სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, დროგბა შეუჩერებელი გახლდათ. მან "ვალენსიას" ორი გოლი გაუტანა, მესამე კი 24 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რამირესმა შეაგდო. მართალია ამ შეხვედრაში თავად მატას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ჩინებული თამაშით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ესპანელმა თქვა: "დიდიე განსაკუთრებული დონის ფეხბურთელია. ის ღონიერია და სწრაფი, გოლების გატანაც ეხერხება და
"ჩელსისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურა რომ არის, წლების განმავლობაში ბევრჯერ დაუმტკიცებია, მაგრამ "ვალენსიასთან" შეხვედრაში ეს ერთხელაც დაადასტურა. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება მის "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა-არ დარჩენასთან დაკავშირებით. რაც არ უნდა იყოს, ეს ორი მხარის, მისი და კლუბის საქმეა, მაგრამ ჩვენ, გუნდის წევრებს, ძალიან გვინდა, რომ ისეთი თავდამსხმელები, როგორებიც არიან დროგბა, ფერნანდო ტორესი და სალომონ კალუ, არსად წავიდნენ".
ესპანელმა ვარსკვლავმა "ვალენსიასთან" გამარჯვებას ზოგადადაც დიდი მნიშვნელობა მიანიჭა. მან თქვა, რომ ეს სწორედ ის შედეგია, რომელზე დაყრდნობითაც "ლურჯებს" შეუძლიათ ბოლო დროს მოზღვავებულ პრობლემებს სძლიონ და პრემიერლიგაში მდგომარეობა გააუმჯობესონ. მოგეხსენებათ, მომავალ ორშაბათს, "ჩელსი" ლიდერს, "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს. მატას თქმით ეს საუცხოო შესაძლებლობაა იმის დასამტკიცებლად, რომ "ლურჯების" გუნდი კვლავ აგრძელებს პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლას.
"მოდი, მიმდინარე ჩემპიონატში "ჩელსის" გამარჯვებას ნუ გამოვრიცხავთ. პრემიერლიგის პირველობის დამთავრებამდე ჯერ ბევრი ტურია და თითოეულ მათგანში მოედანზე მოგებისთვის გავალთ. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ლიდერი შევავიწროვოთ. ყოველდღიურად შევეცდებით პირველ ადგილს მივუახლოვდეთ და ბოლოს ცხრილის სათავეშიც მოვექცეთ.
ვიცით, რომ კრიტიკოსები არ გვაკლია, მაგრამ მათ "ნიუკასლთან" ბოლო ტურის შეხვედრითა და "ვალენსიასთან" დიდებული თამაშით გავეცით პასუხი. ამ ორმა მატჩმა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გაგვიძლიერა და ახლა, მთელი კვირის განმავლობაში, სერიოზულად მოვემზადებით, რათა ორშაბათს "სიტისთან" წარმატებაც გადავაბათ.
"სიტის" დამარცხებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. საქმე ის არის, რომ ამ სეზონში დიდ გუნდებთან ვმარცხდებით. წავაგეთ "ლივერპულთან", "არსენალთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან. დროა ეს სტატისტიკა შეიცვალოს.
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგაში საუცხოოდ გამოდის. ისტლენდელები ღირსეული ლიდერები არიან, ყოველ შეხვედრას იგებენ, მაგრამ ამჯერად "სტემფორდ ბრიჯზე" უწევთ ჩამოსვლა, რაც, იმედია ვითარებას ჩვენს სასარგებლოდ შეცვლის. ამბობენ, რომ ორშაბათს ის მატჩია, რომელშიც დამარცხება არაფრით შეიძლება. რა გითხრათ... მე სხვანაირად ვუყურებ: ჩვენ მოგება გვინდა და ამისათვის ვემზადებით. წაგებაზე "ჩელსი" არასდროს ფიქრობს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"