უილშირი შესაძლოა დასაჯონ

AutoSharing Option
კანონი მკაცრია: ფეხბურთელი საკუთარი გუნდის თამაშზე ნიძლავს არ უნდა ჩამოვიდეს და "არსენალის" 19 წლის ვარსკვლავ ჯეკ უილშირს სწორედ ამიტომ შეამოწმებენ კარგად.

შეიძლება დასაჯონ კიდეც. უილშირმა, რომელიც, მოგეხსენებათ, კარგა ხანია დაშავებულია და "მეთოფეთა" შეხვედრებში უშუალოდ ვერ მონაწილეობს, ჩემპიონთა ლიგის თამაშზე ფსონი დადო - ჩემი მეგობარი, ასაკით ტოლი განელი, ემანუელ ფრიმპონგი გოლს შეაგდებსო.

ბუნებრივად ისმის კითხვა: საიდან გახდა ამის შესახებ ცნობილი? პასუხი სახალისოა: უილშირმა "ტვიტერში" დაწერა. ინგლისური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ინტერნეტ-მეგობრებს შეატყობინა, 10 ფუნტს ჩამოვდივარ, რომ ბერძნული "ოლიმპიაკოსის" კარში პირველ გოლს ფრიმპონგი
შეაგდებსო. შემდეგ, თამაშის მსვლელობისას, კოჭმტკივანი ნახევარმცველი კვლავ კომპიუტერთან იჯდა და როდესაც ჯერ კიდევ 0:0-ის დროს ფრიმპონგმა ბურთი ბერძნების კარის ბადეს გარედან მოარტყა, დაწერა: "ფრიმიმ კინაღამ ფული მომაგებინა".

იმის კოეფიციენტი, რომ ხსენებულ შეხვედრაში ანგარიშს სწორედ განელი ფეხბურთელი გახსნიდა, 150/1 გახლდათ.

ახალგაზრდა ინგლისელის ათფუნტიანი ანცობა უეფას შეუმჩნეველი არ დარჩენია და მკაცრი ძიები შვეიცარიის ქალაქ ნიონიდან გამოძიებას აპირებენ. ვიმეორებთ, კანონი საკუთარი გუნდის თამაშზე ფსონის ჩასვლას იმ შემთხვევაშიც კრძალავს, თუ ფეხბურთელი მასში პირადად არ მონაწილეობს. საქმე ის გახლავთ, რომ უილშირს "ტვიტერში" მილიონი მიმდევარი ჰყავს და დიდი შანსია, მისმა ერთი შეხედვით უწყინარმა წინადადებამ მათ ფულის დადებისკენ უბიძგა. იოლი მისახვედრია, უკვე, რა თანხებზეა ლაპარაკი.

ისე კი, უილშირის ტვიტერული მიმოწერა ნამდვილად სახალისო იყო. აი, მაგალითად, მან თავიდან დაწერა, რომ ფრიმპონგის პირველ გოლზე კოეფიციენტი 150/1-ია და 10 ფუნტის გარისკვად ღირს. ამაზე მისმა თანაგუნდელმა, "მეთოფეთა" მეკარემ, 21 წლის ვოიცეხ შჩესნიმ უპასუხა, რომ ეს ფულის ტყუილი ხარჯვა იქნებოდა.

უმალ ლუკაშ ფაბიანსკი ("არსენალის" კიდევ ერთი მეკარე, 26 წლის, რომელიც "ოლიმპიაკოსთან" ლონდონელთა კარს იცავდა) გაიტანს, ვიდრე ფრიმპიო. მერე საუბარში თავად განელი ჩაერია და მოხალისე წყვილს მისწერა, ჩემზე ფულის მოგება თუ გინდოდათ, გოლზე კი არა, ორთაბრძოლაზე უნდა დაგედოთო.

მოგეხსენებათ, შეხვედრა "ოლიმპიაკოსმა" 3:1 მოიგო. როდესაც გაიგო, რომ მისი ხუმრობის გამო ამხელა ამბავი ატყდა, უილშირმა იმავე "ტვიტერში" დაწერა: "მე ვხალისობდი, თორემ სინამდვილეში ფსონს არ ჩავსულვარ. კარგად ვიცი, რომ ფეხბურთელებისთვის საკუთარი გუნდის თამაშზე ფულის დადება აკრძალულია".

ნახევარმცველის ერთმა ახლობელმა ტაბლოიდებს უთხრა, რომ უილშირი ასეთი მეთოდით ფრიმპონგს აგულიანებდა. მას ხომ ძალიან ცოტა გოლები გააქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული