"დღეს ინგლისში ფიფას ინსპექტორები არიან და ინფრასტრუქტურას ამოწმებენ. იმედი
ვენგერს ერთი საინტერესო მაგალითიც მოჰყავს. მისი თქმით, ვერსად, დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ ქალაქს ან დასახლებულ პუნქტს, სადაც სტადიონი ჩვეულებრივი, მჭიდროდ დასახლებული უბნის ქუჩებს შორის იყოს "გაჭედილი".
მის გარშემო ხალხი თავისი ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს, შაბათობით კი ყველა ყველაფერს გვერდით დებს და თამაშის სანახავად მიემართება. "ამ კვირაში, როდესაც ფიფას წარმოგზავნილი დელეგატები ნიუკასლში ჩავლენ, იმედი მაქვს, რომ მათზე "სენტ ჯეიმს პარკის" ნახვა ძალიან იმოქმედებს. სტადიონი ამ ქალაქის ბევრ ღირსშესანიშნაობას სჯობს. ნიუკასლის გულისცემა სწორედ აქ იგრძნობა. ამ ქალაქში ფეხბურთი გამორჩევით უყვართ. ასევეა ინგლისის სხვა ქალაქებშიც. მაგალითად, ლივერპულში, მანჩესტერში, ბირმინგემსა და ლონდონში. ხოლო თუ ქვეყანას აქვს ინფრასტრუქტურა, სტადიონები, ჩემპიონატის მოწყობის ჟინი და შნო, მეტი რაღა უნდა იყოს საჭირო დიდი შეჯიბრების მასპინძლობისათვის?"
ვენგერი დარწმუნებულია, რომ ყველა ის ატრიბუტი, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას სჭირდება ინგლისს ახლავე აქვს. ზოგ სტადიონს, რასაკვირველია, გადაკეთება დასჭირდება, რამდენიმეს თითქმის თავიდან აშენებაც კი, მაგრამ 2018 წლამდე ინგლისელები ამას, რასაკვირველია მოასწრებენ. ბოლოს და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველ შაბათს პრემიერლიგის ტურს ატარებს და ამხელა შეჯიბრებას წარმატებით ართმევს თავს.
ფიფას კომისიამ ინგლისთან გაცნობა ყველაზე სახელოვანი სტადიონით, "უემბლით" დაიწყო, მაგრამ ვენგერი ამბობს, რომ ეს ქვეყანა გაცილებით ფართო და მრავალმხრივია ვიდრე "უემბლი". "ფეხბურთი აქაური საზოგადოების გულშია. ინგლისური საფეხბურთო კულტურა მდიდარი და მრავალფეროვანია. მას შეუძლია მთელს მსოფლიოს გაუღოს კარი, ზუსტად ისე, როგორც პრემიერლიგა უღებს კარს ათასი ქვეყნის წარმომადგენელს. თუნდაც "ემირეიტ სთედიუმს" დააკვირდით. ის ამის კარგი მაგალითია".
ვენგერის ტქმით "არსენალში" ბევრი უცხოელი ფეხბურთელია და თითოეული მათგანი აღფრთოვანებულია ინგლისური ფეხბურთის ტრადიციებითა და ყოფით. ინგლისში ფეხბურთი საყვარელი სახეობა კი არა, ცხოვრების წესია და სხვადასხვა ქვეყნის შვილებს სწორედ ეს აერთიანებს. "და თუ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას ინგლისს მიანდობენ, დარწმუნებული ვარ დიდ წარმატებას მიაღწევენ - 2018-ში გაიმართება დაუვიწყარო მსოფლიოს ჩემპიონატი".