კაილის მძვინვარება

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" 21 წლის მცველმა, კაილი უოქერმა იჩხუბა. ეს "უაით ჰართ ლეინზე" მოხდა, ოთხშაბათს, როდესაც ბერძნულმა პაოკ-მა "დეზებს" 2:1 მოუგო და ევროლიგის გათამაშებას გამოთიშა.

უოქერმა საფინალო სასტვენის შემდეგ პაოკ-ის თავდამსხმელ დიმიტრის სალპინგიდისზე გაიწია. ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა იმან დაძაბა, რომ პაოკ-ის პირველი გოლის დროს, ორთაბრძოლისას სალპინგიდისმა უოქერს ხელი ჰკრა. ყოველ შემთხვევაში უოქერმა ასე იგრძნო. მერე მოჰყვა და მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ სალონიკის გუნდმა "სფურზს" კაცნაკლულმა აჯობა. ბერძნები 37-ე წუთის შემდეგ უმცირესობაში იყვნენ.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა: "დღეს ჩვენ
დაცვაში ვერ ვივარგეთ. საქმე ის არის, რომ ოთხი მცველი, რომლებიც დღეს მოედანზე იყო, შეთამაშებული არ არის და პირველი ათი წუთის განმავლობაში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. სწორედ სუსტი დაცვის გამო გავუშვით ორი ბრიყვული გოლი, ხოლო, როდესაც 2:0-ს აგებ, თამაშის შემოტრიალება ძალიან ძნელია.

ერთი სიტყვით, 32 საუკეთესოს შორის ვერ მოვხვდით და ამან გული დამწყვიტა. დღეს მოგება მინდოდა. ადამიანს ხომ ყოველ შეხვედრაში გამარჯვება გინდა".

თუმცა 32 საუკეთესოს შორის მოხვედრის თეორიული შანსი ჯერ კიდევ არის: ჩრდილოლონდონელებმა "შემროკ როვერსს" უნდა მოუგონ და იმედი იქონიონ, რომ პაოკი "რუბინს" ექვსგოლიანი უპირატესობით დაამარცხებს.

საინტერესოა, რომ შეხვედრის მიწურულს ჯერმაინ დეფომ ბერძნული გუნდის კარში გოლი გაიტანა და თითქოს ანგარიში გაათანაბრა კიდეც, მაგრამ მეხუთე (!) მსაჯმა, ედ იანსენმა არ ჩათვალა. რედნაპმა დასძინა:

"ჩვენ პრემიერლიგაში ცხრა თამაში მოვიგეთ და ერთი ფრედ ვითამაშეთ. ეს კარგი შედეგია, რომელსაც იმით მივაღწიეთ, რომ შუა კვირის
შეხვედრებში ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს ვასვენებდი. ყველაფერს ვერ გამოეკიდები".

და კიდევ ერთი, ინგლისური პრესა "პაოკთან" თამაშის წინ დარწმუნებული იყო, რომ რედნაპი კარში იტალიელ გოლკიპერ კარლო კუდიჩინის დააყენებდა. კუდიჩინის შესახებ გუშინ ჩვენც გიამბეთ, თუმცა მწვრთნელმა ბოლო წამს გადაიფიქრა და 30 წლის მივიწყებულ მეკარეს, ბრაზილიელ ეურელიო გომეშს ენდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული