რიო, არ გადაირიო

AutoSharing Option
თუმცა, შეიძლება მოწოდება, რომელიც სათაურში გავიტანეთ ნაგვიანევიც იყოს - როდესაც შეიტყო, რომ წილისყრამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის" შეახვედრა, ვეტერანი მცველი, 33 წლის რიო ფერდინანდი წარმოუდგენელი ენთუზიაზმით აღივსო.

ფერდინანდსა და მის თანაგუნდელებს "გადარევის" მიზეზი, იცოცხლე, არ აკლიათ: "ხმაურიანმა თანაქალაქელებმა" "იუნაიტედი" ჯერ იყო და გასულ სეზონში, ამავე შეჯიბრების ნეხევარფინალში დაამარცხეს, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა - ოქტომბერში, პრემიერლიგის შეხვედრაში, მათსავე მშობლიურ "ოლდ ტრეფორდზე" 6:1 გადაუარეს, რითაც არნახული შეურაცხყოფა მიაყენეს. შურისძიების სურვილით აღტაცებულმა ფერდინანდმა
თქვა:

"ასოციაციის თასის მესამე ატაპზე "იუნაიტედი" "სიტის" შეხვდა... ამაზე დიდი თამაში წლევანდელ გათამაშებაში ვეღარც გაიმართება. ერთი სული მაქვს როდის დადგება შეხვედრის დღე".

ისტლენდელთა თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ, რასაკვირველია, კარგად იცის, რომ ძალიან დიდი ბრძოლა მოელის. ბედიც არ წყალობს: იანვარში ახლა უკვე შვიდი თამაში ელის, რომელთა შორისაა ორმატჩიანი დუელი "ლივერპულთან", "ქარლინგის თასზე". "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფორვარდი, დუაიტ იორკი, რომელიც იმ ლეგენდარული გუნდის წევრი გახლდათ 1999 წელს ჩემპიონთა ლიგაში რომ გაიმარჯვა, ამბობს, რომ სწორედ სათასო დერბი გადაწყვეტს ვინ გახდება... პრემიერლიგის ჩემპიონი:

"წილისყრა უფრო "იუნაიტედის" სასარგებლოდაა, ვიდრე "სიტის". თუ "იუნაიტედი" გაიმარჯვებს, შესაძლოა "სიტი" ფსიქოლოგიურად გატეხოს და ამან, მერე, პრემიერლიგაში მისცეს დიდი უპირატესობა".

"სიტის" ყოფილი თავდამსხმელი და თავმჯდომარე ფრენსის ლი მოვლენებს სხვანაირად უყურებს: "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ორი კლუბი ფაქტობრივად ერთ დონეზე იყო, თუმცა ოქტომბრის 6:1-მა შესაძლოა "სიტის" ისეთი ფსიქოლოგიური უპირატესობა მიანიჭა, რომ "იუნაიტედმა" მასთან გატოლება წლეულს ვეღარ შეძლოს".

შეხვედრა 7 ან 8 იანვარს ისტლენდზე ანუ "ეტიჰედ სთედიუმზე" გაიმართება. ინგლისური ტოტალიზატორები ფავორიტად, ჯერჯერობით, "სიტის" ასახელებენ.

"მანჩესტერ სიტის" 70-იანი წლების ნახევარმცველი გერი ოუენი: "ვფიქრობ, კენჭისყრა "იუნაიტედისთვის" იყო ცუდი. მისი ფეხბურთელები, ალბათ, შურისძიების იდეით იქნებიან შეპყრობილნი და შესაძლოა სწორედ ამან გაუფუჭოს საქმე. თან, თასი მაინც თასია, პრემიერლიგა კი სხვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული