კიდევ წააგე, "ჩელსი"?

AutoSharing Option
"ჩელსის" მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში მიხვდა, რომ მისი გუნდის სეზონი შესაძლოა კოშმარულად აირიოს.

"ქარლინგის თასის" მეოთხედფინალში "ლურჯებს" ლონდონში "ლივერპულმა" 2:0 მოუგო, სტუმართა გულშემატკივარმა კი პორტუგალიელ სპეციალისტს უმღერა: "შენ ხვალ, დილით მოგხსნიან!"

სტატისტიკა ასეთია: ბოლო 9 შეხვედრიდან "ჩელსიმ" 5 წააგო, რაც კლუბის რუსი მეპატრონის, რომან აბრამოვიჩის ნერვებისა და მოთმინების აშკარა გამოცდაა. როგორც ჩანს, გადამწყვეტი შემდეგი სამი თამაში იქნება: პრემიერლიგაში "ნიუკასლსა" და "მანჩესტერ სიტისთან", ხოლო ჩემპიონთა ლიგაში "ვალენსიასთან".

ვილაშ-ბოაშს მომდევნო ორ კვირაში ძველებური "ჩელსის" გაცოცხლება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დიდი შანსია სამსახური დაკარგოს.
კრიტიკის ობიექტად ქცეულმა პორტუგალიელმა თქვა:

"ჩვენ, შემდეგ კვირაში, "ვალენსიასთან" სამკვდრო-საციცოცხლო თამაში გველის და ფაქტია, რომ იმ შეხვედრის მოსაგებად ფეხბურთი, რომელიც "ქარლინგის თასზე", "ლივერპულთან" ვაჩვენეთ, საკმარისი არ იქნება. ის, რაც დღეს ვითამაშეთ გასულ შაბათს, "ვულვერჰემპტონთან" ნათამაშებსაც ვერ შეედრებოდა. მეტიც, გაცილებით ჩამოუვარდებოდა. "ლივერპულმა" ყოველმხრივ გვაჯობა და ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა.

"ჩელსი" შინ ასე არ უნდა თამაშობდეს. "სტემფორდ ბრიჯზე", საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გაცილებით გულანთებული უნდა გადიოდე. ახლა, სხვა გზა არ არსებობს, ჩვენი სახე და მიზნები რომ შევინარჩუნოთ, შემდეგ სამ შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა შევძლოთ".

"ლივერპული" ნახევარფინალში მაქსი როდრიგესისა და მარტინ კელის მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით გავიდა. მეტიც, "წითლებმა" პირველ ტაიმში პენალტის ვერგატანის უფლებაც კი მისცეს საკუთარ თავს.

შედეგების ნუსხას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ მერსისაიდელებს საქმე კარგად აქვთ: ყველა შეჯიბრებაში ჩატარებული ბოლო 11 შეხვედრიდან ერთიც არ წაუგიათ და ამ შეხვედრებს შორის ორი "ჩელსისთან" იყო - "წითლებმა" "ლურჯებს" ბოლო 9 დღეში ორჯერ მოუგეს.

გეხსომებათ, რამდენიმე დღის წინ "ლივერპულის" მწვრთნელი, კენი დალგლიში კალენდარს უჩიოდა და ამბობდა, რომ ასეთი შეხვედრები ერთმანეთის მიყოლებით არ უნდა ინიშნებოდეს, მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული შეხვედრა "ასეთი" სულაც არ გამოდგა.

დალგლიში მერსისაიდელ ქომაგს იმასაც კი მოუწოდებდა, ამ შეხვედრის სანახავად ლონდონში ნუ წამოხვალთო, მაგრამ 5 ათასმა ფანმა არ დაუჯერა და "სტემფორდ ბრიჯზე" გამარჯვება იზეიმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული