ორშაბათი მძიმე დღეა

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავზე, თითქოს, ცამ პირი შეკრაო - ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, „ბაზელთან“ შეხვედრის დროს, 30 წლის ცენტრალური მცველი, ნემანია ვიდიჩი ისე დაშავდა, რომ სრულიად შესაძლებელია მთელი დარჩენილი სეზონი ვეღარ ითამაშოს. მოგეხსენებათ, იმავე მატჩში მანჩესტერელებს დიდი ფიასკო შეემთხვათ: ევროპის ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებაში ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდნენ.

ზუსტად რამდენ ხანს გამოსტოვებს ვიდიჩი, რასაკვირველია, ძნელი სათქმელია. ბევრი რამ გამოჯანმრთელების ტემპზე იქნება დამოკიდებული, რაც ინდივიდუალურია, თუმცა ექიმების ვარაუდით, სერბი, უკეთეს შემთხვევაში, აპრილში დაუბრუნდება მოედანს.

ინგლისის ჩემპიონისთვის ვიდიჩი, რომ დიდი ძალა იყო, კარგად ჩანს სტატისტიკიდან:
ერთი ხნის წინ მას მყესი ჰქონდა დაზიანებული და არ თამაშობდა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მათგან ექვსში „იუნაიტედმა“ გოლი არ გაუშვა.

ევროპული ჩავარდნის შემდეგ „იუნაიტედს“ კალენდარი გონს მოგების საშუალებას „ვულვერჰემპტონთან“ თამაშით აძლევს. „მგლები“ კი მართლაც ცუდ დღეში აღმოჩნდნენ - თუ მანჩესტერელებს ძველი ინსტინქტები არ დაკარგვიათ, „გაცოფებულები“ უნდა იყვნენ და სუსტი მეტოქის გაბრდღვნა უნდა სწყუროდეთ. მეორე მხრივ კი, „იუნაიტედის“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა იმას ნიშნავს, რომ სერ ალექს ფერგიუსონისთვის ამიერიდან ერთადერთი მთავარი მიზანი არსებობს (უეფასა და მის ევროლიგასთან დიდი ბოდიში) და ეს პრემიერლიგის მოგებაა.

„ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა, რასაკვირველია, დიდი იმედგაცრუება იყო, მაგრამ იმედგაცრუებასთან გამკლავება უნდა შეგეძლოს - თქვა ფერგიუსონმა - ჩვენს კლუბს დიდი წარუმეტებლობა ბევრჯერ გადაუქცევია დიდ მოტივაციად“.

მოგეხსენებათ, დაშავებულია მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესიც. არც მაიკლ ოუენი და დიმიტარ ბერბატოვი არიან ჯანმრთელად, ასე რომ „ვულვზის“ დაცვასთან ბრძოლა უეინ რუნის მარტოს მოუწევს.

რაც შეეხებათ „მგლებს“, ისინი ძალიან არიან დამოკიდებულნი თავიანთ გამთამაშებელ ჯეიმი ო’ჰარაზე, რომელმაც მიმდინარე სეზონში, მართალია, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ სტატისტიკა მეტყველებს, რომ კარში 46-ჯერ დაარტყა, რაც მეტოქის საჯარიმოში 46 დაძაბულობასა და არეულობას ნიშნავს.

„არსენალი“ მასპინძლობს „ევერტონს“. ეს გახლავთ შეხვედრა გუნდებისა, რომლებსაც გამარჯვებათა გზაზე დაბრუნება სურთ. არსენ ვენგერის შეგირდები ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 12 ქულით ჩამორჩებიან.

ბოლოხანს, პრემიერლიგაში, „მეთოფეები“ შესანიშნავად თამაშობენ, მაგრამ სეზონის კოშმარული სტარტის კვალი აჩნიათ. გეხსომებათ, 2 ოქტომბერს „არსენალმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ 2:1, რომ წააგო. მას მერე ვენგერის ბიჭებმა 21 შესაძლებლიდან 19 ქულა მოიპოვეს. ერთადერთი ფეხის დაცდენა „ფულჰემთან“ 1:1 იყო, მაგრამ ამ კვირაში, ჩემპიონთა ლიგაში წააგეს „ოლიმპიაკოსთან“ 3:1 და ახლა ამ წაგების მწარე გემოა მოსაშორებელი. მეორე, მხრივ, კაცმა რომ თქვას, გუნდი პლეი-ოფში უკვე გასული იყო და... ვენგერს არც რობინ ვან პერსი ჰყავდა წაყვანილი, არც თეო უოლკოტი და არც ალექს სონგი.

დევიდ მოიესის „ევერტონის“ საქმე სხვანაირად არის. ბოლო ტურში გუნდმა მეშვიდე მარცხი იწვნია, თან შინ, „სტოკთან“, გუნდთან, რომელსაც „გუდისონ პარკზე“ 1981 წლის მერე არ მოეგო.

„სტოკი“ ახსენე და „დეზი“ ხელში დაიჭირეო - სტოკელებს ვაჟკაცობას ჰარი რედნაპის „ტოტენჰემ ჰოთსპური“ შეუმოწმებს. რედნაპის ბიჭები 30 ნოემბერს, „პაოკთან“ დამარცხების შემდეგ შესაძლოა ევროლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დგანან, მაგრამ ამ შეჯიბრებაზე ლაპარაკისას ზემოთ უეფას ერთხელ უკვე ხომ მოვუხადეთ ბოდიში... თქვენ, „სფურზის“ შედეგები პრემიერლიგაში იკითხეთ: ბოლო 11 შეხვედრაში ჩრდილოლონდონელები ვერავინ დაამარცხა. აქედან 10 გუნდმა მოიგო. „დეზთა“ შორის გადამწყვეტ როლს 22 წლის უელსელი გარეთ ბეილი თამაშობს. მას გოლებიც გააქვს და საგოლე გადაცემების რაოდენობას ხომ ნუღარ იკითხავთ. რედნაპმა თქვა:

„გარეთს ყველაფერი აქვს - სისწრაფე, ღონე, ბურთს ორივე ფეხით იმორჩილებს, მუდმივად სწავლობს, მისი მეურვეობა საშინელებაა, შეუძლია უმცირესი ფართობი გამოძებნოს და იქ გაძვრეს. ის არ განეკუთვნება იმ ჰაფბეკებსა და გარემარბებს, რომლებიც აუტის ხაზთან დგანან და პასს ელოდებიან, რათა თავიანთი შეზღუდული საქმე შეასრულონ. ის თამაშზე ისეთ გავლენას ახდენს, გეგონება შუიდან თამაშობდეს. გარეთი მასშტაბური ფიგურაა“.

ჩახედეთ ცხრილს. „ტოტენჰემ ჰოთსპური“ მესამე ადგილზეა და მორიგი სამი ქულის შემატების შანსი აქვს მაშინ, როცა ლიდერი, „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსის“ სტუმრობს.
„ქეროუ როუდზე“ „ნორვიჩი“ „ნიუკასლს“ მასპინძლობს. ესეც იმ გუნდების შეხვედრაა, რომელთაც წაგებების შემდეგ მოგება სწყურიათ. ალან პერდიუს „კაჭკაჭებმა“ გასული შემოდგომის სენსაცია შექმნეს - 14 ტურის შემდეგ 26 ქულით მეექვსე პოზიციაზე არიან. გუნდს მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს წაგებული, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ორი მარცხი ნიუკასლელებმა ბოლო სამ შეხვედრაში იწვნიეს.

მიმომხილველები ამტკიცებენ, რომ „ნიუკასლ იუნაიტედის“ წარმატებული სტარტი ცენტრალური მცველების, სტივენ ტეილორისა და ფაბრისიო კოლოჩინის კარგი თამაშით იყო განპირობებული. პერდიუს სამწუხაროდ, წყვილი დაიშალა: ტეილორი აქილევსის მყესის სერიოზული ტრავმის გამო შესაძლოა სეზონის ბოლომდე ვეღარც კი დაბრუნდეს მოედანზე, კოლოჩინის კი თეძო აწუხებს. ერთი სიტყვით, როგორ გააგრძელებენ „კაჭკაჭები“ თამაშს, გამოჩნდება.

პოლ ლამბერტის „ნორვიჩი“ ნამდვილად არ გახლავთ ხელწამოსაკრავი გუნდი. ის მეათე ადგილზეა და, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგაში ახალია, ბევრ გუნდს აჯობა. მათ შორის არიან „სანდერლენდი“, ბოლტონი“ და მასავით ახალაღზევებულები „ქუინზ პარკი“ და „სუონსი“. თუმცა, „ნორვიჩის“ ყველაზე თვალშისაცემი შედეგი, ალბათ, მაინც „ენფილდზე“ „ლივერპულთან“ 1:1 იყო.

ახლა, „ლივერპულისა“ და „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ თამაშზეც ვთქვათ. მერსისაიდელები მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ახალაღზევებულ გუნდებთან სუსტად თამაშობენ. ახლა ვამბობდით, „ენფილდზე“ „ნორვიჩთან“ ფრედ ითამაშესო, მაგრამ არც „სუონსისთან“ გაულაღებიათ. იქნებ, დასავლეთლონდონელებთან“ მოახერხეონ უკეთესად თამაში. ისე კი, მართლა საინტერესოა, გუნდი, რომელმაც ორჯერ მოუგო „ჩელსის“ (პრემიერლგასა და „ქარლინგის თასზე“) და ფრედ ითამაშა მანჩესტერის ორივე გუნდთან შარშანდელ ჩემპიონშიფელებთან რატომ უნდა კარგავდეს ქულებს?

„წითლების“ თავს კიდევ ერთი ცუდი ამბავი დატრიალდა, ლუკას ლეივა ისე დაშავდა, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ამან გზა გაუხსნა ჯონჯო შილვის, რომელიც მერსისაიდელებს „ბლექპულში“ ჰყავდათ გაქრავებული, სადაც თავი გამოიჩინა და ახლა „ენფილდზე“ დაბრუნდება.

ინგლისის ერთ-ერთ უდიდეს გუნდთან თამაშის წინ „რეინჯერსის“ თავკაცი ნილ უორნოკი ამბობს: „პრემიერლიგაში ყოფნა იმიტომ გვანიჭებს უდიდეს სიამოვნებას, რომ ასეთი შეხვედრები გვიწევს. „ენფილდზე“ გასვლა და „ლივერპულთან“ შეჯიბრება ერთ რამედ ღირს“.

სხვათაშორის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „რეინჯერსმა“ ამ სეზონში „ჩელსის“ მოუგო, 1:0, თუმცა, მას შემდეგ გუნდმა ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა.

„ჩელსის“ კი ამ ტურში დასავლეთლონდონურ დერბიზე გაცილებით სერიოზული თამაში ელის - ორშაბათს, საქართველოში შუაღამე რომ დადგება, „მანჩესტერ სიტის“ უნდა უმასპინძლოს. „ლურჯებისთვის“ ეს გახლავთ დიდებული შანსი, დაამტკიცონ, რომ ხმები მათი „გარდაცვალების“ შესახებ გადაჭარბებულია. თან, ხომ არ დაგავიწყდათ, ლონდონელებმა სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს - 3:0 დაამარცხეს ისეთი მეტოქე, როგორიც ესპანეური „ვალენსიაა“. ამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ზოგადადაც დიდებულად ითამაშა დიდიე დროგბამ.

„ჩვენი ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში, წინამორბედების მსგავსად განსაკუთრებული სიძლიერის გუნდის შექმნას ცდილობს - თქვა 33 წლის კოტ დ’ივუარელმა - მან რამდენიმე ახალი მოთამაშე მოიყვანა და ჩვენ, „ბებრები“ მათ გამოჩენას უნდა შევეგუოთ. რასაკვირველია, სრულყოფილებამდე კიდევ შორია. დიდ შეჯიბრებაში, მაგალითად ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას დიდი კლასი და იღბალი სჭირდება. ჩვენ საკუთარი იღბალი თავად უნდა გამოვჭედოთ. თუ მომავალშიც ისე განვაგრძობთ, როგორც „ვალენსიასთან“ ვითამაშეთ, ყველაფერი შესაძლებელია“.

ისტლენდელებთან შეხვედრაში ვერ ითამაშებს ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიზი, რომელმაც წინა ტურში, „ნიუკასლ იუნაიტედთან“, სეზონის მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო. „სიტის“ შემადგენლობაში, როგორც ჩანს მიკა რიჩარდსი არ ითამაშებს.

საინტერესოა, შეძლებს თუ არა „სიტის“ აფრო-იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი ამ სეზონში თავისთვის მეათე შეხვედრაში მეათე გოლის გატანას... თუ ითამაშებს, რასაკვირველია.

ცოტა რამ ისტორიიდან: შინ, „მანჩესტერ სიტისთან“ „ჩელსის“ თამაშების 50 პროცენტი მოგებული აქვს. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. სხვა სიტყვებით, ამ ორ გუნდს შორის ლონდონში გამართულ 68 შეხვედრაში „ლურჯებმა“ 34 მოიგეს. „სიტიმ“ „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარებული შეხვედრების 20 პროცენტში გაიმარჯვა. გოლების მხრივ საქმე ასეა: „ჩელსის“, ლონდონში, „სიტისთვის“, საშუალოდ, თამაშში 1,7 გოლი აქვს გატანილი, „სიტის“ კი „ჩელსისთვის“ 1,1.

ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური
დღეს
არსენალი-ევერტონი 19:00
ტრავმა: მაიაჩი, დიაბი, ჯენკინსონი, გიბზი, სანია, უილშირი - საა, დრენტე ენიჩიბე

ბოლტონი-ასტონ ვილა 19:00
ტრავმა: რაილი, რიკეტსი, გარდნერი, ჰოლდენი, ლი, მირსი, შ. დევისი - გივენი, ჯენასი, ლიჩაი
დისკვალიფიკაცია: უიტერი (ბოლტონი)

ლივერპული-ქუინზ პარკი 19:00
ტრავმა: ლუკასი, ჯერარდი - მერფი, კენი, დ. ჯ. კემპბელი, კონორი, დაიერი, ჰალსი
დისკვალიფიკაცია: სპირინგი (ლივერპული)

მანჩესტერ იუნაიტედი-ვულვზი 19:00
ტრავმა: ერნანდესი, ბერბატოვი, ფაბიო, რაფაელი, ანდერსონი, ოუენი, კლევერლი (ყველა მანჩესტერ იუნაიტედი)

ნორვიჩი-ნიუკასლი 19:00
ტრავმა: აიალა, დე ლაეტი, ვუგანი, უორდი - კოლოჩინი, ს. ტეილორი, ტიოტე, მარვო

სუონსი-ფულჰემი 19:00
ტრავმა: რანგელი, გრემი, ტატე - მერფი, ს. დევისი, სიდუელი, დაფი, გრიგერა, სა
დისკვალიფიკაცია: ალენი (სუონსი)

ვესტ ბრომვიჩი-უიგანი 19:00
ტრავმა: გერა - კირკლენდი

ხვალ:
სანდერლენდი-ბლექბერნი 17:30
ტრავმა: გორდონი, უიკჰემი, მინოლე, კემპბელი - ნზონზი, ოლსონი, გრელა. რ. ნილსენი
დისკვალიფიკაცია: კეტერმოლი (სანდერლენდი)

სტოკი-ტოტენჰემი 20:00
ტრავმა: სიორენსენი, სიდიბე - როუზი, დოს სანტოსი, კრანჩარი, ჰადლსტოუნი, დოუსონი

ზეგ
ჩელსი-მანჩესტერ სიტი 24:00
ტრავმა: მაკეჩრანი, ესიენი - კოლაროვი
დისკვალიფიკაცია: ლუიზი (ჩელსი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 14 12 2 0 48-13 38
2. იუნაიტედი 14 10 3 1 31-13 33
3. ტოტენჰემი 13 10 1 2 29-16 31
4. ჩელსი 14 9 1 4 31-17 28
5. არსენალი 14 8 2 4 30-23 26
6. ნიუკასლი 14 7 5 2 19-15 26
7. ლივერპული 14 6 5 3 17-13 23
8. სტოკ სიტი 14 5 3 6 14-23 18
9. ასტონ ვილა 14 3 7 4 16-18 16
10. ევერტონი 13 5 1 7 15-17 16
11. ნორვიჩი 14 4 4 6 20-26 16
12. ქუინზ პარკი 14 4 4 6 15-25 16
13. ფულჰემი 14 3 6 5 16-16 15
14. ვესტ ბრომვიჩი 14 4 3 7 13-21 15
15. სუონსი 14 3 5 6 14-20 14
16. ვულვზი 14 4 2 8 15-24 14
17. სანდერლენდი 14 2 5 7 16-17 11
18. ბლექბერნი 14 2 4 8 21-32 10
19. ბოლტონი 14 3 0 11 19-34 9
20. უიგანი 14 2 3 9 12-28 9

ბომბარდირები
14 - ვან პერსი (არსენალი); 11 - აგუერო (სიტი); 10 - ჯეკო (სიტი); 9 - ბა (ნიუკასლი), რუნი (იუნაიტედი), იაკუბუ (ბლექბერნი); 7 - ადებაიორი (ტოტენჰემი), ბალოტელი (სიტი), სტარიჯი (ჩელსი); 6 - დეფო (ტოტენჰემი), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), ერნანდესი (იუნაიტედი), კლასნიჩი (ბოლტონი), ლემპარდი (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული