სერ ალექსი ბოდიშს იხდის

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა „ოლდ ტრეფორდის“ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა - მისი გუნდი საკუთარ მოედანზე „კრისტალ პალასთან“ დამარცხდა 1:2 და „ქარლინგის თასის“ გათამაშებას გამოეთიშა. სტუმრებმა გამარჯვების გოლი დამატებით დროში შეაგდეს, ის 28 წლის გლენ მიურეის თავურს მოჰყვა.

მატჩის შემდეგ დამარცხებულმა ფერგიუსონმა განაცხადა: „ეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთი არ იყო. მინდა ჩვენს გულშემატკივარს ამისთვის დიდი ბოდიში მოვუხადო. ამასთან, არ მინდა „კრისტალ პალასის“ თავდადებულ თამაშს რაიმე ჩრდილი მივაყენო. მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. ამ გუნდის თითოეული ფეხბურთელი ტყავიდან ძვრებოდა, რათა ნახევარფინალში გაეღწია და მიაღწიეს
კიდეც მიზანს. „კრისტალ პალასს“ გულწრფელად ვუსურვებ ფინალში გასვლას.

მაგრამ მე ჩემი გუნდის თამაშმა გამანაწყენა. გაბრაზებული ვარ. როდესაც საქმე დამატებით დროზე მიდგა, ვიფიქრე, რომ მოწინააღმდეგე ახლა კი ვეღარ გაგვიძლებდა, მაგრამ თურმე ასეც არ ყოფილა საქმე. კაცმა რომ თქვას, „კრისტალ პალასის“ მეორე გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა, მაგრამ ამ ბოლო დღოს თანამსაჯების შეცდომებს შევეჩვიეთ. რაღაცნაირი პერიოდი გვიდგას, ასისტენტებთან არ გვიმართლებს. თუმცა, ამ ოფსაიდის თავის გასამართლებლად გამოყენებას არ ვაპირებ. ერთხელაც ვიმეორებ, რომ „კრისტალ პალასმა“ თავდაუზოგავად იბრძოლა და დამსახურებულად გაიმარჯვა. მათ ფიზიკური თვალსაზრისით უმძიმესი ფეხბურთი აირჩიეს და ითამაშეს.

რაც შეეხება ბურთის ფლობას, ბურთი ძირითადად ჩვენ გვქონდა, მაგრამ ეს უპირატესობა ვერაფერში გამოვიყენეთ. ამაზე ნათელი მაგალითი რაღა გინდათ: „პალასის“ მეკარეს პირველ ტაიმში დარტყმულის მოგერიება არ დასჭირვებია. დეტალებში ჩაღრმავება არ მინდა, მაგრამ მოკლე პასებითაც გადავაჭარბეთ. ერთი სიტყვით, მეტოქემ გვაჯობა. ეს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფიასკოს დღე იყო. ახალგაზრდებმა, რომელთაც წამყვანი როლი უნდა ეთამაშათ ვერ ივარგეს. მათ „იუნაიტედის“ ფეხბურთი ვერ უზრუნველყვეს, მაგრამ ამის გამო მათ დასჯას არ ვაპირებ“.

როგორც მოგახსენეთ, გადამწყვეტი გოლი მიურეიმ გაიტანა, ფეხბურთელმა, რომელიც ქვედა ლიგებში ლამის ყოველ წელიწადს კლუბს იცვლის და ამიტომ მოგზაურს ეძახიან. სხვათაშორის ანგარიშიც „კრისტალ პალასმა“ გახსნა - გოლი დარენ ემბროუზმა შეაგდო. მეორე ტაიმის შუაში კი მანჩესტერელთა იტალიელმა თავდამსხმელმა, 20 წლის ფედერიკო მაკედამ გაქვითა.

ნახევარფინალში „კრისტალ პალასი“ ჩემპიონშიპის მეორე გუნდს, „კარდიფ სიტის“ შეხვდება. „პალასის“ მწვრთნელმა, დაგი ფრიდმენმა რომელსაც ნახევარფინალში „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირება აცდა, თქვა:

„კარდიფელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. იქ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს და ფინალში გასასვლელად მათთან დიდი ბრძოლა მოგვიწევს. თუმცა „კარდიფზე“ ფიქრი ჯერ ადრეა, რადგან ჯერ დღევანდელი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ. „ოლდ ტრეფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თამაში დიდი პატივია, ხოლო, როდესაც იმარჯვებ და თან დამსახურებულად, ეს ხომ ერთ რამედ ღირს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული