კაპიტალური რემონტი

AutoSharing Option
ინგლისური ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ იანვარში "ჩელსი" ექვს ფეხბურთელს გაყიდის. სხვა სიტყვებით, მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა გუნდის კაპიტალური რემონტი დაიწყო, მეპატრონე, რომან აბრამოვიჩი კი მხარში უდგას.

გასულ შაბათ-კვირას, როდესაც ყურადღების ცენტრში პრემიერლიგის მე-14 ტურის თამაშები იყო, პრესაში გაკრთა ინფორმაცია, რომ დასავლეთლონდონელებმა 32 წლის ნიკოლა ანელკასა და 29 წლის ალექსს, ტაქტიანად რომ ვთქვათ, განცხადება დაუკმაყოფილეს, სინამდვილეში კი, ფაქტობრივად გუნდიდან გააგდეს - საშობაოდ მათ "დახლზე გაიტანენ". როგორც მოგვიანებით გაირკვა, იანვარშივე გაიყიდებიან 33 წლის დიდიე დროგბა, 26 წლის სალომონ კალუ, 29 წლის ჟოზე ბოსინგვა და
32 წლის პაულუ ფერეირა.

მეტიც, ანელკასა და ალექსს ვილაშ-ბოაშმა "ჩელსის" საწვრთნელ ცენტრში მისვლა და იქ ვარჯიში აუკრძალა, თუმცა ეგ რაა, კლუბის ავტოსადგომზე მანქანებს ნუღარ გააჩერებთო.

არადა, თურმე, ანელკაცა და ალექსიც თანაგუნდელებს უყვარდათ, გასახდელში სიტყვა ეთქმოდათ. ტაბლოიდები წერენ, რომ წყვილმა თავი საშინლად შეურაცხყოფილად იგრძნო, განსაკუთრებით ავტოსადგომთან დაკავშირებული აკრძალვის შემდეგ. ამიერიდან, ახალი კლუბის მოძებნამდე, მათ ინდივიდუალური პროგრამით და სარეზერვო გუნდთან ერთად მოუწევთ ვარჯიში. ბევრმა კლუბის მხრიდან ასეთ ქცევაში, ოდესღაც წამყვანი ფეხბურთელების დაუფასებლობა დაინახა.

დანარჩენებს ასე ცუდად არ აქვთ საქმე. დროგბამ და კალუმ, ბოლო ტურში, "ნიუკასლის" კარში გოლებიც გაიტანეს, მაგრამ კონტრაქტის ვადა ეწურებათ და ნება დართეს, იანვარში, მომავალ კლუბებთან ეგრეთ წოდებული წინასწარ ხელშეკრულებებს მოაწერონ ხელი. სხვათა შორის, კოტდივუარელები, დროგბა და კალუ 21 იანვრიდან აფრიკის თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ექვსი კვირით ისედაც გამოაკლდებიან პრემიერლიგის სეზონს.

ზემოხსენებულ ანელკას, მოგეხსენებათ, ჩინური კლუბი, "შანხაი შენხუა" ეპატიჟება და ისე ჩანს, რომ ფრანგი მასთან წელიწადში 10 მილიონ დოლარად ღირებულ კონტრაქტს მართლაც მოაწერს ხელს. რაც შეეხება დროგბას, რომელიც ადრე "ლურჯების" თავდასხმაში მისი საუკეთესო პარტნიორი იყო, შეთავაზებები ნამდვილად არ აკლია, თუმცა, ამბობენ, რომ მასაც აღმოსავლეთისკენ მიუწევს გული. კალუზე ამბობენ, "არსენალს" მოსწონსო, ალექსი კი, მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად ვეღარ თამაშობს, "იუვენტუსს" მონდომებია.

ახლა, რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომელთა ყიდვასაც "ლურჯები" აპირებენ. როგორც ჩანს, ერთ თვეში, ისინი "ბოლტონიდან" 26 წლის გარი კეჰილს გადაიყვანენ და დაცვის ცენტრში ჯონ ტერის შეუწყვილებენ, რითაც ბრანისლავ ივანოვიჩი გათავისუფლდება და მარჯვენა ფრთას დაუბრუნდება. როგორც ცნობილია, ვილაშ-ბოაში თავისი ყოფილი კლუბისგან, "პორტუსგან" 25 წლის განაპირა მცველის, ალვარო პერეირას ყიდვას ფიქრობს. ლაპარაკია "უნივერსიდად დე ჩილეს" თავდამსხმელ ედუარდო ვარგასზე. ის 22 წლის გახლავთ.

რაც შეეხება "ლილის" ედენ აზარს, რომლის შეძენა "ჩელსის" ძალიან უნდა, მასთან დაკავშირებით კლუბებს შორის მოლაპარაკება, ალბათ, აღსდგება - შარშან იანვარში ფრანგებმა დასავლეთლონდონელებს უთხრეს, 20 წლის ყმაწვილის ყიდვა თუ გინდათ, ერთ წელიწადში მობრძანდითო. წელიწადი გავიდა. შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც ფრთაზეც შეუძლია თამაში, 7 იანვარს 21 წლისა გახდება, ასე რომ გამორიცხული არაა, ჩემპიონატის მეორე ნახევარში ის "სტემფორდ ბრიჯზე" ვნახოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული