კმაყოფილთა და დაშავებულთა ტური

AutoSharing Option
ტურის მიმოხილვა ლიდერის გამოსვლით დავიწყოთ: "მანჩესტერ სიტიმ" "ნორვიჩს" ტყავი გააძრო და მიმდინარე ჩემპიონატში, შინ, კვლავ წაუგებელ სვლას განაგრძობს. პირველ ტაიმში ისტლენდელებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს - სერხიო აგუერომ ხალხით სავსე საჯარიმოში ბურთი ისე გააძვრინა, რომ კარის ხაზი გადააკვეთინა და ბომბარდირთა სიაში მისი გვარის გასწვრივ 11 ჩაიწერა.

დანარჩენი უკვე მეორე ტაიმში მოხდა. აღსანიშნავია, რომ "სიტის" 5 გოლიდან ორი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა, მარიო ბალოტელიმ და ადამ ჯონსონმა გაიტანეს. სტატისტიკა მეტყველებს, რომ რობერტო მანჩინის ბიჭებმა ამ ჩემპიონატში უკვე 48-ჯერ დალაშქრეს მოწინააღმდეგეთა კარი
და, რაც ყველაზე საინტერესოა, 11 შეხვედრაში სამი ან მეტი შეაგდეს. ეს, რასაკვირველია, მრავლისმეტყველი ფაქტია, მაგრამ მანჩინის ასისტენტი, დევიდ პლატი ამბობს, რომ გოლების რაოდენობა მოგებებთან შედარებით უმნიშვნელო რამ არის:

"გოლებს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ქულები დავაგროვოთ. დღეს პრემიერლიგაში ახალაღზევებულ გუნდს ვეთამაშეთ. მის კარში გატანილი ხუთი გოლი სულაც არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ყველა ტურში ხუთი, ექვსი ან შვიდი უნდა გავიტანოთ. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი სწორედ ასე მიიჩნევს. გულწრფელად გეტყვით: დღეს მეტოქე ჩვენს კართან ხიფათს საერთოდ არ ქმნიდა და ამიტომაც, 1:0-ზეც თანახმანი ვიქნებოდით. ეს ანგარიშიც იმავე სამ ქულას მოგვიტანდა, 5:1-მა რომ მოგვიტანა".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბირმინგემში "ასტონ ვილასთან" 1:0 მოიგო, მაგრამ ამ შეხვედრაში ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, ცუდმა ამბავმა მიიპყრო: დასაწყისშივე დაშავდა ხავიერ ერნანდესი, რომელიც შესაცვლელი გახდა. "იუნაიტედის" ექიმები ოთხი წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მის ფეხზე დაყენებას, მაგრამ ვერ შეძლეს. სერიოზული ტკივილი ჩიჩარიტოს მოედანზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა.

მატჩის შემდეგ ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა: "ვფიქრობ, ჩიჩარიტომ კოჭის მყესები გაიწყვიტა, რაც ოთხ კვირას გამოატოვებინებს".

ცუდი ამბავი იყო "ვილას" თავსაც - დაშავდნენ მეკარე შეი გივენი და ნახევარმცველი, ჯერმაინ ჯენასი. დამარცხებულთა მწვრთნელმა, ალექს მაკლიშმა განაცხადა:

"დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ, ვფიქრობ შეის ორთავა კუნთზე მცირე პრობლემა აქვს და ძალიან დიდი ხნის გამოტოვება არ დასჭირდება. ჯერმაინის შესახებ კი საფუძვლიანი გამოკვლევის გარეშე რაიმეს თქმა შეუძლებელია. აქილევსის მყესის დაზიანებას უფრო ჰგავს".

ერნანდესის დაშავებას თუ არ ჩავთვლით ფერგიუსონი სხვა ყველაფრით კმაყოფილი დარჩა:

"გამარჯვებას ვიმსახურებდით. ბურთს მეტწილად ჩვენ ვფლობდით, მაგრამ საგოლე მომენტების გამოყენების თვალსაზრისით უკეთ გვმართებდა თამაში. ხელი შეგვიშალა იმანაც, რომ "ვილა პარკი", ტრადიციულად, რთული ადგილია. აქ გამარჯვება ძნელია. რაც შეეხება გოლის ავტორ ფილ ჯონსს, მისი ბუნებრივი პოზიცია დაცვის ცენტრშია, მაგრამ იმდენად უნივერსალურია, რომ ნახევარდაცვაშიც კარგად ახერხებს თამაშს".

ჯონსისთვის ეს გახლდათ პირველი გოლი ახალი კლუბის შემადგენლობაში მოწინააღმდეგის კარში. გეხსომებათ, "ბენფიკასთან", ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მან საკუთარ კარში შეაგდო.

ყურადსაღები იყო ისიც, რომ "იუნაიტედის" კარს დავიდ დე ხეას ნაცვლად 27 წლის დანიელი ანრდერს ლინდეგაარდი იცავდა, რომელმაც გოლი არ გაუშვა და მატჩის შემდეგ ამის შესახებ სიამოვნებით ილაპარაკა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი "ნიუკასლისა" და "ჩელსის" დაპირისპირება გახლდათ. თუმცა, შეხვედრისგან უფრო მეტს ელოდნენ, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა - "ლურჯებმა" "კაჭკაჭებს" სულ ბუმბულები დააპუტეს და თავიანთ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს სუნთქვა შეუმსუბუქეს. აღსანიშნავია, რომ "ჩელსიმ", კერძოდ კი ფრენკ ლემპარდმა შეხვედრის დასაწყისში პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამან დასავლეთლონდონელები ვერ გატეხა.

შეგახსენებთ, რომ "ნიუკასლ იუნაიტედი" პირველად თამაშობდა "სპორტს დაირექტ არენაზე". აქამდე, მთელი საუკუნის განმავლობაში, ამ სტადიონს "სენტ ჯეიმს პარკი" ერქვა. რომ ვთქვათ "კაჭკაჭებს" ანგარიშის გასათანაბრებლად არაფერი უღონიათო, არ ვიქნებით მართალი. მათ სამჯერ ძელს გაარტყეს ბურთი, მაგრამ ნათქვამია, ბურთის ძელისთვის გარტყმა უზუსტო დარტყმის ნაირსახეობააო.

შეხვედრის დასაწყისში იყო ეპიზოდი, როდესაც ნიუკასლელები ბრაზილიელი მცველის, დავიდ ლუიზის გაძევებას ითხოვდნენ - მან იონ კაბაიეს პასით საგოლე პოზიციაში გასული დემბა ბა წააქცია, მაგრამ არბიტრმა ყვითელი ბარათი აკმარა. მატჩის შემდეგ "ნიუკასლის" თავკაცმა, ალან პერდიუმ თქვა: "წავალ ერთი, წესების წიგნს ჩავხედავ, რამე ხომ არ შეუცვლიათ. ლუიზი გასაგდები იყო, აქ სალაპარაკოც არაფერია. ამ ეპიზოდმა ყველაფერი ყირაზე დააყენა და თამაშს დიდი დაღი დაასვა. საერთოდ, არ მესმის რას ფიქრობენ მსაჯები, როდესაც ბოლო იმედის ჯარიმისთვის მცველებს არ აძევებენ".

ის, რომ მის გუნდს ბედმა გაუღიმა ვილაშ-ბოაშმაც დაადასტურა: "ჩვენ იმდენჯერ და ისე უსამართლოდ მოგვპყრობიან, რომ, ეტყობა, ახლა, იღბალმა ჩვენსკენ გამოხედვაც გადაწყვიტა. ალანი, რასაკვირველია, უკმაყოფილო იქნება".

და კიდევ: სტივენ ტეილორს, ამ შეხვედრაში, აქილევსის მყესის ტრავმა გაურთულდა და როგორც "ნიუკასლის" ექიმებმა განაცხადეს, არ არის გამორიცხული მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვოს.

ტოტენჰემელმა უელსელმა, გარეთ ბეილმა თავისი ნაკრების მწვრთნელის, გარი სპიდის ხსოვნას ბუცზე მისი სახელის ამოტვიფრით მიაგო პატივი და "ბოლტონის" კარში გოლიც გაიტანა. "დეზებმა" 3:0 გაიმარჯვეს. ეს მათი ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გახლდათ პრემიერლიგაში, რაც საკუთარ საკლუბო რეკორდთან გატოლებას ნიშნავდა. ბეილმა მეექვსე წუთზევე შეაგდო. მეორე ტაიმში თითო ჯერმაინ დეფომ და აარონ ლენონმაც დაამატეს.

ამ შეხვედრაში "დეზების" სასარგებლოდ ბოლტონელი გარი კეჰილის გაძევებამაც იმოქმედა. მსაჯმა, სტიუარტ ეტუელმა კეჰილი მე-18 წუთზე გააძევა. არბიტრის გადაწყვეტილება საკმაოდ საკამათო გამოდგა. ეს ასე მოხდა: სკოტ პარკერმა კეჰილი ჩამოიტოვა და კარისკენ დაიძრა. დაახლოებით 15 მეტრიანი გარბენის შემდეგ კეჰილი მას წამოეწია და უკნიდან "გადათელა". არბიტრმა ეს ბოლო იმედის ჯარიმად მიიჩნია და წითელი ბარათი ამოიღო, "ბოლტონი" კი ამტკიცებდა, რომ პარკერი სულაც არ იყო საგოლე პოზიციაში და მის ფეხბურთელებს საჯარიმო მოედანი დაზღვეული ჰქონდათ.

შემდეგი ამბავი, რომელიც თქვენი ყურადღების ღირსია, უიგანში "არსენალის" 4:0 გამარჯვება გახლავთ. "მფრინავმა ჰოლანდიელმა", რობინ ვან პერსიმ მეოთხე შეაგდო და 14 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას, რობერტო მარტინესის ბიჭები კი გასავარდნთა ზონას მიეჯაჭვნენ.

"ჩვენ უკეთ და უკეთ ვთამაშობთ - განაცხადა "მეთოფეთა" გახარებულმა თავკაცმა, არსენ ვენგერმა - "უიგანმა" თამაში კარგად დაიწყო, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა და, ალალად რომ გითხრათ, ამით ცოტა გაგვაკვირა კიდეც, მაგრამ, შემდეგ თამაშის სადავეები ჩვენ ავიღეთ ხელში და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ვგეგმავდით. ჩემი გუნდი დაცვაშიც მომეწონა და თავდასხმაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის რწმენა არ გვაკლია. მინდა ეს ყველაფერი ჩემს ბიჭებს მივულოცო".

"სანდერლენდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, მარტინ ო’ნილი, თუმცა გუშინ, "ვულვერჰემპტონთან" გუნდი მოედანზე მას არ გაუყვანია, "შავ კატებს" სამსახურიდან მოხსნილი სტივ ბრუსის ასისტენტმა ერიკ ბლექმა უხელმძღვანელა.

"ბედნიერი ვარ კვლავ ფეხბურთში რომ დავბრუნდი - თქვა 59 წლის ო’ნილმა - იმედი მაქვს "სანდერლენდის" ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდს დავიწყებთ".

ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტური
ნიუკასლი-ჩელსი 0:3
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, კოლოჩინი (28. პერჩი), რ. ტეილორი, ს. ტეილორი - ობერტანი, გათრი, კაბაიე, ლოვენკრანდსი - ბენ არფა (45. ამეობი 71. ლოვენკრანდსი), ბა
ჩელსი (4-3-3): ჩეხ - ივანოვიჩი, ტერი, ლუიზი, კოული - რამირესი, რომეუ, ლემპარდი (61. მეირელეში) - სტარიჯი, მატა (75. კალუ), დროგბა (79. ტორესი)
გოლები: 1:0 დროგბა (38), 2:0 კალუ (89), 3:0 სტარიჯი (90)
ვერ გაიტანა პენალტი: ლემპარდი (14-ჩელსი)
გაფრთხილება: სიმპსონი, რ. ტეილორი - ლუიზი, სტარიჯი, ტერი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 7-6; კარში დარტყმა: 17-22 (3-9); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 52 305

ბლექბერნი-სუონსი 4:2
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - ლოუი, ს. დანი, სამბა, ჟივე - როჩინა (40. ვუცკევიჩი), პედერსენი, დ. დანი (76. პეტროვიჩი), ჰოილეტი - ფორმიცა, იაკუბუ (87. რობერტსი)
სუონსი (4-4-2): ვორმი - რიჩარდსი, უილიამსი, მონკი, ნ. ტეილორი - დაიერი (45. რუტლიჯი), ალენი, ბრიტონი, სინკლერი - გოვერი (61. მური), ლიტა
გოლები: 1:0 იაკუბუ (20), 1:1 ლიტა (35), 2:1 იაკუბუ (45), 3:1 იაკუბუ (57), 3:2 მური (66), 4:2 იაკუბუ (82-პენ)
გაფრთხილება: ჰოილეტი - ალენი
გაძევება: ალენი (80-სუონსი)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 12-13; კარში დარტყმა: 15-10 (5-4); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 23 080

მანჩესტერ სიტი-ნორვიჩი 5:1
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, კ. ტურე, კლიში - სილვა, ი. ტურე, ბერი, ნასრი (69. ჯონსონი) - აგუერო (72. ბალოტელი), ჯეკო (82. დე იონგი)
ნორვიჩი (4-4-2): რადი - ნაფტონი, მარტინი, ბერნეტი, ტიერნი - ბენეტი (60. ჰოლტი), კროფტსი, ბ. ჯონსონი (77. ფოქსი), პილკინგტონი (60. ჰულაჰანი) - სარმენი, ს. მორისონი
გოლები: 1:0 აგუერო (32), 2:0 ნასრი (51), 3:0 ი. ტურე (68), 3:1 ს. მორისონი (81), 4:1 ბალოტელი (88), 5:1 ჯონსონი (90)
გაფრთხილება: სარმენი (ნორვიჩი)
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 10-10; კარში დარტყმა: 26-6 (10-2); თამაშგარე: 4-1; ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 47 201

ქუინზ პარკი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
ქუინზ პარკი (4-4-2): ჩერნი - ლ. იანგი, გებიდონი, ა. ფერდინანდი, ტრაორე - მეკი, ფაურლინი, ბარტონი, რაიტ-ფილიპსი - ბოთროიდი (74. ბუჟაკი), ჰელგიუსონი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი, ოლსონი, მაკორი, შორი - ბრანტი, ჯ. მორისონი, მულუმბუ (83. შარნერი), ტომასი (65. ოდემვინგე) - დორანსი (79. ტჩოი), ლონგი
გოლები: 1:0 ჰელგიუსონი (20), 1:1 ლონგი (81)
გაფრთხილება: ლონგი, ტომასი, რიდი (სამივე ვესტ ბრომვიჩი)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 8-10; კარში დარტყმა: 11-16 (2-5); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 17 290

ტოტენჰემი-ბოლტონი 3:0
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - უოქერი, გალასი, ქაბული, ასუ-ეკოტო - ლენონი (73. ვან დერ ვაარტი), პარკერი (85. ლივერმორი), მოდრიჩი, ბეილი - დეფო, ადებაიორი
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - ბოიატა, ნაითი, გ. კეჰილი, რობინსონი - მ. დევისი, რიო-კოკერი, მუამბა (27. სტეინსონი), იგლზი - კ. დევისი (61. პრეტლი), კლასნიჩი (72. ნგოგი)
გოლები: 1:0 ბეილი (7), 2:0 ლენონი (50), 3:0 დეფო (60)
გაფრთხილება: რობინსონი, ბოიატა (ორივე ბოლტონი)
გაძევება: გ. კეჰილი (18-ბოლტონი)
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 10-5; კარში დარტყმა: 27-15 (12-4); თამაშგარე: 4-2; ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 35 896

უიგანი-არსენალი 0:4
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - სტამი, გოჰური, კოლდუელი, ფიგეროა - მაკარტი, დიამე (89. მაკარტური), დ. ჯონსი - მოზესი, გომესი (60. კრუსატი), სემონი (59. დი სანტო)
არსენალი (4-4-2): შჩესნი - კოშელნი, ვერმაელენი, მერტეზაკერი, სანტოსი - უოლკოტი (80. ბენაიუნი), არტეტა, სონგი (80. არშავინი), ჟერვინიო (80. კოკელინი) - რემსი, ვან პერსი
გოლები: 0:1 არტეტა (28), 0:2 ვერმაელენი (29), 0:3 ჟერვინიო (61), 0:4 ვან პერსი (78)
გაფრთხილება: კოლდუელი, გოჰური, დიამე - სონგი, კოკელინი
კუთხური: 4-5; ; ჯარიმა: 9-12; კარში დარტყმა: 8-16 (3-7); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 19 280

ასტონ ვილა-მანჩესტერ იუნაიტედი 0:1
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი (38. გუზანი) - ჰატონი, რ. დანი, კოლინზი, უორნოკი - ოლბრაიტონი, ჰერდი (59. ს. პეტროვი), ჯენასი (64. ჰესკი), ბენანი - ბენტი, აგბონლაჰორი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ლინდეგაარდი - სმოლინგი, რ. ფერდინანდი (64. გიგზი), ვიდიჩი, ევრა - ნანი, ქერიკი, ფ. ჯონსი, ე. იანგი (79. უელბეკი) - რუნი, ერნანდესი (12. ვალენსია)
გოლები: 0:1 ფ. ჯონსი (20)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 4-12; კარში დარტყმა: 8-14 (2-4); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 40 053

ევერტონი-სტოკი 0:1
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ჰიბერტი (82. გუეიე), ჯეგიელკა, ჰეიტინგა, ბეინესი - კოულმენი, ფელაინი, ოსმანი, ბილიალეტდინოვი (63. როდუელი) - ტ. კეჰილი - ველიოსი (76. სტრაკუალურსი)
სტოკი (4-4-2): სიორენსენი (73. ბეგოვიჩი) - ვუდგეიტი (53. უილკინსონი), ჰუთი, შოუკროსი, უილსონი - შოტონი, უილენი, უიტჰედი, ეზერინგტონი (90. აპსონი) - კრაუჩი, უოლტერსი
გოლები: 0:1 ჰუთი (15)
გაფრთხილება: უილსონი (სტოკი)
კუთხური: 10-6; ჯარიმა: 16-14; კარში დარტყმა: 7-3 (1-1); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 35 000

ვულვერჰემპტონი-სანდერლენდი 2:1
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ზუბარი, კრედოკი (75. ჯონსონი), ბერა, უორდი - ჯერვისი, ედუარდსი, ო’ჰარა, ჰანტი (66. ჰემილი) - დოილი (66. ებანკს-ბლეიკი), ფლეტჩერი
სანდერლენდი (4-4-2): ვესტვუდი - ბერდსლი, ო’ში, ბრაუნი, რიჩარდსონი - ლარსონი, კეტერმოლი, კოლბეკი, სესენიონი (87. ნობლი) - ჯი (70. ელმოჰამადი), ბენდტნერი
გოლები: 0:1 რიჩარდსონი (52), 1:1 ფლეტჩერი (73), 2:1 ფლეტჩერი (81)
ვერ გაიტანა პენალტი: ლარსონი (73-სანდერლენდი)
გაფრთხილება: ზუბარი, ებანს-ბლეიკი - კეტერმოლი, რიჩარდსონი, ბენდტნერი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 14-11; კარში დარტყმა: 11-12 (8-7); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 25 145

ფულჰემი-ლივერპული დღეს გაიმართება

მომდევნო ტური
10 დეკემბერი: არსენალი-ევერტონი, ბოლტონი-ასტონ ვილა, ლივერპული-ქუინზ პარკი, მანჩესტერ იუნაიტედი-ვულვერჰემპტონი, ნორვიჩი-ნიუკასლი, სუონსი-ფულჰემი, ვესტ ბრომვიჩი-უიგანი.
11 დეკემბერი: სანდერლენდი-ბლექბერნი, სტოკი-ტოტენჰემი; 12 დეკემბერი. ჩელსი-მანჩესტერ სიტი.


თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 14 12 2 0 48-13 38
2. იუნაიტედი 14 10 3 1 31-13 33
3. ტოტენჰემი 13 10 1 2 29-16 31
4. ჩელსი 14 9 1 4 31-17 28
5. არსენალი 14 8 2 4 30-23 26
6. ნიუკასლი 14 7 5 2 19-15 26
7. ლივერპული 13 6 5 2 17-12 23
8. სტოკ სიტი 14 5 3 6 14-23 18
9. ასტონ ვილა 14 3 7 4 16-18 16
10. ევერტონი 13 5 1 7 15-17 16
11. ნორვიჩი 14 4 4 6 20-26 16
12. ქუინზ პარკი 14 4 4 6 15-25 16
13. ვესტ ბრომვიჩი 14 4 3 7 13-21 15
14. სუონსი 14 3 5 6 14-20 14
15. ვულვზი 14 4 2 8 15-24 14
16. ფულჰემი 13 2 6 5 15-16 12
17. სანდერლენდი 14 2 5 7 16-17 11
18. ბლექბერნი 14 2 4 8 21-32 10
19. ბოლტონი 14 3 0 11 19-34 9
20. უიგანი 14 2 3 9 12-28 9

ბომბარდირები
14 - ვან პერსი (არსენალი); 11 - აგუერო (სიტი); 10 - ჯეკო (სიტი); 9 - ბა (ნიუკასლი), რუნი (იუნაიტედი), იაკუბუ (ბლექბერნი); 7 - ადებაიორი (ტოტენჰემი), ბალოტელი (სიტი), სტარიჯი (ჩელსი); 6 - დეფო (ტოტენჰემი), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), ერნანდესი (იუნაიტედი), კლასნიჩი (ბოლტონი), ლემპარდი (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული