ლივერპულმა" შესვენებამდე ვეღარც კი შემოგვიტია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ, რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი უნდა გავხდე. "მანჩესტერ სიტი" ის კლუბია, რომელიც სწრაფად ვითარდება და დიდებული სტადიონი აქვს".

კიდევ, ამ შეხვედრის ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდთაგანი გახლდათ მეორე გოლი. შეგახსენებთ: კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მიკა რიჩარდსმა თავი დაარტყა, შემდეგ კი კარლოს ტევესმაც მოუქნია ფეხი. ეჭვიც აქ გაჩნდა: შეეხო კი არგენტინელი რიჩარდსის დარტყმულს თუ ბურთი პეპე რეინას მის დაუხმარებლად გაუძვრა ფეხებს შორის? რიჩარდსმა ამ ეპიზოდის შესახებ ასე თქვა:
"რად უნდა ლაპარაკი, რომ გოლი მე გავიტანე. ამ შეხვედრაში კარლოსმა ფანტასტიკურად ითამაშა და მოგვიანებით პენალტიც შეაგდო... ერთი სიტყვით, მას თავისი წილი წარმატება ერგო და ამიტომ მე ჩემს წილს დავიცავ".

არადა, ტევესმა გოლი ისე იზეიმა, რომ ეჭვს ვერ შეიტანდი, მისი გატანილი გეგონებოდა. და აქ, ადამიანს უნებლიედ გაგახსენდება მსოფლიოს ჩემპიონატზე მის მიერ მექსიკის კარში გატანილი გოლიც - ტევესმა კარგად იცოდა, რომ თამაშგარეში იდგა, მაგრამ ბურთი კარში შეაგდო და ისე იზეიმა, გეგონება წარმატება ალალი ყოფილიყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული